ღირსეული შრომის პლატფორმა: გონიოში სასტუმროს მშენებელ მუშებს 27 000 ლარის მოპარულ ხელფასს არ უხდიან

3 თებ, 2021

 ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება გონიოში სასტუმროს მშენებლობის პროცესში დასაქმებული თორმეტი პირისთვის კომპანია შპს ,,ლაბაუ გონიოს“ მიერ კუთვნილი შრომითი ანაზღაურების არ გადახდის, ხელფასის მოპარვის ფაქტს.

თორმეტი დასაქმებული დაახლოებით ორი წლის განმავლობაში შპს ,,ლაბაუ გონიოს“-თან დადებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ჩართული იყო გონიოში სასტუმროს მშენებლობის პროცესში.  მშრომელები აცხადებენ, რომ სამუშაოების შესრულების მიუხედავად, დამსაქმებელი კომპანია მათ კუთვნილ ხელფასებს დღემდე არ უხდის. დასაქმებულების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება დღეის მდგომარეობით დაახლოებით 27 000 ლარს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ დავალიანების არსებობის ფაქტს კომპანიის ადმინისტრაცია არ უარყოფს, თუმცა მიუთითებს, რომ დასაქმებულებს ეს თანხა სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურების გამო გაუქვითეს.[1]

აღნიშნულის საპირისპიროდ, დასაქმებულები მიუთითებენ, რომ სამუშაოების გაჭიანურება განპირობებული იყო დამსაქმებლის ბრალით, ვინაიდან კომპანია დასაქმებულებს დროულად არ აწვდიდა სამშენებლო მასალებს და ინვენტარს, შესაბამისად კომპანიის მითითება დასაქმებულების ბრალეულობით სამუშაოს გაჭიანურებაზე და ამ მიზეზით ხელფასის დაქვითვა არ შეესაბამება სიმართლეს.

მითითებული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოში ფართოდ გავრცელებული მოპარული ხელფასის[2] პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითს, როდესაც დამსაქმებლები მშრომელებს უკანონოდ არ უხდიან/პარავენ მათ კუთვნილ შრომის ანაზღაურებას.

ღირსეული შრომის პლატფორმის მიერ, მშრომელებისთვის შექმნილი ინსტრუმენტის, მოპარული ხელფასის გამომთვლელის მონაცემებიც  წარმოაჩენს, რომ სამწუხაროდ  კომპანია შპს ,,ლაბაუ გონიოს“ ქმედება დასაქმებულთათვის კუთვნილი ანაზღაურების მიუცემლობაზე არ წარმოადგენს განცალკევებულ შემთხვევას და  დამსაქმებლების მიერ ასეთი პრაქტიკა ნორმალიზებულია.

Მოპარული ხელფასის გამომთველის პირველადი მონაცემების თანახმად, რომელიც 2709 დასაქმებულმა შეავსო, დასაქმებულთა 87% დასაქმების ადგილზე მოპარული ხელფასის მსხვერპლია და მათი წლიური ჯამური მოპარული ხელფასის ოდენობა 21,756,487 ლარს უტოლდება, რაც 1 დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 8,031, ხოლო თვიურად 669 ლარს წარმოადგენს.[3]

შპს ,,ლაბაუ გონიოს“-თან უშედეგო მოლაპარაკების შემდგომ, დასაქმებულებმა კომპანიისგან კუთვნილი შრომითი ანაზღაურების (მოპარული ხელფასის), დაახლოებით 27 000 ლარის მისაღებად სასამართლოს მიმართეს. მათ ინტერესებს სასამართლოში, ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. სამართლებრივი დავის დაწყების მიუხედავად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, არ დაელოდოს სასამართლოში საქმის განხილვას და დასაქმებულებს არსებული დავალიანება გადაუხადოს.

ხაზგასასმელია, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული რეფორმის შედეგად, შრომის ინსპექციას გააჩნია მანდატი, დასაქმების ადგილზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შრომის უსაფრთხოებასთან ერთად შეამოწმოს შრომითი კანონმდებლობით დაცული ნებისმიერი სტანდარტის დაცვა და სამუშაო ადგილზე შრომითი კანონმდებლობის დარღვევის, მათ შორის მოპარული ხელფასის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს დამსაქმებელს მშრომელთა შრომითი უფლებების აღსადგენად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ოვუწოდებთ შრომის ინსპექციას სისტემური მუშაობა დაიწყოს საქართველოში დამსაქმებლების მიერ მშრომელთა შრომითი ანაზღაურების უკანონოდ მითვისების (მოპარული ხელფასის) პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და  ახალი მანდატის ფარგლებში სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა შრომითი უფლებების შემოწმებისას, ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახოს იმ დამსაქმებელთა გამოვლენა და სამართლებრივი პასუხიმგებლობა, რომელთაც  ნორმალიზებული აქვთ მოპარული ხელფასის პრაქტიკა სამუშაო ადგილზე.

Ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“

ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“

ღია საზოგადოების ფონდი-საქართველო


[1]https://batumelebi.netgazeti.ge/news/315756/?fbclid=IwAR1snhGjD62vDDUSCyDrnNeMSk_AZKVmkU4QyAN_Zxg-1kMgj9FnDS4Gz8U

[2] მოპარული ხელფასი წარმოადგენს შრომითი კანონმდებლობის დარღვევას, რა დროსაც დამსაქმებელი დასაქმებულს არ უხდის (პარავს) მის კუთვნილ შრომის ანაზღაურებას, რაც შრომის კანონმდებლობის სხვადასხვა სახის დარღვევაში გამოიხატება, მაგალითად აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის უკანონო დაქვითვა, ჩაის ან სხვა კუთვნილი ანაზღაურების არ გადახდა და ა.შ

[3]მოპარული ხელფასის გამომთვლელის პირველადი მონაცემების სანახავად: http://shroma.ge/news/wage-theft-first-data/

Share via
Copy link
Powered by Social Snap