რა არის სამუშაო დრო
საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, სამუშაო დროში ითვლება დროის ის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული ასრულებს თავის მოვალეობებს, ახორციელებს თავის საქმიანობას დამსაქმებლის განკარგულების პირობებში.
ზოგჯერ დასაქმებულის მოვალეობაა უშუალოდ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებამდე დაელოდოს რაიმე მოვლენის დადგომას. მაგალითად, მეხანძრე – გამოძახებას, ან მოლარე, რომელიც არის სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის განკარგულებაში, მზად არის მოემსახუროს მყიდველს და ელოდება მას, აღნიშნული ლოდინის დრო არის სამუშაო დრო და უნდა ანაზღაურდეს.
ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც დასაქმებულებს უწევთ სამუშაოსთვის მოსამზადებელი მოქმედებების განხორციელება, რომელიც ასევე უნდა ანაზღაურდეს. მაგალითად, თუ პირი მანქანა-დანადგარებზე მუშაობს, ტექნიკის შემოწმებისა და მისი ჩართვისთვის განკუთვნილი პერიოდი სამუშაო დროა და უნდა ანაზღაურდეს. ისევე როგორც მეშახტისთვის ის დრო, რომელიც მას შახტში ჩასასვლელად ან სპეციალური აღჭურვილობის ჩასაცმელად სჭირდება.
ესე იგი, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დამსაქმებლის განკარგულების პირობებში ნებისმიერი მოვალეობის შესრულების პერიოდი ითვლება სამუშაო დროდ და უნდა ანაზღაურდეს.
გახსოვდეთ, შრომის ხელშეკრულების შინაარსი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სამუშაო დროის რეგულირებას.
რა არის ნორმირებული სამუშაო დრო?
რა არის ნორმირებული სამუშაო დრო?
შრომით ურთიერთობაში სამუშაო დრო მნიშვნელოვანია არამარტო იმიტომ, რომ როგორც წესი, მასზეა დამოკიდებული შრომის ანაზღაურება, ასევე იმიტომ, რომ იგი პირდაპირ უკავშირდება დასაქმებულის ჯანმრთელობას.
არაგონივრულად ხანგრძლივმა სამუშაო დრომ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირის შრომით უნარებზე, გამოიწვიოს გადაღლა, რაც უარყოფითად აისახება დასაქმებულის ჯანმრთელობაზე.[1] ამასთან, დასაქმებულს უნდა მიეცეს საშუალება კავშირი იქონიოს გარე სამყაროსთან, იზრუნოს საკუთარი ცხოვრების სხვა ასპექტების განვითარებაზეც, მოახდინოს კარიერული თუ პროფესიული და პირადი ცხოვრების დაბალანსება. ამიტომ, სახელმწიფო დასაქმებულის დაცვის მიზნით კანონმდებლობით ახდენს სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვას.
ნორმირებული სამუშაო დრო არის სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დროის ის ოდენობა, რომლის მიღმაც სამუშაოს შესრულება დასაქმებულისთვის არის ნებაყოფლობითი. არავის აქვს უფლება დასაქმებული აიძულოს არანორმირებული სამუშაო დროის განმავლობაში იმუშაოს (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა).
რამდენია ნორმირებული სამუშაო დრო?
საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა სრულწლოვანი პირისთვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს (საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი). საქართველოს კანონმდებლობა განსხვავებულ წესს ადგენს სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის, სადაც ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალს.
16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს.
14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს.
როგორ მოვიქცე თუ ჩემი სამუშაო დრო აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს?
ნორმირებული სამუშაო დროზე მეტი დროით სამუშაოს შესრულება არის ნებაყოფლობითი. გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა დასაქმებულს უფლება აქვს არ იმუშაოს ნორმირებულ სამუშაოზე დროზე მეტი.
ნორმირებულ სამუშაო დროის მიღმა შესრულებული სამუშაო ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ. შესაბამისად, ასეთ სამუშაოზე უნდა გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და პირობები.
სამუშაო დროში ითვლება თუ არა სავალდებულო ტრენინგებში და სწავლებებში მონაწილეობა?
ხშირად დამსაქმებელი დასაქმებულებს ავალდებულებს სხვადასხვა ტრენინგებში და სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობას არასამუშაო დროს, ანაზღაურების გარეშე. მსგავსი ქმედება უკანონოა, რადგან თუ პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა სასწავლო კურსში დასაქმებულის მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი, ამ კურსში დასაქმებულის მონაწილეობა სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება.
დამსაქმებლის ეს ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით. (საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი)
ზეგანაკვეთური სამუშაო
რა არის ზეგანაკვეთური სამუშაო და შეუძლია თუ არა დამსაქმებელს მომთხოვოს ზეგანაკვეთური მუშაობა?
ზეგანაკვეთურია ისეთი სამუშაო, რომელსაც დასაქმებული ასრულებს ნორმირებული სამუშაო დროის მიღმა. მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ კვირაში 40 საათს და დამსაქმებელთან შეთანხმებით იმუშავეთ ერთი კვირის განმავლობაში 44 საათი, 4 საათი არის ზეგანაკვეთური და იგი უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ტარიფით.
ზეგანაკვეთურია ასევე უქმე დღეებში შრომა.
მაგალითად, თუ დამსაქმებელი გთხოვთ სამუშაოს შესრულებას საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლით დადგენილ რომელიმე უქმე დღეს და თქვენ ასეთ სამუშაოს, ასეთი შრომა არის ზეგანაკვეთური და იგი უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად.
როდის უნდა შემატყობინონ ზეგანაკვეთური შრომის საჭიროებაზე და ზეგანაკვეთური შრომა ნებაყოფლობითია?
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარ 1 კვირით ადრე შეგატყობინოთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ.
ზეგანაკვეთური შრომა არის ნებაყოფლობითი გარდა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი გამონაკლისი ორი შემთხვევისა. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურებით. (საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტი)
როგორ უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური შრომა?
შრომის კოდექსი ზუსტად არ განსაზღვრავს, რა ტარიფით უნდა ანაზღაურდეს დამსაქმებლის მიერ ზეგანაკვეთური შრომა. ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობაზე მხარეები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ კონკრეტული ტარიფის შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრით. თუმცა გახსოვდეთ, რომ ზეგანაკვეთური შრომა აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს ჩვეულებრივი საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. თუ რამდენით იქნება გაზრდილი ოდენობა ამას თავად მხარეები განსაზღვრავენ. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მხარეები ამ საკითხზე არ შეთანხმდებიან ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობას დავის შემთხვევაში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს სასამართლო. ამჟამად არსებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ზეგანაკვეთურ ანაზღაურების ტარიფზე კონკრეტული შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში ზეგანაკვეთურის ანაზღაურება, ჩვეულებრივი საათობრივი ტარიფის ორმაგი ოდენობით (200%-ით) განისაზღვრა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №ას-44-2021 )
შეიძლება თუ არა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ნაცვლად დასვენების დრო მოვითხოვო?
დამსაქმებელთან შეთანხმებით დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შეიძლება მიეცეს პროპორციული დამატებითი დასვენების დრო. ასეთი დრო დასაქმებულს უნდა მიეცეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები სხვა რამეზე შეთანხმდებიან.
შესვენების და დასვენების დრო
შესვენების დრო
სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო. შესვენების დროის ზუსტ განმარტებას საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა.
შესვენება საშუალებას აძლევს დასაქმებულს, დაისვენოს სამუშაო დღის მოკლევადიანი წყვეტით შრომის შუალედში. მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ იმ პრინციპით, რომ დაუშვებელია დასაქმებულმა იმუშაოს ხანგრძლივად შესვენების გარეშე.
შესვენების გამოყენების დროზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ გამოიყენებს მისთვის განკუთვნილ შესვენების დროს, მას არ ეძლევა სამუშაო ადგილის განსაზღვრულზე ადრე მიტოვების უფლება.
დასაქმებული ვალდებულია შესვენება სწორედ შეთანხმებულ პერიოდში გამოიყენოს.
დასაქმებულს უფლება აქვს შესვენების დრო სურვილისამებრ განკარგოს. დამსაქმებელმა დასაქმებულისთვის უნდა უზრუნველყოს შესვენების დროის ადეკვატურად გამოყენების საშუალება.
საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, შესვენების უფლება იმ დასაქმებულს წარმოეშობა ვისი სამუშაოს ხანგრძლივობაც დღის განმავლობაში 6 საათს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ შესვენების დრო მხარეთა შეთანხმებით უნდა განისაზღვროს, კანონმდებლობა ადგენს მინიმალურ სტანდარტს, რომლისგან გადახვევაც დაუშვებელია. კერძოდ, იმ დასაქმებულს, ვისი სამუშაო დღეც არანაკლებ 6 საათიანია, უნდა მიეცეს შესვენება სულ მცირე 60 წუთი.
ხოლო მეძუძურ ქალს, რომელიც კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, დღის განმავლობაში უნდა მიეცეს დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის არანაკლებ 1 საათის ოდენობით. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და უნდა ანაზღაურდეს.
შესვენება უმნიშვნელოვანესია დასაქმებულთა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის. სწორედ ამიტომ, ამ წესის უგულებელყოფა დაუშვებელია.
დასვენების დრო
სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის დასაქმებულს უნდა ჰქონდეს დასვენების დრო, რომლის უწყვეტი ხანგრძლივობაც არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
ამ დასვენების დროის გარდა დამსაქმებელი ვალდებულია 7 დღიანი პერიოდის განმავლობაში დასაქმებული უზრუნველყოს უწყვეტი 24 საათიანი დასვენების პერიოდით. ე.ი. შვიდი დღის მანძილზე ერთი სრული დღე მაინც დასაქმებულს უნდა ჰქონდეს დასვენებისთვის.
დასვენების დრო არ ითვლება სამუშაო დროში და არ ანაზღაურდება.
გახსოვდეთ, დასვენების დროს აუცილებლად უნდა არეგულირებდეს შრომის ხელშეკრულება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელს შეუთანხმოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო.
სამუშაო დროის აღრიცხვა
სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება
დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს აღწეროს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
ყველა დასაქმებულს უფლება აქვს იცოდეს, რამდენი შეადგინა თვის განმავლობაში მის მიერ ნამუშევარმა დრომ, რათა შრომის ანაზღაურების ოდენობის გამოთვლის სისწორის გადამოწმება თავადაც შეძლოს.
დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის აღწერის დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.
გახსოვდეთ, დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად შესრულებული დრო და აღწერის დოკუმენტში მითითებული დრო უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. არავის აქვს უფლება არასწორი მონაცემები შეიყვანოს სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტში.
სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან/და პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში.[1]
სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, როგორც ყოველთვიური დოკუმენტი, საბოლოო წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შევსებული და ხელმოწერილი 1 წლის განმავლობაში ინახება დამსაქმებელთან ან მის მიერ განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/პირთან.[2]
სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ. ამასთან დამსაქმებელს თავადაც აქვს უფლება განსაზღვროს როგორი ფორმით და სიხშირით აღრიცხავს სამუშაო დროს.
გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, დასაშვებია სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესის შემოღება.
სამუშაო პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, დასაშვებია სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესის შემოღება. (საქართველოს შრომის კოდექსის 26-ე მუხლი);
[1] სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge)
[2] სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge)