გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი რეორგანიზაციის პროცესი
თეატრის ოფიციალური პოზიციის თანახმად, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო შტატების რეორგანიზაცია, ბიუჯეტის რესტრუქტურიზაცია-ოპტიმიზაცია და საჭიროების შემთხვევაში შტატების შემცირება, თუმცა თეატრის მხრიდან არ გაკეთებულა განმარტება რეორგანიზაციის ან/და კადრების შემცირების საჭიროების მიზეზებზე. შრომითი კანონმდებლობის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა გათავისუფლება უკანონოა თუ არ საბუთდება რეორგანიზაციის საჭიროება ეკონომიკური თუ სხვა მიზეზების გამო.[1] მითითებულ შემთხვევაში კი, თეატრს მსგავსი საჭიროება არ დაუსაბუთებია. პირიქით, 2022 წელს თეატრის საბიუჯეტო დაფინანსება, წინა წელთან შედარებით 92 700 ლარით გაიზარდა. ამასთან, რეორგანიზაციის პროცესი თეატრის თანამშრომელთა და პროფესიულ კავშირებთან ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტაციის გარეშე წარიმართა, რაც ასევე ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას.[2]
კადრების შემცირება/შტატგარეშე პოზიციაზე გადაყვანა
რეორგანიზაციის შედეგად თეატრის თანამშრომელთა რაოდენობა 56-დან 46-მდე შემცირდა, რაც ძირითადად მსახიობებს შეეხოთ. ამასთან, დამოუკიდებელი პროფკავშირების “გილდიას” ინფორმაციით, რეორგანიზაციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციამ რამდენიმე თანამშრომელს სამსახურიდან წასვლა პირადი განცხადების საფუძველზე მოსთხოვა. ასევე დაუსაბუთებელია თეატრის გადაწყვეტილება შტატგარეშე, მოწვეული მსახიობის ხელშეკრულება დაედო მსახიობთა ნაწილისთვის, რის შედეგადაც ამ პირების შრომითი ურთიერთობის სტაბილურობა, შრომითი პირობები და თანმდევი სოციალური გარანტიები არსებითად გაუარესდა.
არათანაბარი შრომითი ანაზღაურება/ხელფასის შემცირება
რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც შტატგარეშე პოზიციაზე გადაიყვანეს ასევე ცალმხრივად შემცირდა შრომის ანაზღაურება. ამის პარალელურად გაიზარდა სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის ხელფასები. ასევე, დაუსაბუთებელია ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ პირებს შორის მკვეთრი სახელფასო სხვაობა, რაც თეატრში პროფესიული შეფასებისა და რანგირების სისტემის არარსებობის პირობებში, არაგანჭვრეტადი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს აჩენს.
მოკლევადიანი უკანონო შრომითი ხელშეკრულებები
ასევე შემაშფოთებელია თეატრში მოკლევადიანი ხელშეკრულებების დადების პრაქტიკა, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას. კერძოდ, რეორგანიზაციის შემდეგ თეატრის თანამშრომელთა მნიშვნელოვან ნაწილთან 8 თვიანი შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს, რომელიც უკიდურესი გამონაკლისების გარდა დაუშვებლად მიიჩნევს 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას.[3] ხაზგასასმელია, რომ კულტურის სფეროში შრომითი უფლებების დარღვევა საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რაც ხშირად სფეროსა და მასში დასაქმებული პირების სამუშაო სპეციფიკით იფარება და მასზე სათანადო რეაგირება არ ხდება. სამწუხაროდ, თუმანიშვილის თეატრში მიმდინარე პროცესები არ წარმოადგენს კულტურის სფეროში შრომითი უფლებების დარღვევის ერთეულ და იზოლირებულ შემთხვევას და ამ სფეროში იმ უკანონო საკადრო წმენდის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც კულტურის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ გააქტიურდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს სსიპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრში“ დასაქმებულ პირებს და მათთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით მოითხოვს:
- თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს თეატრში არსებული შრომითი ხელშეკრულებებისა და შრომითი პირობების შრომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა, ამ მიზნით, მათ შორის, აქტიური კონსულტაცია და თანამშრომლობა დაიწყოს დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან.
- სსიპ “შრომის ინსპექციის სამსახურმა” დაუყოვნებლივ შეისწავლოს თუმანიშვილის თეატრში არსებული შრომითი პირობები (მათ შორის, მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების კანონიერება) და თეატრში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით გასცეს შესაბამისი მითითებები.
ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
- თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;
- პროფკავშირების ახალი გაერთიანება (NCIU).
[1] რეორგანიზაცია მართლზომიერია, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე“ (სუსგ Noას-194-185-2016, 29.07.2016 წელი). [2] შრომის კოდექსის 79-ე მუხლი. [3] შრომის კოდექსის მე-12 მუხლი;მოკლევადიანი შრომის ხელშეკრულების დადების საჭიროება ვერ საბუთდება ვერც “პროფესიული თეატრის შესახებ კანონის” სპეციალური დათქმებით შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. იხ. მუხლი 10(3-დ), https://matsne.gov.ge/ka/document/view/1900035%C2%A02?publication=5
ფოტო © თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის Facebook გვერდი.