ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “ერთობა 2013”-ის მიერ კოლექტიურ შრომითი დავის ანონსს და და სოლიდარობას უცხადებს მეტროს თანამშრომელთა სამართლიან მოთხოვნას შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით.
2022 წლის 24 ნოემბერს, მეტროს თანამშრომელთა მოთხოვნების განსახილველად შეთანხმებულ შეხვედრაზე, დაპირების მიუხედავად არ გამოცხადდა მეტროს დირექცია. აღნიშნულის საპასუხოდ, 29 ნოემბერს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა ერთობა-2013-მა, თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების 20%-იანი ზრდის მოთხოვნით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კოლექტიური შრომითი დავის დაწყების შესახებ შეატყობინა. ანონსის გამოცხადების წინა ღამით, კომპანიამ პროფკავშირთან შეხვედრისა და გარკვეული შეთავაზების განხილვის ინიციატივა გამოთქვა. შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა პროფკავშირი შრომითი დავის პროცედურას.
მეტროს თანამშრომელთა მოთხოვნა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქსტატის ოფიციალური მონაცემებითაც, ქვეყანაში არსებითად იზრდება ინფლაცია. პროფესიული კავშირის მოთხოვნა ანაზღაურების 20%-იან ზრდასთან დაკავშირებით, სწორედ ყოველდღიური სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდასთანაა ბმაში და მშრომელთა პირველადი ცხოვრებისეული საჭიროებების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.
2018 წლის ზაფხულში დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის მიერ ორგანიზებულმა წარმატებულმა გაფიცვამ, მეტროს თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდა გამოიწვია. თუმცა, სატრანსპორტო კომპანიაში დღეს არსებული ხელფასები, კვლავ ვერ უზრუნველყოფს უმეტესად მიწის ქვეშ, მძიმე გარემოში მშრომელი ადამიანებისთვის ადეკვატური ანაზღაურების მიცემას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის 4 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად ცნო მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც იმ ნორმების კონსტიტუციურობას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც, მეტროს პროფესიულ კავშირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე, ჯერ 2018 წლის 1 მაისს 30-დღით, ხოლო 2018 წლის 18 მაისს უვადოდ შეეზღუდა გაფიცვის უფლება.
მეტროს თანამშრომლების (კონტროლიორები, საგუშაგოს მორიგეები და ა.შ) დიდი ნაწილის შრომის ანაზღაურება 700-900 ლარით შემოიფარგლება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყანაში ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელ საცხოვრებელი ხელფასის ოდენობას, რომელიც, საერთაშორისო კვლევებით, საქართველოსთვის თვეში 1770 ლარს უნდა უტოლდებოდეს.
ღირსეული შრომის პლატფორმა, მხარდაჭერას უცხადებს მეტროს თანამშრომლებს, სამართლიანად მიჩნევს მათ მოთხოვნას შრომის ანაზღაურების 20%-ით ზრდაზე და მოუწოდებს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობას:
უზრუნველყოს დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან რეალური თანამშრომლობა და მათთან ეფექტური შემათანხმებელი პროცედურების გზით, მეტროს თანამშრომელთათვის ღირსეული ანაზღაურების გადახდა.
პლატფორმის წევრი ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი-სოლიდარობის ქსელი;
- ღია საზოგადოების ფონდი