ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება ბათუმის საქალაქო სასამართლოში 3 სოციალური მუშაკის საქმის განხილვის გაჭიანურებას და მოუწოდებს სასამართლოს, დროულად განიხილოს მათი შრომითი დავები.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის 29 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს 33 სოციალურ მუშაკს (მათ შორის უფროს სოციალურ მუშაკებს) რეორგანიზაციის შედეგად შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა, მათმა დიდმა ნაწილმა შრომითი სამართლებრივი დავა, უკანონო გათავისუფლების წინააღმდეგ, უკვე წარმატებით დაასრულა.[1]
ამ პრაქტიკისაგან განსხვავებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სამი სოციალური მუშაკის შრომითი დავის განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა. მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) აჭარის ფილიალის დახმარებით სარჩელით სასამართლოს ჯერ კიდევ 2020 წლის 11 მარტს მიმართეს.
მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო შრომითი დავებს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში განიხილავს, თუმცა სარჩელის შეტანის შემდეგ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგაც მათ საქმეზე სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ არის ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ სოციალური მუშაკების გათავისუფლების ბრძანებები არ შეიცავდა არავითარ სამართლებრივ დასაბუთებას. შესაბამისად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ სასამართლო დავა მათ სასარგებლოდ დასრულდეს. ამას ამყარებს სხვა სოციალური მუშაკების ანალოგიური დავების განხილვისას ჩამოყალიბებული პოზიტიური პრაქტიკაც.[2] სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ სასამართლო აღნიშნულ საქმეებში დავის განხილვის ყველა გონივრულ ვადას არღვევს და სოციალური მუშაკებისთვის ეფექტური მართლმსაჯულების გზით მათი შრომითი უფლებების აღდგენის ნაცვლად, ახანგრძლივებს შრომითი უფლებების დარღვევას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უზრუნველყოს გათავისუფლებული სოციალურ მუშაკების საქმის დროული და სამართლიანი გადაწყვეტა და ამ მიზნით დროულად ჩანიშნოს სასამართლო სხდომები.
პლატფორმის წევრი ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;
- ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საიამ და სოლნეტმა გათავისუფლებული სოციალური მუშაკების 18 საქმე წარმატებით დაასრულა, https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentrma-saiam-da-solnetma-gatavisuflebuli-sotsialuri-mushakebis-18-sakme-tsarmatebit-daasrula
[2] იქვე.