„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“ 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროსთან აქციას გამართავს და ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებით მიმართავს. ამის შესახებ პროფკავშირების ახალი გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი თქმით, საქართველოში მშრომელი ადამიანები კვლავ დაუფასებელნი არიან, ხოლო, მიუხედავად წარმატებული პროფკავშირული საქმიანობისა და ბრძოლისა მთავრობა სოციალურ პარტნიორად მხოლოდ არადემოკრატიულ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას“ მიიჩნევს, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი პეტრიაშვილია.
„ქვეყანაში მინიმალური ხელფასი კვლავ თვეში 20 ლარია. არსებობს პროფესიები, სადაც კვირაში 48 საათიანი შრომის მიუხედავად კომპანიები მშრომელებს ქვეყანაში არსებულ ზღვრულ საარსებო მინიმუმზე დაბალ თვიურ ანაზღაურებას უხდის (მაგ: სანიტრები – თვეში 147 ლარი). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფკავშირის ბრძოლის შედეგად მთავრობამ წინ გადადგა პირველი ნაბიჯი და ექთნებისა და ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურების სტანდარტის დაწესებით გაზარდა მათი ხელფასები, განსაკუთრებით რეგიონებში დასაქმებულებისთვის, ეს არაა საკმარისი და საჭიროა საქართველოში ყველა პროფესიაზე გავრცელდეს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების“ განცხადებით, ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაო პირობები ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს.
„მთელ რიგ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება. ადგილი აქვს პროფკავშირული საქმიანობის შეზღუდვას, დასაქმებულთა დისკრიმინაციას, კოლექტიური გათავისუფლებებსა და გათავისუფლებულთა პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას, რისი ნათელი მაგალითიც არის კულტურისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესები“, – წერია განცხადებაში.
„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“ ითხოვს:
- სახელმწიფომ დაიწყოს საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტის დანერგვა, ჩაანაცვლოს საარსებო მინიმუმის ხელფასის დათვლის მოძველებული მეთოდოლოგია, რომელიც არც 30 წლის წინ და არც ახლა არ აკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებებს.
*საცხოვრებელი ხელფასი გულისხმობს მშრომელთა ანაზღაურების ისეთ სტანდარტს, რომელიც უზრუნველყოფს „სულ მინიმუმ ბაზისური, თუმცა ღირსეული ცხოვრების პირობებს, რაც საზოგადოების მიმდინარე ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისი იქნება. მშრომელები და მათი ოჯახები უნდა ცხოვრობდნენ სიღარიბის ზღვარს ზემოთ და შეძლონ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.
- დაინერგოს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი ყველა სფეროში დასაქმებულებისთვის, რადგან 24 წლის წინ მიღებული მინიმალური ხელფასის სტანდარტი თვეში 20 ლარი საგანგაშოდ შეუსაბამოა.
- მოხდეს სამმხრივ კომისიაში, „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების“ დაშვება. დასრულდეს მთავრობისა და „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ მხრიდან ჩვენი გაერთიანების დისკრიმინაცია კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმით.
ჩვენი პროფკავშირი აერთიანებს 5 პროფესიულ კავშირს, რომლებიც არ არიან „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ წევრები. ჩვენ ვაერთიანებთ ჯანდაცვის, ზრუნვის, ტრანსპორტის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, მომსახურების და ფინანსურ სფეროებში დასაქმებულებს. დაუშვებელია ამ დასაქმებულებისა და მათი ბრძოლის იგნორირება, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც ჩვენი პროფკავშირის წევრები არიან. ახალ გაერთიანებას ერთობლივადაც და მის დამფუძნებელ ორგანიზაციებს ცალ-ცალკეც გვაქვს დიდი გამოცდილება დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მიმართულებით, ეს არის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, კანონპროექტების წერა, სასამართლო დავები თუ გაფიცვების ორგანიზება, ჩვენ ვეხმარებით ქვეყანაში სოციოეკონომიკურ და დემოკრატიულ პროგრესს.
ხელმომწერები:
🔴 „სოლიდარობის ქსელი – ჯანდაცვისა და ზრუნვის სფეროს პროფკავშირი“;
🔴 „ერთობა 2013 – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირი“;
🔴 „მეტრო პლიუსის დასაქმებულთა პროფკავშირი – მოლარეებისა და უფროსის მოლარეების გაერთიანება“;
🔴 „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“;
🔴 „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“;