ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი დაახლოებით 9%-ით გაზარდა, Wage Indicator Foundation-ის მონაცემების თანახმად.
2024 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი შეადგენდა 1858 ლარს (679 USD) თვეში, რაც წარმოადგენს ზრდას 2023 წლის ოქტომბრის მონაცემთან შედარებით, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ხელფასის ოდენობა იყო თვეში 1706 ლარი. ეს ციფრი ასახავს იმ თანხის ოდენობას, რომელიც ერთმა ადამიანმა უნდა გამოიმუშაოს ტიპიური ზომის ოჯახში (,,ტიპიურის’’ განმარტება ეფუძნება ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელს), იმ დაშვებით, რომ ოჯახში არის დაახლოებით 1.8 მარჩენალი. ეს არის ეროვნული საშუალო მაჩვენებელი. იგი ითვალისწინებს როგორც თბილისს, ასევე რეგიონებს და როგორც ,,მაღალ’’, ასევე ,,დაბალ“ მაჩვენებლებს. თბილისის მაჩვენებელი უფრო მაღალია და მერყეობს თვეში 2,120 ლარიდან 2,893ლარამდე, იმერეთის კი უფრო დაბალი – თვეში 1,482 ლარიდან 1,812 ლარამდე.
საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მშრომელებს, დაფარონ თავიანთი ძირითადი საჭიროებები და ისარგებლონ ცხოვრების ღირსეული სტანდარტით. მან უნდა მოიცვას ყველა არსებითი საჭიროება, მათ შორის, საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი და ასევე გარკვეული გაუთვალისწინებელი ხარჯები. მისი მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამსახურებრივ პოზიციაზე მუშაობით, ნორმალური სამუშაო დროის ფარგლებში. საცხოვრებელი ხელფასი არ არის ,,საარსებო ხელფასი’’, რაშიც იგულისხმება ხელფასი მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის. იგი ასევე არ არის მინიმალური ხელფასი – ყველაზე დაბალი ხელფასი, რომელიც დამსაქმებლებმა შეიძლება კანონის თანახმად გადაუხადონ დასაქმებულ პირებს. შედარებისთვის, საქართველოში ამჟამად მინიმალური ხელფასი შეადგენს თვეში 20 ლარს, რაც საარსებო მინიმუმის 1,1%-ია. მედიანური ხელფასი 2022 წელს იყო თვეში 1,040 ლარი, რაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი ყველაზე ბოლო მონაცემია. იმავდროულად, საქართველოში საარსებო მინიმუმი – შემოსავლის მინიმალური დონე, რომელიც საჭიროა საკვებისა და სხვა ძირითადი პერსონალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად ადამიანის ფიზიკური გადარჩენისათვის – 2023 წლის დეკემბერში შეადგენდა 249.70 ლარს.
უფრო მეტი ინფორმაციისათვის საცხოვრებელი ხელფასის შესახებ საქართველოში, იხილეთ.
უფრო მეტი ინფორმაციისათვის Wage Indicator Foundation-ის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, იხილეთ.