შეწყვეტილი სცენარები და ჩამქრალი სტუდიები – ჰოლივუდში სცენარისტები შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან

3 მაი, 2023

„მუშტები მაღლა, კალმები დაბლა“, „ალექსა ვერ ჩამანაცვლებს“, „ნუ გადამაქციეთ ფრილანსერად“, – ამ შეძახილებმა მოიცვა ნიუ-იორკისა და ლოს ანჯელესის ქუჩები ამერიკაში. პიკეტირებულია ჰოლივუდის გადასაღები სტუდიები. ქუჩებში ლურჯი მაისურებით, საპროტესტო წარწერებითა და შეძახილებით დემონსტრაციებს ჰოლივუდის მწერლები და სცენარისტები აწყობენ.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ინდუსტრიის, ჰოლივუდის ათასობით სცენარისტი საცხოვრებელი ხელფასის მოთხოვნით გაიფიცა. სცენარისტები პროფკავშირ „მწერალთა გილდიაში“ (Writers Guild of America, WGA) არიან გაწევრებულნი. რამდენიმეკვირიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, გუშინ, 2 მაისს WGA-ს წევრებმა  ჰოლივუდის სტუდიების პიკეტირება დაიწყეს.  მსხვილ სტუდიებთან ანაზღაურების გაზრდაზე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ 11 500 სცენარისტი დაუპირისპირდა „მხატვრული და სატელევიზიო ფილმების პროდიუსერების ალიანსს“ (AMPTP). ამ ალიანსის წევრები არიან Universal, Paramount, Walt Disney, Netflix, Amazon, Apple, CBS, Sony, Warner Bros. Discovery. ნიშანდობლივია, რომ უმრავლესობა მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების სიას ამშვენებენ.

თანამედროვე მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის მომძლავრებამ, (რაც დასაქმებულების ჩანაცვლების რეალური რისკებს შეიცავს) და აპლიკაციების შრომის განვითარებამ, მთელი რიგი პროფესიების, მათ შორის სცენარისტთა საქმიანობის შრომითი რეგულაციებიდან გამორიცხვის შესაძლებლობები შექმნა და სცენარისტები კერძო სახელშეკრულებო სფეროს მიაბა. მოგების გასაზრდელად, მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიებიც კი, მათი, როგორც დამსაქმებლის ვალდებულებების მაქსიმალურ შემცირებაზე არიან ორიენტირებულები.  სცენარისტების საქმიანობა კომპანიების  ერთჯერად საჭიროებაზე გახდა დამოკიდებული, რის გამოც მათი შემოსავალი არასტაბილურია, არ უნაზღაურდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, არ ეძლევათ საპენსიო ბენეფიტები, რაც ამერიკაში უმწვავეს მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულებს.

ტექნოლოგიური ცვლილებები შრომის ახალი ფორმების წარმოშობასთან ერთად, ბიზნესს, ტრადიციული შრომითი რეგულაციებისგან თავის არიდების ფართო არეალს უხსნის.  ამიტომ, ამერიკელი სცენარისტების პროტესტს, რომ მათი საქმიანობა შრომის კანონმდებლობით გარანტირებული სფერო გახდეს და არა გიგ ეკონომიკის (პლატფორმებით მართული ბიზნესის ეკონომიკა) ნაწილი, აუნაზღაურდეთ საცხოვრებელი ხელფასი და შეიქმნას მათი საქმიანობის დაცვის გარანტიები, მსოფლიო პრესა „იშვიათ გაფიცვად“ მიიჩნევს; მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში სცენარისტების გაფიცვა  2007-2008 წლებშიც მოხდა და 100 დღის განმავლობაში გაგრძელდა. „იშვიათ გაფიცვას“ აშუქებს მსოფლიოს წამყვანი პრესა და მედია, სცენარისტთა  მხარდასაჭერად არა ერთი მსახიობი, შოუს წამყვანი და ინდუსტრიის სხვა ცნობილი წარმომადგენელი გამოდის საჯაროდ.

შრომის ახლებური ფორმების დარეგულირების საჭიროება, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მზარდი ტენდენციაა მსოფლიოში; 2023 წლის დასაწყისიდან, გაფიცვების ტალღამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიც მოიცვა.  უკეთესი სამუშაო პირობების, სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო სამუშაოს გარანტირების ტრადიციულ მოთხოვნებს, აპლიკაციების მშრომელთა საქმიანობის სწორი, სამართლიანი და ადეკვატური რეგულირების მოთხოვნაც დაემატა. მიუხედავად ამისა, საქართველოში ტრადიციული შრომის დაცვის მექანიზმებიც სუსტია და არაეფექტური. საცხოვრებელი ხელფასის კონცეფცია, პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილი იშვიათად ხდება. მინიმალური ხელფასი 90-იანი წლების დასაწყისიდან არ შეცვლილა და თვეში 20 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, პრობლემურია გაფიცვის უფლების პრაქტიკა,  მეორე მხრივ- ამ უფლების სწორი აღქმა დამსაქმებლებში. ქართული სასამართლოს თანახმად, გაფიცვის უფლება „არასამუშაო საათებში“ მოქმედებს, ხოლო გაფიცვის პროცესის საბოტაჟად და „გარე ძალების კონტროლირებად პროცესად“ შეფასება, მიღებული პრაქტიკაა.

მიუხედავად მსოფლიოში მოთხოვნადი შრომის დაცვის ახალი ტენდენციებისა,  საქართველოში ჯერ ისევ, შრომის ტრადიციული ფორმებისა და უფლებების დაცვის და აღიარების საკითხებია მოსაგვარებელი.

 

Share via
Copy link
Powered by Social Snap