ჭიათურაში პროტესტის მე-9 დღე და შიმშილობის მე-4 დღეა. მაღაროელები უმძიმესი შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ქალაქის ქუჩებში ამ წუთებშიც მაღაროელებისა და მათი ოჯახის წევრების საპროტესტო მსვლელობაა. მაღაროელების მოთხოვნები ეხება სამუშაო გრაფიკს გეგმასა და ანაზღაურებას; შრომის უსაფრთხოებას; შვებულებას, ბიულეტენსა და დაზღვევას; საერთო საცხოვრებელს და კვების ხარისხს; მუშაობის განახლებასა და განაცდურის ანაზღაურებას. უფრო კონკრეტულ პასუხს, რას ითხოვენ მაღაროელები და რატომ არის მათი მოთხოვნები სამართლიანი „ღირსეული შრომის პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში იპოვით.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის დაწყებიდან 10 დღე გავიდა. უკვე მე-4 დღეა, რაც 10 მათგანი შიმშილობს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს მაღაროელთა მოთხოვნები.
- სამუშაო გრაფიკი, გეგმა და ანაზღაურება
მაღაროელების მიერ მედიატორისთვის წარდგენილ 14 მოთხოვნას შორის მეორე „2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნებაა“. როგორც ცნობილია, 2023 წლის 1 თებერვლიდან კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ „დროებით სამუშაო რეჟიმზეა“ გადასული. ეს რეჟიმი, რომელიც, წესით, მაისში უნდა დასრულებულიყო გულისხმობდა მაღაროების და ვახტების მუშაობის შეჩერებას და იქ მომუშავეებისთვის ხელფასის მხოლოდ 60%-ის შენარჩუნებას. კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი, მისი მტკიცებით, ფეროშენადნობთა ბაზარზე შექმნილი კრიზისი და კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის ფასის ვარდნა გახდა. ამის შესახებ მან პროფესიულ კავშირებსა და საჯარო უწყებებს[1] 18 იანვრით დათარიღებული წერილით აცნობა.
იმის გამო, რომ 1 თებერვლიდან კომპანია დასაქმებულებს მხოლოდ ხელფასის 60%-ს უხდიდა, მაღაროელებს შეექმნათ საბანკო ვალდებულებების დაფარვის პრობლემა. როგორც მშრომელები, ჰყვებიან, კომპანიამ ჭიათურაში მოქმედ 4 ბანკთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის საფუძველზეც, ამ პერიოდის განმავლობაში მათ სესხის [ძირი თანხის] დაფარვის ვალდებულება უნდა შეჩერებოდათ. თუმცა, დასაქმებულების თქმით, სესხის გადავადების გამო, მათ მიერ ვალად აღებულ თანხას, დამატებითი პროცენტები დაემატა, რის გამოც ჯამში მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ეს აქამდე იყო გათვალისწინებული. ამდენად, კომპანიის მიერ ცალმხრივად შემოღებული „დროებითი სამუშაო რეჟიმის“ გამო მაღაროელებს ფინანსური ზიანი მიადგათ; სწორედ ამიტომაა, რომ მაღაროელების მიერ წამოყენებული მე-3 მოთხოვნა „ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადებაა (აქამდე დარიცხულის გასტუმრება)“.
4 მაისს გავრცელდა ჭიათურის სამთომრეწველობის პროფკავშირის (შემდგომში, „პროფკავშირი“) განცხადება, რომლის თანახმად, მაისის თვიდან დასრულდებოდა „დროებითი სამუშაო რეჟიმი“ და ჭიათურაში მოქმედი ცხრავე ვახტა განაახლებდა ფუნქციონირებას. უფრო ზუსტად, 10, 15 და 20 მაისიდან 3-3 ვახტა ეტაპობრივად გაიხსნებოდა. მაისის თვეში განახლდა მხოლოდ ვახტების ნაწილის მუშაობა. ხოლო ივნისიდან, კომპანიამ წამოაყენა პირობა, რომ იგი ყველა ვახტისა და მაღაროს მუშაობის აღდგენას და მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ დასაქმებულები დათანხმდებოდნენ მის მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო გრაფიკს, გეგმასა და ანაზღაურების სქემას.
რას გულისხმობს კომპანიის მიერ შეთავაზებული ახალი პირობები და როგორ აუარესებს ის მაღაროელების ანაზღაურებასა და უსაფრთხოებას
ჭიათურაში ბოლო წლებში 9 ვახტა და 4 მაღარო ფუნქციონირებს; „ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, კომპანიაში სულ 3382 ადამიანია დასაქმებული, მათგან ვახტური წესით 730 დასაქმებული მუშაობს, ხოლო დანარჩენი დასაქმებულია 4 მაღაროში.[2]
ვახტური წესით მომუშავეები ჰყვებიან, რომ 2022 წელს, „დროებითი სამუშაო რეჟიმის“ შემოღებამდე, ისინი, 12 საათიანი გრაფიკით (დღე-ღამეში 2 ცვლა) 7 დღე მუშაობდნენ, ხოლო მომდევნო 7 დღე ისვენებდნენ. შედეგად, საშუალოდ, ნახევარი თვე მუშაობდნენ, ხოლო მეორე ნახევარი – ისვენებდნენ. მათი თქმით, ამგვარი რეჟიმი, დამატებით, სხვა დროებითი სამუშაოს აღების შესაძლებლობას აძლევდათ, რაც მათთვის ფინანსურად მნიშვნელოვანი იყო.
„დროებითი სამუშაო რეჟიმის“ დასრულების შემდეგ, კომპანიის მიერ შემოთავაზებული გრაფიკი გულისხმობს დღე-ღამეში სამ ცვლიან სისტემაზე გადასვლას და, შესაბამისად, 8 საათიან სამუშაო გრაფიკს. ასეთ დროს, დასაქმებულებს თვის განმავლობაში მეტი დღეების განმავლობაში მოუწევთ მუშაობა.
ამასთან, კომპანიის მითითებით, ვახტებში დასაქმებულებმა უნდა იმუშაონ ახალი გეგმით; აქამდე თანამშრომლების მიერ შესასრულებელი გეგმა გამოტანილი მადნის მასით, „ტონაჟობით“ განისაზღვრებოდა. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ახალი გეგმა კი, ვახტაში „გავლილი“ მანძილით, „გრძივ-მეტრობით“ უნდა განისაზღვროს. სხვა სიტყვებით, კომპანია თანამშრომლებს დაუდგენს იმ მანძილს, რა მანძილითაც მათ ვახტაში წინ უნდა წაიწიონ (საუბარია რამდენიმე მეტრზე) ცვლის განმავლობაში. მაღაროელები კონკრეტული არგუმენტების, დათვლებისა[3] და გამოცდილების მოშველიებით, ერთხმად ამბობენ, რომ კომპანიის მიერ შემოთავაზებული ახალი გეგმა არის არარეალისტური, რომლის შესრულებასაც ისინი ვერ შეძლებენ ან თუ შეძლებენ – შრომის უსაფრთხოების ნორმების იმგვარი სრული უგულებელყოფის ხარჯზე, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ გეგმის არარეალისტურობაზე ერთნაირად მიუთითებენ როგორც ვახტებზე, ისე მაღაროებში დასაქმებულები.
გარდა სამუშაო გრაფიკისა და გეგმის ცვლილებისა, კომპანია ასევე მოითხოვს ანაზღაურების სქემის ცვლილებასაც. ვახტაში დასაქმებულები, რომელთა გეგმაც აქამდე „ტონაჟობით“ განისაზღვრებოდა, ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მძიმე, თავდადებული შრომის ხარჯზე ისინი გეგმას გადაჭარბებით ასრულებდნენ (მაგალითად, გეგმის 130%-ს), ფიქსირებულ ხელფასთან ერთად შესაბამისი პროცენტულობით განსაზღვრულ დანამატსაც იღებდნენ.
შრომის ანაზღაურების კომპანიის მიერ შემოთავაზებული სქემის ერთ-ერთი ვერსია გულისხმობს, სახელფასო ანაზღაურების რამდენიმე კომპონენტად დაყოფას. ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრება „ტარიფის“[4] 80%-ით, დასაქმებულები 15%-ს მიიღებენ გეგმის შესრულების შემთხვევაში, ხოლო 5% დასაქმებულების „დისციპლინას“ შეესაბამება. იმ ფონზე, როდესაც დასაქმებულების თქმით, მათი სამუშაო გეგმა, იმდენად იზრდება, რომ მისი შესრულება როგორც მინიმუმ სათუოა, გამოდის, რომ ანაზღაურების ამ სქემაზე გადასვლის შემთხვევაში დასაქმებულებს ხელფასი 15-%-ით დააკლდებათ. გეგმის სიდიდიდან გამომდინარე, მათ ასევე, პრაქტიკულად უქრებათ დანამატის მიღების შანსიც, რაც, აქამდე შესაძლებელი იყო.[5]
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, სამუშაო დრო/გრაფიკი შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს. შესაბამისად, დაუშვებელია მისი ცვლილება დასაქმებულების თანხმობის გარეშე. დასაქმებულებთან გაფორმებული კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს სწორედ იმ პირობებს, რომლის შენარჩუნებასაც მაღაროელები ითხოვენ. მოცემულ შემთხვევაში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გრაფიკისა და ანაზღაურების ცვლილება ცალმხრივად, მაღაროელების თანხმობის გარეშე გადაწყვიტა, რაც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.[6]
2. შრომის უსაფრთხოება
მაღაროელების მოთხოვნებს შორისაა „უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე გაკონტროლება“ და „ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა“. ისინი ჰყვებიან შრომის უსაფრთხოების ნორმების სრულ უგულებელყოფაზე და სისტემურ ჩავარდნებზე კომპანიის მხრიდან. კერძოდ, მათ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და სპეც-ტანაცმელი, რაც არსებულ საფრთხეებს შეამცირებდა (მაგალითისთვის, ფანრები, რომლებიც კომპანიას მათთვის აქვს გამოყოფილი უხარისხოა; ობიექტების უმრავლესობას არ აქვს ელექტრო-ხერხი, რის გამოც სანგრევზე ხის აღმოჩენისას, მაღაროელებს უწევთ მექანიკური ხერხის გამოყენება, რაშიც დროს კარგავენ; ბურღით მომუშავეებს არ აქვთ ანტივიბრაციული ხელთათმანები და ჰყვებიან კონკრეტულ ჩივილებზე, რაც ბურღის ხანგრძლივ გამოყენებას თან ახლავს; ზოგადად, სპეცტანსაცმელი არ არის მორგებული დასაქმებულების ინდივიდუალურ ფუნქციებს); მშრომელებს უწევთ მძიმე აღჭურვილობის ხელით გადაადგილება (120-130 კგ ნივთი – ორ ადამიანზე); ზოგიერთ მაღაროში დგას წყალი, რომლისგანაც, წყლის დონის გამო, სპეციალური ფეხსაცმელი ვერ იცავთ, ხოლო წყლის სატუმბი უხარისხოა; მაღაროებში არ კონტროლდება სამთო წნევის დონე; ტრაქტორები გაუმართავია და გამოყოფს გამონაბოლქვს, ხოლო წყლის სისტემა, რომელმაც გამონაბოლქვი უნდა შეამციროს გაუმართავია; არ ხდება მტვრის კონცენტრაციის გაზომვა აფეთქებების შემდეგ, განიავების სისტემა გაუმართავია, არ არის დადგენილი აფეთქებიდან უსაფრთხო მანძილი და ა.შ.
მაღაროელების თქმით, განსაკუთრებულ ხიფათს ქმნის ის გარემოება, რომ მათ ხშირად უწევთ მეორედ და მესამედ შესვლა უკვე დამუშავებულ ველებში. მათი თქმით, რამდენჯერმე დამუშავებისას გვირაბის მდგრადობა უფრო მყიფეა. პრობლემურია ამგვარი გვირაბების ჭერის და კედლების სათანადო გამაგრება.
ამ ფონზე კი, კომპანია მშრომელებს კიდევ უფრო არარეალისტურ, უკიდურესად მომთხოვნ გეგმას უწესებს, რომლის შესრულება და შრომის უსაფრთხოების დაცვა, მაღაროელების თქმით, ერთმანეთს პრაქტიკულად გამორიცხავს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ კომპანია ბოლოს 2018 წელს შეამოწმა და არა ერთი დარღვევა დაადგინა; ინსპექციის მითითებაში აღნიშნული იყო, რომ საწარმოში არ ხორციელდებოდა სამუშო ადგილას არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და მათგან მომდინარე რისკების შეფასება. 2019 წელს, ხელახლა შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ კომპანიას დარღვევები გამოსწორებული არ ჰქონდა, რის გამოც მას ჯარიმა დაეკისრა; მიწოდებულ ინფორმაციაში შრომის ინსპექციამ ჯარიმის ოდენობა დაშტრიხა. 2023 წლის 12 ივნისს მაღაროელებთან შეხვედრაზე ინსპექციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებული ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც ინსპექცია საწარმოში აღარ შესულა.
3. შვებულება, ბიულეტენი და დაზღვევა
მაღაროელების მოთხოვნებს შორისაა შვებულებით სარგებლობის უფლების გამოყენება, „ბიულეტენით“ სარგებლობის შემთხვევაში, 100%-ით ანაზღაურება და დაზღვევის პირობების გაუმჯობესება.
მაღაროელების თქმით, მათ არ ეძლევათ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების უფლება.[7] ავადმყოფობის გამო დროებითი შრომისუუნარობის დროს საავადმყოფო ფურცელზე („ბიულეტენზე“) გასვლისას, დასაქმებულებს არ უნაზღაურდებათ ხელფასის 100%, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს.[8] ამასთანავე, დაზღვევის ის პირობები, რომელსაც დამსაქმებლის მიერ დაკონტრაქტებული კომპანია სთავაზობთ, არახელსაყრელია და მათთვის დიდი ფინანსურ ტვირთს მოიაზრებს (მაგალითისთვის, მაღაროელები მიუთითებენ, რომ სადაზღვევო კომპანია, როგორც წესი, არ ანაზღაურებს ძვირადღირებულ წამლებს; შეზღუდულია პროვაიდერი კლინიკების რაოდენობა; არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების მიღების შემთხვევაში, ანაზღაურების გამოთვლისას პროვაიდერის მომსახურების ღირებულება მიიღება მხედველობაში; შეზღუდულია კლინიკების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა; ანაზღაურების მოთხოვნის დაფიქსირებისას დასაქმებულები აწყდებიან ბიუროკრატიულ ბარიერებს და ა.შ.)
4. საერთო საცხოვრებელი და კვების ხარისხი
მაღაროელები მოითხოვენ, დასაქმებულებს მიეცეთ „სანატორიუმის“ გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე; როგორც მშრომელები ამბობენ, „დროებითი სამუშაო რეჟიმის“ შემოღებამდე ჭიათურის ტერიტორიაზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო ობიექტებთან ახლოს ფუნქციონირებდა საერთო საცხოვრებელი მაღაროელებისთვის. მათი თქმით, ეს საცხოვრებელი განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო სხვა მუნიციპალიტეტებიდან (მაგ., ტყიბული, ზესტაფონი) ჩამოსული დასაქმებულებისთვის, რომლებიც სამუშაო კვირის განმავლობაში იქვე რჩებოდნენ. მიმდინარე წლიდან ეს საცხოვრებელი მაღაროელებს აღარ ემსახურება. მაღაროელები იხსენებენ იმასაც, რომ ამ დაწესებულებაში მათ ორჯერადი, შედარებით დაბალანსებული კვების საშუალებაც ჰქონდათ, რაც მათ მიერ დღის განმავლობაში მისაღებ მშრალ ულუფას ასატანს ხდიდა.
დასაქმებულების კიდევ ერთი მოთხოვნა, სწორედ ულუფის გაუმჯობესებას ეხება, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ „სანატორიუმის“ გაუქმების შემდეგ დადგა. მაღაროელები უჩივიან როგორც კომპანიის მიერ მიწოდებული ულუფის სიმცირეს (მშრალი ულუფა 12/8 საათიანი ცვლის განმავლობაში ისედაც მხოლოდ ერთხელ ეკუთვნით), ისე უხარისხობას და საკვებად უვარგისობას (მაგ., ისინი ითხოვენ, „მოხდეს [რაციონიდან] კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება“).
5. მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება და მისი შედეგები
პროტესტის რეჟიმის მყოფი მაღაროელები შრომის პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მათი ქალაქის და სოფლების უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებასაც ითხოვენ. უფრო ზუსტად, მშრომელები ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვებისას გარემოსდაცვითი ნორმების შესრულებას და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ითხოვენ.
როგორც ცნობილია, ჭიათურის სოფლებში ღია კარიერული წესით მოპოვებას ე.წ. „კოოპერატორები“ ახორციელებენ. მათ შესაბამისი ხელშეკრულება „ჯორჯიან მანგანეზთან“ აქვთ გაფორმებული, რომელიც წიაღის მოპოვების გენერალურ ლიცენზიას ფლობს. ამასთან, კოოპერატორები მოპოვებულ მადანს ისევ „ჯორჯიან მანგანეზს“ აბარებენ.
მადნის ღია კარიერული წესით მოპოვება, რომელიც ტექნოლოგიურად დაუხვეწავი პროცესია და უზარმაზარი ტერიტორიების გადათხრას მოითხოვს, უმძიმეს ზიანს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს. გარემოსდამცველები ჭიათურის სოფლებში შექმნილ ვითარებას ეკოლოგიური კატასტროფად მოიხსენიებენ; კოოპერატორები, რომლებიც მადანს მოიპოვებენ, არ ახდენენ დამუშავებული ტერიტორიის გადასწორებას და რეკულტივაციას, რის გამოც ჭიათურის ის სოფლები, სადაც კოოპერატორები უკვე შევიდნენ სავსეა უზარმაზარი ორმოებითა და გორებით, რაც პირდაპირ ფიზიკურ საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებლებს. გარდა ამისა, მანგანუმის უკონტროლო მოპოვება ერთნაირად აბინძურებს ნიადაგს, წყალს და ჰაერს.[9] 2017 წელს, სახელმწიფოს გაანგარიშებით,[10] „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 416 მილიონ ლარს შეადგენდა.
6. მუშაობის განახლება და განაცდურის ანაზღაურება
მშრომელები ითხოვენ, მუშაობის განახლების შესაძლებლობა რაც შეიძლება მალე მიეცეთ, ხოლო ამ პერიოდში, საწარმოო პროცესის შეჩერების გამო, მიუღებელი ანაზღაურება, კომპანიამ დაფაროს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მაღაროელების პროტესტი გამოიწვია კომპანიის უკანონო გადაწყვეტილებამ, დასაქმებულების ანაზღაურება და გრაფიკი ცალმხრივად შეეცვალა. საქართველოს შრომის კოდექსი, ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენა სწორედ მის მიერ უნდა ანაზღაურდეს.[11]
როგორც ცნობილია, 12 აპრილს შრომითი დავის მოსაგვარებლად ჯანდაცვის მინისტრმა მედიატორი დანიშნა, რომელიც დასაქმებულებს და კომპანიას უკვე შეხვდა. ჩვენი ორგანიზაცია ყურადღებით დააკვირდება მედიაციის პროცესის მიმდინარეობას და, ზოგადად, ჭიათურაში მოვლენების განვითარებას მომდევნო დღეებში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ 2017 წლიდან სპეციალური მმართველის ხელით მართავს, მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოს, მაღაროელების ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
სქოლიო და ბიბლიოგრაფია
[1] კომპანიის წერილის ადრესატები, პროფესიული კავშირების გარდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც არიან.
[2] სავარაუდოდ, 3382 ადამიანში კომპანია ასევე გულისხმობს ადმინისტრაციაში დასაქმებულებსაც.
[3] მაღაროელების თქმით, თავად კომპანიის ზედამხედველობით ჩატარებული „ქრონომეტრაჟიც“, რომლის დროსაც, ზუსტად აღიწერა და აღირიცხა რა დროში, რა მოცულობის სამუშაოს შესრულება იყო შესაძლებელი, აჩვენებს, რომ კომპანიის გეგმა არარეალურია და მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ გონივრულ მანძილს, რაც ყველაზე ხელსაყრელ პირობებში, ერთმა ცვლამ შეიძლება გაიაროს.
[4] მაღაროელები „ტარიფად“ მოიხსენიებენ ერთი სამუშაო ცვლის ანაზღაურებას.
[5] სწორედ ამიტომ, სამუშაო გეგმის არსებითი მოდიფიცირების პირობებში, მანიპულაციურია კომპანიის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი“.
[6] კომპანია ბოროტად იყენებს ადგილობრივების ფინანსურ დამოკიდებულებას კომპანიაზე და თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულები მის პირობას არ დათანხმდებიან, ის სამუშაო პროცესის აღდგენას ვერ შეძლებს; კომპანიის მიხედვით, „საკუთარი სახსრებითა და საკრედიტო ვალდებულებებით ოპერირების შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი შეცვლილი სამუშაო პირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია ვეღარ შეძლებს დროებით გაჩერებული საწარმოო ობიექტების აღდგენას.“
[7] იხ., საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 31.
[8] იხ., საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის #№87/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“, მუხლი 6.3.
[9] იხ., მაგალითად, მწვანე ალტერნატივა, საველე გასვლის ანგარიში, ჭიათურა, 2018, ხელმისაწვდომია: https://greenalt.org/app/uploads/2021/05/fieldtrip_report_chiatura_2018.pdf.
[10] იხ., საქართველოს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე, 2017 წლის 11 მაისი. [11] იხ., საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 42.1.