როგორ ჩაიარა მედიაციამ და რა გახდა მაღაროელების პროტესტის უკიდურესი ფორმების მიზეზი – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

19 ივნ, 2023

დღეს, 19 ივნისს ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ და პარლამენტის წინ მართავენ აქციას. მანამდე კი, 18 ივნისს მაღაროელებს, „ჯორჯიან მანგანეზისა“ და სახელმწიფო წარმომადგენლებს შორის გაიმართა მედიაციის პროცესი, რამაც კვლავ უშედეგოდ ჩაიარა და მაღაროელებმა პროტესტის უკიდურესს ფორმებს მიმართეს. ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ხოლო მეორემ – ვენები გადაიჭრა. როგორ ჩაიარა მედიაცამ და რა გახდა პროტესტის რადიკალური ფორმებისთვის მიმართვის საფუძველი? – ამის შესახებ „ღირსეული შრომის პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ განცხადებაში წაიკითხავთ. 


სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჭიათურელი მშრომელების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

გუშინ, 18 ივნისს, კომპანიასა და დამსაქმებელს შორის მიმდინარე მედიაციის ფარგლებში სახელმწიფოს და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჭიათურელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართეს. ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალი ამოიკერა, ხოლო კიდევ ერთმა მშრომელმა ვენები გადაიჭრა. ჯერ კიდევ 16 ივნისს კი კიდევ ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. დღეს, უკვე მე-8 დღეა, რაც 10 მაღაროელი შიმშილობს.

მაღაროელებმა, რომლებიც მედიაციის გუშინდელ შეხვედრაზე იმ იმედით შევიდნენ, რომ მათი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, აღმოაჩინეს, რომ კომპანიას და სახელმწიფოს მათი უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინების მზადყოფნა არ ჰქონდათ და კვლავ ბიზნესისა და სახელმწიფოს გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის პირისპირ აღმოჩნდნენ.

როგორც შეხვედრის მერე გამოქვეყნებულ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშიცაა აღნიშნული, ამ დროისთვის კომპანიის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული პირობებია:

  1. 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე, დაბრუნება – 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით;
  2. პირველ ეტაპზე ხელფასი 5%-ით ზრდა. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;
  3. კომპანიაში აუდიტის ჩატარება;

მშრომელებისთვის ეს შემოთავაზებები მისაღები არ არის. ქვემოთ შევეცდებით აღვწეროთ კომპანიის შემოთავაზებებსა და პოზიციებზე მშრომელების შეფასებები და უკმაყოფილების მიზეზები.

  1. 12 საათიან სამუშა გრაფიკზე დაბრუნება: პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმას, სამუშაო რეჟიმის შეცვლა კომპანიის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და სწორედ ამ რეგრესულმა მიდგომამ და მშრომელების უსაფრთხოებისა და ანაზღაურების რადიკალური გაურესების გადაწყვეტილებამ განაპირობა მშრომელების შეშფოთება და პროტესტი. მიმდინარე თვეში სწორედ კომპანიამ წამოაყენა პირობა, რომ იგი ყველა ვახტისა და მაღაროს მუშაობის აღდგენას და მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ დასაქმებულები დათანხმდებოდნენ მის მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო გრაფიკს, გეგმასა და ანაზღაურების სქემას, თუმცა, ამ პროცესში კომპანიას არ უფიქრია ისედაც მუდმივი რისკის წინაშე მდგარი მაღაროელების უსაფრთხოებაზე, ღირსებაზე და სოციალურ მდგომარეობაზე.
  2. პირველ ეტაპზე ხელფასების 5 %-იანი ზრდა: როგორც ცნობილია, მშრომელები ხელფასის 40%-ით მატებას ითხოვდნენ, რის ნაცვლადაც მათ ანაზღაურების 5%-იანი ზრდის შეთავაზება მიიღეს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ხელფასის 5%-ით ზრდა დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის დასაწყისში ავტომატურად, ისედაც უნდა მომხდარიყო, რაც არ შესრულდა კომპანიის მიერ. ამასთან, 5%-ზე მეტი ინფლაციის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა განხილულიყო მათთვის ხელფასის მეტად ზრდის საკითხიც, რაც ასევე არ მომხდარა. ინფლაციის 10%-იანი მაჩვენებლის პირობებში ხელფასის მხოლოდ 5%-იანი ზრდა მაღაროელების საბაზისო საჭიროებებს არ აკმაყოფილებს და არ ითვალისწინებს ბოლო პერიოდში შექმნილ ეკონომიკური მდგომარეობას. წორედ ამიტომ, მშრომელებისთვის ანაზღაურების ზრდის არსებული შემოთავაზება სრულიად მიუღებელი და უსამართლოა.
  1. აუდიტის შექმნა და ერთობლივი მუშაობა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე: მშრომელების დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით, კომპანიის შეთავაზება, ერთობლივი კომისიის შექმნა და ამ პირობების გაუმჯობესებაზე ერთად მუშაობაა.[1] ეს მაშინ, როდესაც მაღაროელების 14 მოთხოვნიდან უმრავლესობა შრომითი უფლებების საბაზისო დონეზე დაცვას შეეხებოდა და ამ საკითხებს სწორედ უფლებრივ ჭრილში დანახვა და დაუყოვნებელი აღსრულება და უზრუნველყოფა სჭირდება (მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულების, დაზღვევის პირობების გაუმჯობესების, ბიულეტენის ანაზღაურების, მოცდენის პერიოდის ანაზღაურების და კომპანიის მიერ შემოღებული „დროებითი სამუშაო რეჟიმის“ გამო დარიცხული საბანკო პროცენტების დაფარვის საკითხები.

მდენად აშკარაა, რომ კომპანია მშრომელების მასშტაბური თვითორგანიზებისა და პროტესტის მიუხედავად, ვერ იაზრებს მათი მოთხოვნების მნიშვნელობას და კვლავ სუსტ და უსამართლო პირობებს სთავაზობს.

მაღაროელები, რომლებიც კომპანიის მიერ დროებითი სამუშაო რეჟიმის შემოღების შემდეგ, 4 თვის განმავლობაში (თებერვალი-მაისი) ხელფასის მხოლოდ 60%-ს იღებენ, ყვებიან უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაზე. მათი თქმით, უმრავლესობას ბანკში სესხი აქვს, რომლის დაფარვის პრობლემაც შეექმნათ, და ზოგიერთ მათგანს ამ პერიოდში ძველი ვალდებულებების დასაფარად ახალი სესხის აღებაც მოუხდა.

უმძიმესი სამუშაო პირობები, ჭარბვალიანობა და სოციალური უპერსპექტივობა ჭიათურის მაღაროელების ყოველდღიურობაა და მშრომელების არა ერთი მასობრივი პროტესტისა და სახელმწიფოს სპეციალური მმართველის დანიშნვნის მიუხედავად, მათი მდგომარეობა სისტემურად არ შეიცვალა და წლიდან წლამდე იგივე დარჩა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჭიათურაში დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების სხვა ალტერნატივები არ არის და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მაღაროში მუშაობა დასაქმების ერთადერთი გზაა. ცალკე უნდა გაესვას ხაზი ჭიათურაში შექმნილ კატასტროფულ ეკოლოგიურ მდგომარეობას და ქალაქსა და მეზობელ სოფლებში დაბინძურებისა და გარემოს დაზიანების შემაშფოთებელ პრაქტიკას, რომელიც ასევე უმძიმესად აისახება იქ მცხოვრებ მშრომელებზე და მათ ოჯახებზე. სწორედ, ამ სისტემურმა უსამართლობამ და სოციალურმა სასოწარკვეთამ აიძულა მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებისთვის მიემართათ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს რომ, იმ ფონზე, როცა მანგანუმის მნიშვნელოვანი რესურსი 2007 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშია, მოპოვების პროცესი უწყვეტად გრძელდება და ახალ მასშტაბებს აღწევს, კომპანიის მხრიდან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე აპელირება უსამართლო და მიუღებელია.

ფეროშენადნობთა ბაზარზე ბოლო პერიოდში შექმნილი კრიზისი, რაზეც კომპანია უთითებს, ვერ გაამართლებს იმ რეალობას, რომ უკვე წლებია ჭიათურელებზე არათუ არ ნაწილდება მათ ქალაქში და სოფლებში არსებული რესურსიდან მიღებული სარგებელი, არამედ ამ რესურსის ათვისებისას ჩადენილი მძიმე გარემოსდაცვით და შრომითი დარღვევების გამო, კომპანია ხელშეუხებელი რჩება. სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მუშაობა კი არაეფექტიანი აღმოჩნდა და მშრომელებისთვის ხელშესახები ცვლილებები ვერ მოიტანა.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს და კომპანიას, კიდევ ერთხელ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა მაღაროელების და მთლიანად ჭიათურის წინაშე და შექმნან რეალურად დემოკრატიული პროცესი და გამონახონ რესურსები მშრომელების მოთხოვნების დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებლად.

[1] კომპანიის განცხადების მიხედვით, „კომისია შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან. ასევე კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.“

ფოტო: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

Share via
Copy link
Powered by Social Snap