„ღირსეული შრომის პლატფორმა“ გმობს მთავრობის მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას, რომელიც საერთაშორისო დაფინანსების შემთხვევაში ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას ავალდებულებს.
შემოთავაზებული კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან აშკარაა მცდელობაა, გააკონტროლოს და იარლიყი მიაკრას დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას. ამასთან, გვჯერა, რომ იგი სერიოზულ ზიანს აყენებს მშრომელთა უფლებებსაც; საქართველოს კანონმდებლობით, პროფესიული კავშირები არასამთავრობო ორგანიზაციებად ითვლება და ამდენად, 20%-ზე მეტი საერთაშორისო დაფინანსების შემთხვევაში, ეს კანონი მათზეც გავრცელდება.
ამასთან, ის გარემოება, რომ არსებული კანონმდებლობა და შემოთავაზებული კანონპროექტი არ მოითხოვს კორპორაციებისა და სამთავრობო დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების გამჭვირვალობას, მთავრობის ცხადი და კარგად გათვლილი ტაქტიკის ნაწილია:
მიზანი არის არა გამჭვირვალობა, არამედ საბაზისო უფლებებზე თავდასხმა და იმ კრიტიკული ორგანიზაციების გაჩუმება, რომლებიც უფლებადარღვევების და უსამართლობის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას.
მთავრობის მიზნებს შორისაა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების დასუსტებასაც, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოში შრომის უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე, შრომის უსაფრთხოების ჩავარდნებზე, პროფესიული გაერთიანებების დასუსტებაზე და სხვა შრომით საკითხებზე. პროფკავშირები ეხმარება დასაქმებულებს, ებრძოლონ უსამართლო შრომით პრაქტიკებს, მოახდინონ სამუშაო ადგილის დემოკრატიზება, და ცდილობს, გააძლიეროს მშრომელების ხმა გარემოში, რომელშიც დიდი კაპიტალის და სახელმწიფოს ძალაუფლება დომინირებს. ინიციირებული კანონპროექტი კი მშრომელების პოზიციას კიდევ უფრო დაასუსტებს.
პროფესიული კავშირები დაფინანსებას საწევრო გადასახადებით იღებენ, თუმცა მათი ნაწილი ასევე იღებს საერთაშორისო დაფინანსებას კვლევის, სამართლებრივი დახმარების თუ კონფერენციების ხარჯების დასაფარად. ეს დაფინანსება, რომელიც სხვა წყაროებიდან არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება მშრომელების ინტერესების დასაცავად, ხოლო დამოუკიდებელი პროფკავშირები ანგარიშვალდებულები რჩებიან საკუთარი წევრების წინაშე.
პროფესიული კავშირებისთვის საფრთხის შექმნის გარდა, ახალი კანონპროექტი ასევე მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როლებიც მშრომელებს იურიდიულ დახმარებას აწვდიან და ეხმარებიან მათ საკუთარი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლაში სასამართლოს თუ შრომის ინსპექციის წინაშე წარმომადგენლობით. სამართლებრივი მომსახურების მაღალი საფასურის გამო, ამგვარი უფასო იურიდიული დახმარება, ბევრისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა. საერთაშორისო დონორები, რომლებიც ასეთ იურიდიულ დახმარებას აფინანსებენ ავსებენ იმ ხარვეზს, რომლის მოგვარებაც როგორც მთავრობამ, ისე ადგილობრივმა დონორებმა ვერ შეძლეს ან არ სურთ.
შემოთავაზებული კანონპროექტი გაანადგურებს მცირე, დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებსაც ეყრდნობიან მშრომელები შრომითი უფლებების დარღვევების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. საქართველოში მეინსტრიმ მედია, როგორც წესი, უგულებელყოფს შრომითი უფლებების დარღვევების შედეგად დაზარალებულ პირთა ბრძოლას. ალტერნატიული მედიის მხარდაჭერის გარეშე, ჩვენი პრობლემები კიდევ უფრო უჩინარი გახდება და შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა გაფიცვების, საპროტესტო აქციებისა და შრომითი დავების დროს.
და ბოლოს, კანონპროექტი წარმოქმნის სერიოზულ წუხილებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, როგორც ამას თავად ევროკავშირიც აღნიშნავს. ეს პრობლემურია შრომითი უფლებების თვალსაზრისით, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაზე გაცილებით ძლიერია პრაქტიკულად ყველა ასპექტში, მათ შორის, მინიმალური ხელფასის, ზეგანაკვეთური შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მიმართულებებით. ევროკავშირში გაწევრიანებამდე, საქართველო ვალდებული იქნება, შეიმუშაოს მსგავსი დამცავი მექანიზმები რაც იმას ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გააუმჯობესებს ქვეყანაში არსებული შრომითი უფლებების მდგომარეობას. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ პროცესს, იქნება საზიანო მშრომელებისათვის.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. მისი მიღება მშრომელებს წაართმევს შრომითი უფლებების დაცვის აუცილებელ მექანიზმებს, მოახდენს უამრავი ორგანიზაციის სტიგმატიზებას და საზიანო იქნება მშრომელებისათვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საბოლოოდ თქვას უარი ამ კანონპროექტის ან სხვა მსგავსი კანონმდებლობის მიღების მცდელობებზე.
ხელმომწერები:
- “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
- “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”
- “გილდია”
- “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”
- „მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი“
- Human Rights Watch