შრომის პირობების რეინსპექტირების პროცესის ჩავარდნა, სამუშაო ადგილებზე ფატალურ შემთხვევებში აისახება

27 ივნ, 2023

„ღირსეული შრომის პლატფორმა“  რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება. 

21 ივნისს რიკოთის უღელტეხილზე, უბისის მონაკვეთთან, გზის მშენებლობაზე სამუშაოს შესრულების დროს, დასაქმებული პირი მშენებარე ხიდიდან მდინარეში გადავარდა და დაიღუპა. ცხედარი სამაშველო სამსახურმა 24 საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, შროშასთან იპოვა. 

აღნიშნული  საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულების სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების  პირველი შემთხვევა არ გახლავთ. 2021 წლის იანვრის ბოლოს სამუშაო ადგილზე დაშავდა, რიკოთის საავტომობილო გზების მშენებელი კომპანიის, „ჩინეთის სახელმწიფო შპს-ს“ ერთი დასაქმებული, რისი შეუტყობინებლობის გამოც კომპანია მაშინ 1000 ლარით დაჯარიმდა.  

თებერვალში, კომპანიაში ჩატარდა შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირება  და გაიცა მრავლობითი დარღვევების აღმოსაფხვრელი მითითებები.

2023 წლის აპრილის თვეში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. ისინი  სხვა მოთხოვნებს შორის, კომპანიისგან მომეტებული რისკის გამო (სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ, რთულ მონაკვეთზე მუშაობდნენ) უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, არც დასაქმებულთა პროტესტზე პასუხად, არც უკვე დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრის შესამოწმებლად, შრომის ინსპექციას რეინსპექტირების პროცესი აღარ განუხორციელებია. Სამწუხაროდ, რიკოთის სამშენებლო მონაკვეთზე, შრომის უფლებების უმძიმესი დარღვევების და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ფატალური შემთხვევამდეც მივიდა. 

„ღირსეული შრომის პლატფორმა“  მოუწოდებს

 შრომის ინსპექციას:

დაუყოვნებლივ განახორციელოს სამუშოების შემსრულებელი კომპანიის ინსპექტირება/რეინსპექტირება; გამოიკვლიოს მომხდარი ფატალური შემთხვევა  და დააკისროს კომპანიას კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი პასუხისმგებლობა; განიხილოს საქმიანობის შეჩერების საკითხიც, სანამ ბოლომდე არ იქნება აღმოფხვრილი შრომის უსაფრთხოების რისკები, მომავალი ფატალური შემთხვევების გარანტირებულად თავიდან აცილების მიზნით;

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

გონივრულ ვადებში, სრულყოფილად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი, უზრუნველყონ ბრალეული პირების გამოვლენა და მიიღონ ზომები მათთვის  კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დასაკისრებლად  

Საქართველოს მთავრობას:

საგზაო და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის  სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს დაუწესოს მკაცრი მოთხოვნები საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით.

 

ხელმომწერები:

„ერთობა 2013“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„გილდია“

„სოლიდარობის ქსელი“

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“

 

Share via
Copy link
Powered by Social Snap