24 სექტემბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში, ბეტონის საამქროში მუშაობისას, ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყოლის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. Აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
Მიუხედავად საგანგაშო და უმძიმესი ფაქტისა, საზოგადოებაში არ ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია მომხდარისა და სახელმწიფოს რეაგირების შესახებ; დაბალია მედიისა და საზოგადოების ყურადღებაც.
Ჩვენს მიერ მოკვლეული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარია სოფელ ვაშლოვანში მოქმედი ბეტონის ქარხნის, შპს „აისის“ შესახებ, რომლის მშენებლობას, ადგილობრივი მოსახლეობა 2018 წლიდან აპროტესტებდა გამოუკვლეველი ეკოლოგიური და სოციალური რისკების გამო. Მიუხედავად ადგილობრივების მრავალი წინააღმდეგობისა, ქარხნის ფუნქციონირება მაინც დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს; შპს “აისი” ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიაა.
Სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი, 25 წლის თორნიკე გორგილაძეა – სამხედრო სამსახურში დასაქმებული, ჯარისკაცი, რომელიც შეთავსებით თავის რჩენას ბეტონის ქარხანაში მუშაობით ცდილობდა; ის სოციალური საცხოვრისის ბინადარი, ეკო მიგრანტი გახლდათ; აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სწორედ ზემოაღნიშნული ქარხნის მიმდებარედ არის განთავსებული ეკომიგრანტთა სოციალური საცხოვრებელი.
Მომხდარი ფაქტი ბიზნესისა და პოლიტიკოსების გადაჯაჭვული ინტერესების გამო ადამიანების გაწირვის მორიგი შემთხვევაა; ამგვარი სისტემა განსაკუთრებით მძიმედ სოციალური მოწყვლადობის მრავალი შრის ქვეშ მყოფ ადამიანებზე აისახება.
Ამ საკითხზე ეფექტური რეაგირებისა და მომავალი შემთხვევების პრევენციის მიზნებისთვის, მიუღებელია მასზე პასიური რეაგირება, ამდენად მივიჩნევთ, რომ:
შრომის ინსპექციამ – უნდა იმოქმედოს დროულად, დაზუსტებით გამოავლინოს დასაქმების ადგილი და დაუყოვნებლივი ინსპექტირება განახორციელოს, საჭიროების შემთხვევაში კი შეაჩეროს საწარმოს ფუნქციონირება!
საგამოძიებო ორგანოებმა – მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად წარმართონ გამოძიება;
მედიამ – განსაკუთრებით უნდა გააძლიეროს საზოგადოების ინფორმირება სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებისა და მათზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ. Საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დადასტურებული ინფორმაცია, ხულოში მომხდარ გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.