9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, შემოგვიერთდით „ღირსეული შრომის პლატფორმის“ ფეისბუქის გვერდზე, ონლაინ პრეზენტაციაზე, რომლის ფარგლებშიც, პლატფორმის იდეის და მიზნების წარდგენის პარალელურად გაგაცნობთ მშრომელთა უფლებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ორ ინოვაციურ ონლაინ რესურსს: „ მოპარული ხელფასის გამომთვლელს“ და „შრომის უსაფრთხოების მონიტორს.“
“მოპარული ხელფასის გამომთვლელის” შექმნის საჭიროება საქართველოში დასაქმებულთათვის კუთვნილი ანაზღაურების „მოპარვის“ გავრცელებულმა პრაქტიკამ განაპირობა. ხელფასის „მოპარვა“ გულისხმობს აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ შრომას, აუნაზღაურებელ შრომას არასამუშაო საათებში, ხელფასის უკანონო დაქვითვას, გადაუხდელ ფეხის ქირას (ეგრეთწოდებული „ჩაი“, „თიფსი“) და მშრომელთათვის კუთვნილი შრომის ანაზღაურების დასაქმებულის მიერ სხვა სახით უკანონო მითვისებას.
მოპარული ხელფასის გამომთვლელის დახმარებით შეგიძლიათ დაადგინოთ, რამდენად ხართ “მოპარული ხელფასის” მსხვერპლი და დაახლოებით გამოითვალოთ ის თანხა, რომელიც დამსაქმებელმა თქვენი კუთვნილი ანაზღაურებიდან მიითვისა.
Პლატფორმის მეორე მნიშვნელოვანი ონლაინ პროდუქტია, „Შრომის უსაფრთხოების მონიტორი“ – ონლაინ ბაზა, რომელიც ერთ სივრცეში აგროვებს საქართველოს შრომის ინსპექციის მიერ დასაქმების ადგილების შემოწმების ანგარიშებს და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, თვალი ადევნონ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებებს. Მონიტორის გამოყენებით დასაქმებულებს შეუძლიათ გადაამოწმონ შრომის ინსპექციის მიერ მათ სამუშაო ადგილზე გამოვლენილი დარღვევები და რამდენად იქნა, ესა თუ ის დარღვევა გამოსწორებული.
ღონისძიებაზე ასევე, განვიხილავთ Covid-19 პანდემიის პერიოდში შრომითი უფლებების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მძიმე გამოწვევებს.
ღონისძიების მომხსენებლები არიან:
მაინა კიაი, საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ახალი ალიანსებისა და პარტნიორობის ინიციატივის ხელმძღვანელი და გაეროს პირველი სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში (2011-2017 წწ.);
ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი;
სოფო ჯაფარიძე, სოლიდარობის ქსელის ხელმძღვანელი;
ჯეფ ვიზე, Human Rights Watch;
გიორგი ცინცაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი გიორგი ცინცაძე.
პლატფორმის შესახებ:
„Ღირსეული შრომის პლატფორმა“ წარმოადგენს ახლად დაფუძნებულ არაფორმალურ ერთობას, რომელიც საქართველოში სოციალური სამართლიანობისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნის იდეის გარშემო აერთიანებს დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებსა და ადამიანის უფლებების დამცველ შემდეგ ორგანიზაციებს.
● საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
● Human Rights Watch
● თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“
● ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“
● სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
● ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
● საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)