სოციალური სააგენტოს თანამშრომლები გაფიცვის პირას დგანან

19 ოქტ, 2021

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების კოლექტიური შრომითი დავის პროცესს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უზრუნველყოს მედიაციის პროცესის წარმოება და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შესაქმნელად საჭირო, მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების-სოციალური აგენტების, უფროსი სოციალური აგენტების, სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და მთავარი სპეციალისტები შრომითი პირობები უკიდურესად მძიმეა, ხოლო მათი საქმიანობა მოწყვლადი და დაურეგულირებელია. სააგენტოს თანამშრომლები დიდი ხანია საუბრობენ უმძიმეს  სამუშაო პირობებზე და არარსებულ, დაუცველ შრომით უფლებებზე. სამწუხაროდ, ქვეყნის შრომითი პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი უწყება შრომის სამინისტრო თავად ვერ უზრუნველყოფს, მის სისტემაში შემავალ ორგანოში დასაქმებულთათვის შრომითი კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვას და დასაქმებულებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სახელმწიფო მხარდამჭერ მთავარ რგოლს უნდა წარმოადგენდნენ, მსგავსი უსამართლო შრომითი პოლიტიკით თავად ხდის მოწყვლადს. სოციალურ სააგენტოს თანამშრომლებს ასევე უდიდესი როლი უჭირავთ ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობის დროული იდენტიფიცირებისა და რეფერირების კუთხით. ისინი თითოეულ ბავშვიან ოჯახში ავსებენ სპეციალურ ფორმას და აკეთებენ ძალადობისა თუ უგულებელყოფის გამოკვლევას. შესაბამისად მათი შრომის პირობების დაცვა და გაუმჯობესება, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემისთვის მყარი საფუძველია.

სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული მძიმე შრომითი პირობები მიმდინარე წლის ივნისში შრომის ინსპექციამ შეამოწმა. ინსპექტირების შედეგებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, სააგენტოში არსებული შრომითი დარღვევები და სახელმიწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებისა და პირობების გაუმჯობესების საჭიროება გამოაჩინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომითი პირობების არაერთი დარღვევა დაუდგინდა, მათ შორის:

  • ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების უკანონო პრაქტიკა: სოციალური აგენტების შრომითი ხელშეკრულებები კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, კონკრეტული ვადით ფორმდება, რაც 1 თვიან და ყოველი თვის შემდეგ კვლავ 1 თვით გახანგრძლივებულ შრომით ხელშეკრულებებს გულისხმობს. საქართველოს შრომის კოდექსი, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას მხოლოდ კონკრეტული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთარი რეკომენდაცია საქართველოს სახალხო დამცველმაც მიაწოდა და მიუთითა, რომ ასეთი პრინციპით შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს და ამ დარღვევის აღმოფხვრა სავალდებულოა.

 

  • სამუშაო აღწერილობის არარსებობა: შრომით ხელშეკრულებებში, როგორც წესი, არ არსებობს სოციალური აგენტების სამუშაო აღწერილობა. შესასრულებელი სამუშაოს სახე, მოცულობა და აღწერილობა შრომითი ურთიერღთობის ერთ-ერთ ფუნდამენტურად განსაზღვრულ საფუძველს წარმოადგენს. წინასწარ დადგენილი სამუშაო აღწერილობის გარეშე, დასაქმებული სოციალური აგენტებისთვის უკიდურესად რთული ხდება მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს იდენტიფიცირება.

 

  • ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება: შრომითი ხელშეკრულებები არ მოიცავს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესსა და პირობებს. შრომითი კანონმდებლობა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვალდებულებას დამსაქმებელს აკისრებს და მიუხედავად იმისა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მინიმალური განაკვეთი კანონმდებლობით რეგულირებული კვლავ არ არის, დამსაქმებელი ვალდებულია, წინასწარ განსაზღვროს მისთვისა და დასაქმებულისთვის ასეთი განაკვეთის მოცულობა და უზრუნველყოს დასაქმებულის ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება.

 

  • შვებულების უფლების შეზღუდვა: სოციალური აგენტებისთვის პრობლემურია როგორც ანაზღაურებადი, ასევე არაანაზღაურებადი შვებულების საკითხი. შრომითი ხელშეკრულებები შვებულებების ვადის, მისი მიცემის წესისა და ანაზღაურების თაობაზე ინფორმაციას არ მოიცავს.

 

აღსანიშნავია, რომ ინსპექციის მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოს შემოწმებამდე, რამდენიმე სოციალური აგენტის მიმართ, რომლებიც შრომითი უფლებების დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ სააგენტომ დისციპლინიური გადაცდომის საფუძვლით წარმოებებიც კი დაიწყო. დისციპლინური წარმოება მოგვიანებით შეწყდა და რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა აღნიშნული ქმედებით სააგენტომ საკუთარი უფლებამოსილების დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა და, მართალია, ირიბად, თუმცა  დასაქმებულებს არსებულ მძიმე პირობებზე შეგუებისა და ხმის ამოუღებლობისაკენ მოუწოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ინსპექციის მიერ არსებული დარღვევების გამოსასწორებლად 6 თვიანი ვადა მიეცა, თუმცა სოციალური აგენტები აღნიშნავენ, რომ ინსპექტირების შემდეგ მათი შრომითი მდგომარეობა მინიმალურადაც კი არ გამოსწორებულა.

მძიმე შრომითი პირობების პარალელურად, სოციალური აგენტები არსებული სახელფასო პოლიტიკის ნაკლოვანებებზე საუბრობენ და ხელფასების ზრდას მოითხოვენ. აგენტები, რომელთა საქმიანობა უმნიშვნელოვანესია და ქვეყანაში სიდუხჭრის გამოვლენას, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაცემის შესაძლებლობას იძლევა, დღეს თავად დგანან სოციალური კატასტროფის და უკიდურესი გაჭირვების წინაშე. მათი ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმსაც კი ვერ უტოლდება. სოციალური აგენტების უმრავლესობის ანაზღაურება ოჯახებში განხორციელებული შემოწმებების ოდენობაზეა დამოკიდებული. პანდემიის პირობებში კი აღნიშნული ვიზიტების ოდენობამ მნიშნველოვნად იკლო. სოციალური აგენტის მიერ შესრულებული თითოეული საქმის ანაზღაურება, 2009 წლის იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და 6 ლარს შეადგენს. უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებას- 550 ლარი, ხოლო სოციალური აგენტების ფიქსირებულ ხელფასს – 250 ლარი წარმოადგენს.

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს 246-მა თანამშრომელმა დამსაქმებელის მიმართ 11 პუნქტიანი მოთხოვნა წარადგინა და კოლექტიური შრომითი დავა დაიწყო. Მედიაციის პროცესში მათ ინტერესებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი-სოლიდარობის ქსელი წარმოადგენს.  Დასაქმებულთა  მთავარი მოთხოვნა კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების დადებას, არსებული სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას, გაწეული მომსახურების ტარიფებისა და ანაზღაურების გაზრდას უკავშირდება. ამასთან, სააგენტოს თანამშრომლები დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფო ფურცელზე (ბიულეტენზე) არსებობისას სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას მოითხოვენ.

დღეისათვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა და სააგენტოს შორის შრომითი მედიაციის პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა უკიდურესად მძიმე შრომითი პირობების აღიარება და დროული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უმნიშნველოვანესია სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემაში კრიზისული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, რამდენადაც ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან შემხევდრი ნაბიჯების არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულები საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად იძულებულები იქნებიან დაიწყონ გაფიცვის პროცედურები.

ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს სოციალურ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და იზიარებს მათი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდაუვალ აუცილებლობას.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს სამართლიანი მედიაციის პროცესის ჩატარება, აღიაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული სისტემური პრობლემები, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის მასიური ხასიათი და დაუყოვნებლივ დაიწყოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება მათთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით.

 

ირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
  • ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“

 

 

Share via
Copy link
Powered by Social Snap