„სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა,“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, კვლევის „შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობის შეფასება“ პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ქეთევან კუკავამ და „ღია საზოგადოების ფონდის“ სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერმა, ანანო ცინცაბაძემ.
„გამჭვირვალობა და ღიაობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების ნდობას საჯარო დაწესებულების მიმართ. შრომის ინსპექტირების სისტემა შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია. შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელოვანი როლისა და ფუნქციების გათვალისწინებით, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს გამოწვევები როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის, ისე პროაქტიული გამჭვირვალობის კუთხით. მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექციის სამსახურმა აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და გააუმჯობესოს გამჭვირვალობისა და ღიაობის ხარისხი,“ – აღნიშნა ქეთევან კუკავამ.
კვლევის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ პასუხობს დაინტერესებული პირის მოთხოვნას. მაგალითისთვის, სამსახურმა არ წარმოადგინა 2023 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში შემოწმებული ობიექტების ჩამონათვალი და მათ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იმ მიზეზით, რომ ამ პერიოდში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგები და შედგენილი საქმისწარმოების მასალები დამუშავების ეტაპზეა. ხაზგასასმელია, რომ სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
გარდა ამისა, შრომის ინსპექციის სამსახური სრულყოფილად არ ასრულებს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. დარღვეულია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება როგორც შინაარსობრივი, ისე პერიოდულობის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სამსახურის ბიუჯეტთან, სახელმწიფო შესყიდვებსა და ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია სამსახურის ვებგვერდზე საერთოდ არ არის წარმოდგენილი.
კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრა არსებითად მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობისა და ღიაობის გასაუმჯობესებლად.