მშენებლობის სექტორი – სამუშაო ადგილზე გარდაცვალების ტრადიციული პოლიგონი

24 მაი, 2023

შრომის ინსპექციის საქმიანობის სრული მანდატით ამოქმედებისა და გარკვეული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში არსებითად არ მცირდება სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. მძიმედ დაშავებისა და გარდაცვალების  სტატისტიკის მიხედვით, კვლავ დატვირთულია სამშენებლო ბუმით გამორჩეული თბილისი, ხოლო რეგიონებში- მძიმე ინდუსტრიის ზონა- იმერეთი. შრომის ინსპექციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში სამუშაო ადგილზე დაშავების 54, ხოლო დაღუპვის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. დაშავებულთაგან – 14 მძიმე შემთხვევაა, ხოლო 40 – საშუალო სიმძიმის.

დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა ტრადიციულად მაღალია სამშენებლო სექტორში. მხოლოდ 2023 წლის პირველ კვარტალში, სამშენებლო სექტორში მძიმედ დაშავების 4, საშუალო სიმძიმის- 6, ხოლო გარდაცვალების 4 შემთხვევაა აღნუსხული.

დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევათა მძიმე დინამიკა, ამ სექტორში დომინირებდა გასულ წლებშიც. შრომის ინსპექციის ანგარიშების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში სულ 35 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 16 – მშენებლობის სექტორში; 2021 წელსაც სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა გარდაცვალების 37 შემთხვევაა აღნუსხული, მათგან ყველაზე მეტი, 18 – მშენებლობის სექტორში.

არასახარბიელო მდგომარეობაა დამამუშავებელ მრეწველობასა და ავტომობილებისა და მოტოციკლეტების სარემონტო სამუშაოების წარმოების სფეროშიც. ცალსახაა, რომ აღნიშნულ რეგიონებსა და სექტორებში, შრომის ინსპექციის საქმიანობის პრევენციული მიმართულება სუსტია, ხოლო შედეგები – მძიმე.

„ღირსეული შრომის პლატფორმის“ შრომის უფლების მონიტორის გვერდი, ინსპექციის სამსახურის ინსპექტირების ანგარიშებსა და სტატისტიკას რეგულარულად აქვეყნებს.

 

Share via
Copy link
Powered by Social Snap