არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა შრომითი უფლებები
არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების შრომა ხშირად არაღიარებული, დაურეგულირებელი და დაუცველია.
თუმცა, ყველა მშრომელმა უნდა იცოდეს, რომ ღირსეული შრომის უფლება აქვს ყველას, მიუხედავად მათი სამუშაო ადგილის თუ დასაქმების ფორმისა.
ვინ ითვლება არაფორმალურად დასაქმებულად?
არაფორმალური დასაქმება/არასტანდარტული შრომა მოიცავს მშრომელების ფართო სპექტრს; ამ კატეგორიაში შედის ისეთი განსხვავებული ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად:
მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული მშრომელები
ე.წ. პლატფორმის ეკონომიკაში ჩართული პირები, (მაგალითად, ტაქსის მძღოლები, მიტანის სერვისის კურიერები)
საშინაო მშრომელები (მაგალითად, დამხმარეები, ძიძები)
შრომითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმებულები (მაგ. მშენებლობაზე ხელშეკრულების გარეშე დასაქმებულები და სხვა)
როგორ მოვიქცეთ, თუ შრომის ხელშეკრულება არ გვაქვს?
პირველ რიგში, შეგიძლიათ, დამსაქმებლისგან მოითხოვოთ შრომის ხელშეკრულების გაფორმება.
საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ თუ შრომით ურთიერთობა ერთ თვეზე მეტი ხნით გრძელდება, აუცილებელია, მხარეებს შორის არსებობდეს წერილობითი შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შრომითი ურთიერთობის ყველა არსებით პირობას, მათ შორის სამუშაო დროს, ადგილს, ანაზღაურების მიღების წესს, შესვენება-დასვენებისა და შვებულების დროებს. წერილობითი შრომითი ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი აუცილებლად უნდა მიიღოს დასაქმებულმა.
თუ დამსაქმებელი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე ან/და თქვენი ეგზემპლარის გადმოცემაზე უარს გეტყვით, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციას, რომელიც დამსაქმებელს შეამოწმებს და მას შრომითი ნორმების დარღვევის გამო შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.
გაითვალისწინეთ, რომ ინსპექციისთვის მიმართვის შემთხვევაში თქვენი კონფიდენციალურობა დაცული იქნება. ინსპექტორს არ აქვს უფლება, გაამხილოს ვისი მიმართვის საფუძველზე ახორციელებს ინსპექტირებას; უფრო მეტიც, დამსაქმებელი ვერც იმას შეიტყობს, საერთოდ მიმართა თუ არა ინსპექციას რომელიმე დასაქმებულმა, რადგან შრომის ინსპექტორი არც იმას იტყვის სამუშაო ადგილს საჩივრის საფუძველზე ამოწმებს თუ საკუთარი ინიციატივით.
როგორ დავიცვათ შრომითი უფლებები არაფორმალურ სექტორში
თუ წერილობითი შრომის ხელშეკრულება არ გაქვთ და თვლით, რომ თქვენი შრომითი უფლებები ირღვევა
ხშირად, დამსაქმებელი თვლის, რომ შრომითი ურთიერთობას არ არსებობს და დასაქმებულთან სხვა ტიპის ხელშეკრულება აფორმებს ან ხელშეკრულება საერთოდ არ არსებობს. ასეთ დროსაც, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აკვალიფიცირებს დამსაქმებელი არსებულ საქმიანობას, შესაძლოა, სახეზე იყოს შრომითი ურთიერთობა; მაგალითად, თუ არსებობს დაქვემდებარებული (სუბორდინაციული) დამოკიდებულება და სამუშაოს შესრულების პირობებს დამსაქმებელი ადგენს, დიდი ალბათობით, სახეზეა შრომითი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ სათანადო ხელშეკრულება და შრომის კოდექსით განსაზღვრული გარანტიები.
გაითვალისწინეთ, რომ მართალია, შრომის კოდექსი წერილობით ხელშეკრულებას მოითხოვს, თუმცა ეს ვალდებულება უპირველესად დამსაქმებელს მიემართება; ამიტომ, წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა ხელს არ გიშლით, სასამართლოს და სხვა უწყებებს საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოთ.
თუ დამსაქმებელი თქვენს შრომით უფლებებს არღვევს, მაგალითად, არ გაძლევთ შესვენების, შვებულების, ბიულეტენის გამოყენების უფლებას, არ ანაზღაურებს ზეგანაკვეთურ შრომას და სხვ., რეაგირებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციას. ინსპექცია დამსაქმებელს შრომითი უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დააკისრებს და აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრას დაავალებს.
თუ სამუშაო ადგილას უსაფრთხოება დაცული არ არის
იმ შემთხვევაშიც, თუ შრომის ხელშეკრულება არ გაქვთ, თქვენი უფლებაა, იმუშაოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. ამიტომ, თუ თქვენი სამუშაოს შესრულების ადგილას უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის ან სამუშაოს შესრულების პირობები (მაგალითად, მოგეთხოვებათ ზეგანაკვეთური შრომა, რაც უსაფრთხოების რისკებს ზრდის) თქვენი ან ნებისმიერი პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციას, რომელიც ვალდებულია, შეამოწმოს არა მხოლოდ დასაქმებულების, არამედ სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირის უსაფრთხოება, მიუხედავად აქვს თუ არა მას ოფიციალურად შრომითი ხელშეკრულება ან/და დასაქმებულის სტატუსი. ამასთან, სამუშაო სივრცეს საქართველოს კანონმდებლობა ფართოდ განმარტავს და მასში მოიაზრებს ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობას, სადაც დასაქმებული და სხვა პირი იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს. შესაბამისად, დამსაქმებელი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მაშინაც, როდესაც მშრომელი უშუალოდ დასაქმების ადგილას არ იმყოფება; შესაბამისად, სამუშაო სივრცედ ჩაითვლება ის ადგილი, სადაც, მაგალითად, მშრომელი სარემონტო ან სხვა ტიპის სამუშაოებს ასრულებს გამოძახებით, ასევე, ის ტერიტორია, სადაც მიტანის სერვისში დასაქმებული კურიერი სამუშაოს შესრულების მიზნით გადაადგილდება.
ორგანიზება შრომითი უფლებების დასაცავად
საქართველოს კანონმდებლობა პროფესიული კავშირების („პროფკავშირი“) შექმნის უფლებას შრომითი ურთიერთობის არსებობას და დასაქმებულის სტატუსს უკავშირებს.
მიუხედავად ამისა, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები შეიძლება გაერთიანდნენ არაფორმალურად (პროფესიული კავშირის სამართლებრივი სტატუსის გარეშე), ორგანიზდნენ და ამ გზით შეეცადონ, შრომითი უფლებების დაცვას.
ორგანიზება მშრომელებს საკუთარი უფლებების დასაცავად ქმედით ბერკეტებს აძლევს, მაგალითად, მათ შეუძლიათ, დამსაქმებელთან სამუშაო პირობები ერთობლივად მოილაპარაკონ, რაც მოლაპარაკების მათ სასარგებლოდ დასრულების შანსებს ზრდის; ასევე – გამოიყენონ გაფიცვის მექანიზმი და დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესება ამ გზით მოითხოვონ.
არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა სოციალური გარანტიები
არაფორმალურად დასაქმებულებზე/არასტანდარტულ მშრომელებზე პირდაპირ არ ვრცელდება ის მწირი გარანტიებიც კი, რასაც შრომის კოდექსი და, ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რითაც დამსაქმებლები ბოროტად სარგებლობენ და მშრომელების ექსპლუატაციას ახდენენ; მაგალითისთვის, იმ მშრომელებს, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების გარეშე ასრულებენ სამუშაოს, შეზღუდული აქვთ ბიულეტენით (საავადმყოფო ფურცლით), ანაზღაურებადი შვებულებით, დამსაქმებლის მიერ უზრუნველყოფილი დაზღვევით სარგებლობა. თუმცა, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლოა, ეს გარანტიები არაფორმალურად დასაქმებულებზეც გაავრცელოს.
გარდა ამისა, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ვერ ერთვებიან ერთიან საპენსიო სქემაში. სოციალური გარანტიების არარსებობა ხელს უწყობს მუდმივ ეკონომიკურ დამოკიდებულებას, რაც არაფორმალურად დასაქმებულების მოწყვლადობას კიდევ უფრო აძლიერებს, ხოლო ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის და დასაქმების სხვა ალტერნატივების ხელმიუწვდომლობის გამო, მშრომელები იძულებული არიან, დათანხმდნენ დამსაქმებლის ნებისმიერ შემოთავაზებას.
ამიტომაც, თუ ხართ მშრომელი და სამუშაოს შრომის ხელშეკრულების გარეშე ასრულებთ, მოითხოვეთ დამსაქმებლისგან ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება, რათა შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიებით სარგებლობა შეძლოთ (გქონდეთ ანაზღაურებადი შვებულება, ბიულეტენი, ნორმალური სამუშაო გრაფიკი და სხვ.) ან გაერთიანდით სხვა მშრომელებთან და ამ გზით დაიცავით საკუთარი შრომითი უფლებები.
შრომითი უფლებების შესახებ უფასო იურიდიული კონსულტაციისთვის შეგიძლიათ, ჩვენც მოგვმართოთ.