რა არის პროფესიული კავშირი?
შრომით ურთიერთობის დამახასიათებელი თვისებაა, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული თანასწორ მდგომარეობაში არ არიან. დასაქმებული ექვემდებარება დამსაქმებელს. აღნიშნული აჩენს საფრთხეს, რომ დამსაქმებელმა ბოროტად ისარგებლოს უპირატესობით და ექსპლუატაცია გაუწიოს მშრომელ ადამიანს. ამიტომ, ურთიერთობის მხარეთა შორის ბალანსის მიღწევის მიზნით, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგლამენტირება და მეორე მხრივ, თავად დასაქმებულთა ინიციატივა, გაერთიანდნენ და ერთად დაიცვან თავიანთი უფლებები.
პროფესიული კავშირი არის საერთო ინტერესების მქონე მშრომელთა ნებაყოფლობითი და დამოუკიდებელი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომელიც იბრძვის საკუთარი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების და ინტერესების გაუმჯობესებისათვის.
პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად: „პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.“ (მე-2 მუხლის პირველი პუნქტი)
რატომ პროფკავშირი?
ვინაიდან შრომითი ურთიერთობის დროს დასაქმებული დაქვემდებარებულია დამსაქმებელს და იგი ურთიერთობაში შედარების „სუსტი“ მხარეა, მას სჭირდება სხვა მშრომელების გვერდში დგომა და სოლიდარობა იმისთვის, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამყარდეს ძალთა ბალანსი. შესაბამისად, პროფკავშირი არის ორგანიზაცია, რომელსაც თავისუფალი ნების საფუძველზე ქმნიან და მართავენ თავად მშრომელები. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით მუშაკები საერთო მიზნებისთვის ერთად იბრძვიან, რაც ზრდის მათი წარმატების ალბათობას.
საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება.
პროფკავშირის წევრები დაცულნი არიან კანონმდებლობით.
პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე.
პროფესიული კავშირი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საკუთარი წესდება და ბიუჯეტი. იგი რეგისტრირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ.
ვის აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება ?
საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნის და მასში გაერთიანების უფლება. (მუხლი 26)
გახსოვდეთ, პროფესიული კავშირის შექმნას ან მასში გაწევრიანებას არ სჭირდება დამსაქმებლის თანხმობა. არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს ან/და აუკრძალოს დასაქმებულებს შექმნან პროფესიული კავშირი ან გაწევრიანდნენ მასში.
შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით.
პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი, საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიულ სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა ნიშნის მიხედვით.
არსებობენ სამსახურები რომლებიც პროფესიული კავშირის შექმნის თავისებურებებით ხასიათდებიან. მაგალითისთვის, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგადასახადო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიული კავშირების შექმნის თავისებურება განისაზღვრება ამ ორგანოებისა და სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
ყველაფერი რაც უნდა იცოდე პროფკავშირის შესაქმნელად!
შექმნის წესი (სამართლებრივი ფორმა, ვის აქვს შექმნის უფლება, რეგისტრაციის წესი და ა.შ)
პროფესიული კავშირი შეიძლება დაფუძნდეს სულ ცოტა 25 პირის ინიციატივით. პროფკავშირის დაფუძნებას არ სჭირდება წინასწარი ნებართვა.
მთავარია 25-მა ადამიანმა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება პროფკავშირის დაფუძნების შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერები დამოწმებულ უნდა იქნეს შესაბამისი წესით (ნოტარიუსის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ).
პროფესიული კავშირი რეგისტრირდება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
პროფესიული კავშირის დაფუძნებას სჭირდება ორგანიზაციის წესდება, რომელშიც ასახული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია.
ორგანიზაციის რეგისტრაციას ახდენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
რა პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს პროფესიული კავშირი საქმიანობისას?
უმთავრესია, რომ პროფესიული კავშირი იმართებოდეს დემოკრატიული გზით. ორგანიზაციის თითოეულ წევრს ჰქონდეს ხმის უფლება და შეეძლოს მონაწილეობა პროფესიული კავშირის მართვაში. პროფესიულ კავშირს არ უნდა ხელმძღვანელობდნენ საწარმოში მაღალი თანამდებობის/ მართვისა და კონტროლის უფლებამოსილების მქონე პირები.
პროფესიული კავშირის წევრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული პროფკავშირულ საქმიანობაში და სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ.
პროფესიული კავშირის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს მშრომელთა უფლებების დაცვა. პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობა არ უნდა შედიოდეს ფარულ გარიგებებში დამსაქმებელთან და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. პროფესიული კავშირის საქმიანობა და ბიუჯეტი უნდა იყოს გამჭვირვალე ყველა წევრისათვის.
რა აუცილებელ მონაცემებს უნდა შეიცავდეს პროფესიული კავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია?
პროფესიული კავშირის წესდება უნდა შეიცავდეს :
- პროფესიული კავშირის სახელწოდებას;
- მიზნებს და ამოცანებს;
- პროფესიულ კავშირში წევრის მიღების და წევრობიდან გასვლის წესს;
- წევრთა უფლებებს და მოვალეობებს;
- პროფესიული კავშირის სტრუქტურას;
- უმაღლესი ორგანოებისა და ხელმძღვანელი/წარმომადგენელი ორგანოების კომპეტენციასა და უფლებამოსილების ვადებს. ამ ორგანოების ფუნქციონირების წესს;
- შემოსავლის და ქონების შექმნის წყაროებისა და გამოყენების წესს;
- წესდებაში ცვლილების შეტანის პირობებს;
- საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს;
- ადგილსამყოფელს და სამოქმედო ტერიტორიას;
პროფესიული კავშირისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები აგრეთვე განისაზღვრება პროფესიული კავშირის წესდებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დაცვის გარანტიები და პროფესიული კავშირების ძირითადი უფლებები;
- პროფესიული კავშირი, იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.
- პროფესიული კავშირი იცავს პროფკავშირის წევრთა უფლებებს, თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც.
- პროფესიული კავშირი წარმოადგენს და იცავს თავის წევრთა უფლებებს დამსაქმებლების დამსაქმებელთა გაერთიანებების და სახელმწიფოს წინაშე. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს წარმოადგინოს თავისი წევრები სასამართლოში კვალიფიციური იურისტების მეშვეობით.
პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ კონტროლს უწევს, რომ თავიდან იქნეს აცილებული დასაქმებულთა ექსპლუატაცია და ჩაგვრა, მათი შრომითი უფლებების შელახვა. ამ მიზნით კავშირს უფლება აქვს შრომის კანონმდებლობის დაცვის, შექმნას შრომის დაცვის სამსახური (შრომის ტექნიკური, სამართლებრივი დაცვის მუშაკებისა და რწმუნებული ექიმების შემადგენლობით), რომელიც იმოქმედებს ამ პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.
პროფესიული კავშირის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე, სადაც პროფკავშირის წევრები მუშაობენ, შრომის კანონმდებლობის, პროფესიული კავშირების შესახებ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონების, კოლექტიური ხელშეკრულებების, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებისა და გენერალური შეთანხმებების შესაბამისად.
პროფესიულ კავშირს ძირითადი უფლებებია:
- წარმოადგინოს მშრომელთა ინტერესები სახელმწიფოს წინაშე;
- მუშაკთა – პროფკავშირის წევრთა – შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს სარჩელი, შეიტანოს განცხადება და გამოვიდეს სასამართლოში ან შრომითი დავის განმხილველ სხვა ორგანოში;
- მუშაკებს – პროფკავშირის წევრებს – გაუწიოს სამართლებრივი დახმარება;
- თავისი სტრუქტურის ფარგლებში შექმნას იურიდიული განყოფილებები და კონსულტაციები.
- წამოიწყოს და აწარმოოს კოლექტიური დავა დამსაქმებელთან;
- დადოს კოლექტიური ხელშეკრულება დამსაქმებელთან;
ვინ არის კოლექტიური ხელშეკრულების სუბიექტი?
პროფესიული კავშირი როგორც წესი აწარმოებს კოლექტიურ მოლაპარაკებას დამსაქმებელთან დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა ერთ-ერთ საქმეზე: „შრომის უფლებების დაცვისა და ამავე დროს შრომითი სახელშეკრულებო თავისუფლების უზრუნველყოფას შორის საუკეთესო ბალანსის დასაცავად მნიშვნელოვანია დამსაქმებელზე ზემოქმედების ძირითადი წყარო იყოს არა საკანონმდებლო აკრძალვები, არამედ დასაქმებულთა კერძო ინიციატივა პროფესიული კავშირების, კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმების თუ სხვა თვალსაზრისით.“[1]
ინდივიდუალური მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, კოლექტიური მოლაპარაკებებისას პროფესიულ კავშირს უფრო ძლიერი ბერკეტი აქვს მიაღწიოს დადებით შედეგს, რადგან მოლაპარაკებების მხარეთა ძალთა ბალანსი შედარებით დაცულია, განსხვავებით ინდივიდუალური მოლაპარაკებისა.
კოლექტიური ხელშეკრულება სუბიექტი შეიძლება იყოს, ერთ ან ერთზე მეტ დამსაქმებელი/ერთ ან ერთზე მეტ დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთ ან ერთზე მეტ დასაქმებულთა გაერთიანება. ამ სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შრომის უფლებებს, ასევე მხარეებს შორის ურთიერთობის რეგულირების წესებს.
მხარეები, თავად განსაზღვრავენ კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს.
დაუშვებელია კოლექტიური ხელშეკრულების დადებისას სახელმწიფო მიერ, რაიმე სახით ჩარევა.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2/2/565 საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. <https://matsne.gov.ge/ka/document/view/3272760?publication=0> [05.01.2021]
რას უნდა ითვალისწინებდეს კოლექტიური ხელშეკრულება?
- კოლექტიური ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
- კოლექტიური ხელშეკრულებით ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ამ ხელშეკრულების სუბიექტები.
- განსაზღვრული ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მისი ძალაში შესვლის თარიღსა და ვადის გასვლის თარიღს.
- განუსაზღვრელი ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მისი გადასინჯვის, შეცვლისა და შეწყვეტის შესახებ დებულებებს.
ვინ შეიძლება იყოს კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში წარმომადგენელი?
დასაქმებულთა გაერთიანება უფლებამოსილია ნებისმიერ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს მიანიჭოს წარმომადგენლობის უფლება. რომელსაც, თავის მხრივ უფლება ექნება დადოს, ცვლილება შეიტანოს ან შეწყვიტოს კოლექტიური ხელშეკრულება.
დასაქმებულთა გაერთიანების წარმომადგენელი მოქმედებს მხოლოდ იმ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებმაც მას წარმომადგენლობის უფლება მიანიჭეს.
გაქვთ სხვა შეკითხვები? გაინტერესებთ პროფკავშირში გაწევრიანება?
დაგვიკავშირდით info@shroma.ge ჩვენ დაგეხმარებით.