სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევები (2023)

11 ივნ, 2024

ჩვენს ვებ-გვერდზე განვაახლეთ ინფორმაცია სამუშაო ადგილზე გარდაცვალების და დაშავების სტატისტიკის შესახებ და ავსახეთ ბოლო, 2023 წლის მონაცემები შრომის ინსპექციის ანგარიშიდან.

საბოლოო ჯამში, გასული წლის სტატისტიკა 2022 წლის მსგავსია, თუმცა სამუშაო ადგილას დაშავების რიცხვმა გასულ წელს დაახლოებით 5%-ით მოიმატა (ეს რიცხვი 2022 წელს 330 იყო, ხოლო 2023 წელს 347 შეადგინა). გაიზარდა ასევე მძიმე უბედური შემთხვევების რაოდენობაც, თუმცა სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის იდენტური დარჩა (35 შემთხვევა 2022 წელს, ხოლო 2023 წელს – 34). მშენებლობის, წარმოების და სამთო-მოპოვების სექტორები ისევ ყველაზე სახიფათო დარგებად დარჩა დასაქმებულებისთვის. 2019 წლიდან სწორედ ამ სექტორებში ფიქსირდება დაშავებისა და გარდაცვალების საერთო მაჩვენებლის 55%-ზე მეტი.

ანგარიშში, ალბათ, ყველაზე შემაშფოთებელია, რომ 100,000 დასაქმებულზე დაშავების რიცხვი არ მცირდება. სინამდვილეში, ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება 2019 წლიდან (თუმცა, ზრდა უფრო მცირე იყო 2023 წელს). დადებითი ტენდენციაა ის, რომ ამ დროის განმავლობაში, 100,000 დასაქმებულზე გარდაცვალების მაჩვენებელი კლებადია.

აღსანიშნავია, რომ აქამდე შრომის ინსპექცია კვარტალურად გვაწვდიდა მონაცემებს სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ, თუმცა გასულ წელს ამ ინფორმაციის მოწოდება შეწყვიტა. შრომის ინსპექციის ეს პრაქტიკა თანხვედრაშია ბოლო წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის მკვეთრად გაუარესების ტენდენციასთან. შესაბამისად, მომავალ წლამდე, სანამ ინსპექცია 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს არ გამოაქვეყნებს, ამ ინფორმაციაზე წვდომა არ გვექნება.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shroma.ge/workplace-deaths-injuries/

Share via
Copy link
Powered by Social Snap