ავტობანის მშენებელი კომპანიის მიერ შრომითი უფლებების დარღვევის ისტორია

25 აპრ, 2023

რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო მანქანების მძღოლების გაფიცვა გრძელდება. დასაქმებულები მშენებელი ჩინური კომპანიისგან სამუშაოს სიმძიმის შესაბამის ღირსეულ დღიურ ანაზღაურებასა და სამუშაო საათების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობამდე განსაზღვრას ითხოვენ. გაფიცული მძღოლები აღნიშნავენ, რომ სამუშაო ადგილზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.

აღნიშნული კომპანიის მიერ შრომის უფლებების დარღვევა პირველად არ ხდება.

„შრომის უფლებების მონიტორი“ შრომის ინსპექციის მიერ საწარმოთა  შემოწმებების ინფორმაციას უყრის თავს და ნებისმიერ მსურველს აძლევს წვდომას, საწარმოთა მიერ შრომის უფლებების დარღვევის მკაფიო სურათზე.

მონიტორის მონაცემებით,  „ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ ინსპექტირება 2021 წლის იანვარსა და თებერვალში განხორციელდა. ინსპექტირების შედეგად ცხადი გახდა, რომ კომპანიას:

  • არ ჰქონდა ან არასრული იყო მისი რისკების შეფასების პოლიტიკა ან/და არ იცავდა პრევენციულ ღონისძიებებს;
  • არ უზრუნველყოფდა დასაქმებულთა სწავლებასა და ინსტრუქტაჟს
  • სამუშაო ადგილზე დაშვებამდე, არ ამოწმებდა პირთა ალკოჰოლურ ან სხვაგვარი თრობის მდგომარეობას;
  • არ ამოწმებდა ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომაროებას და არ ხდებოდა დოკუმენტირება;
  • არ უზრუნველყოფდა დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
  • არ იცავდა სანიტარულ და ჰიგიენურ სტანდარტებს;
  • არ შეუფასებია რისკის შემცველი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები;
  • არ იყენებდა კოლექტიური დაცვის ღონისძიებებს (ვენტილაცია, დამცავი ფარები და სხვა);
  • არ იცავდა ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ უსაფრთხოების ღონისძიებებს (ელექტროუსაფრთხოება, ბალონების შენახვა და სხვა);
  • იყენებდა საფრთხისშემცველ სამუშაო იარაღებს ან მოწყობილობებს (გარდა პერსონალური დაცვის საშუალებებისა).

შრომის ინსპექციის არსებული მონაცემებით, დარღვევების გამოსწორების მონიტორინგისთვის რეინსპექტირება არ განხორციელებულა. 2021 წლის იანვრის ბოლოს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი დასაქმებული, რისი შეუტყობინებლობის გამოც კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.

კომპანიის მიერ შრომის უფლებების დარღვევის ისტორიისა და მიმდინარე გაფიცვის გათვალისწინებით, აუცილებელია, შრომის ინსპექციამ, დაუყოვნებლივ, კვლავ შეისწავლოს კომპანიაში დასაქმებული მძღოლების შრომითი პირობები და უსაფრთხოების ნორმები და გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები;

იხილეთ „ღირსეული შრომის პლატფორმის“ განცხადება ამავე თემაზე:

Share via
Copy link
Powered by Social Snap