ათასობით თვითდასაქმებული დედა მხარდაჭერის გარეშე – „დეკრეტის“ შვებულების ხარვეზები

21 დეკ, 2023

2022 წელს საქართველოში 42 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. მათი დედებიდან, 14 000-ზე ოდნავ მეტმა ისარგებლა დეკრეტული შვებულებით, ხოლო დახმარების მიღმა 28 000-ზე მეტი დედა დარჩა.  მათ შორის იყვნენ თვითდასაქმებული ქალები.

ამ და სხვა მონაცემებზე, იურისტმა და შრომის სამართლის ექსპერტმა, ლინა ღვინიანიძემ ისაუბრა, კვლევის „დედობის და მშობლობის შვებულება საქართველოში. (კანონმდებლობა, პრაქტიკა და რეფორმის ხედვა)“ პრეზენტაციისას. კვლევა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

კვლევის მთავარი დასკვნაა, რომ „დეკრეტულ“ შვებულებაზე ხელი არ მიუწვდება ქალთა მრავალფეროვან ჯგუფს. მაგალითად,  არასტანდარტულ მშრომელებს, იმ ქალებს, ვისაც დამსაქმებელმა  შრომითი ხელშეკრულებების ნაცვლად, კერძო/მომსახურების ხელშეკრულება გაუფორმა,  პლატფორმულ მშრომელებს, კურიერებს, მძღოლებს, დამხმარე ქალებს, ძიძებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, სახელმწიფო გადასახადებს იხდის და ამგვარად, ბიუჯეტის კონტრიბუტორია.

„წლებია ვსაუბრობთ, რომ „დეკრეტის“ შვებულება უნდა გაუმჯობესდეს, ვისზე ვლაპარაკობთ? რომელ ქალებზე ვლაპარაკობთ? რადგან ჩანს, რომ „დეკრეტის“ შვებულება ძალიან მცირე ჯგუფისთვის განკუთვნილი ბენეფიტია და ათასობით ქალი ამ სისტემის მიღმაა დარჩენილი“, – თქვა ლინა ღვინიანიძემ.

თუმცა, სისტემას გამოწვევები ქალთა იმ ჯგუფების მიმართაც აქვს, ვისაც დედობის შვებულება უნაზღაურდება. საქართველოში დედობის და მშობლის ანაზღაურებადი შვებულება კანონით, 6 თვეს გრძელდება. თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა საჯარო მოხელეებთან მიმართებით, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს  კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს, რადგან მათი ანაზღაურება, ერთჯერადი ბენეფიტის, 2000-ლარის სახით გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორში დასაქმებული ქალი თვეში სახელმწიფოსგან 333 ლარს იღებს, მაშინ როდესაც საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს, ამ პერიოდში, როგორც წესი, უნარჩუნდებათ არსებული, ყოველთვიური ხელფასი.

ანაზღაურების დაბალი სტანდარტი, ხელს უშლით ქალებს, სამუშაო ბაზარზე დაბრუნდნენ და განაგრძონ მუშაობა.  დაბალი ანაზღაურება პრობლემაა ასევე იმიტომაც, რომ ბავშვის დაბადების შემდგომ შვებულების ანაზღაურება უნდა გასწვდეს ბავშვის კვებასთან, ჯანდაცვის სერვისებთან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელთა დაფარვა, პრაქტიკულად შეუძლებელია, შინამეურნეობაში მყოფი სხვა წევრების დახმარების გარეშე, მხოლოდ სახელმწიფოს ერთჯერადი ანაზღაურების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ „დეკრეტული“ შვებულების არსებული სისტემა პროცესში საერთოდ ვერ ხედავს მამის როლს, რადგან საქართველოში კაცები ვერ სარგებლობენ ბავშვის დაბადებისას, მამობის შვებულებით. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ბავშვის მოვლის შვებულებით, თუმცა, ამ შემთხვევაში, ასეთი შვებულებით  ვეღარ ისარგებლებს დედა. კანონის ეს დანაწესი კი არჩევანისას, აიძულებს დედებს, ორივეს მაგივრად მათ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით, რაც ნაკლებ შესაძლებელს ხდის ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ტვირთის თანასწორ განაწილებას ორივე მშობელზე.

ხარჯებს მიღმა, კვლევის ფარგლებში გამოკითხვის დროს, დედები საუბრობდნენ მშობიარობის შემდგომ ფსიქო-სოციალური თერაპიის საჭიროებასა და ხელმიუწვდომლობაზე, ასევე მწვავედ გამოიკვეთა მშობლობასთან დაკავშირებული პირველადი ინფორმაციის და ზრუნვის სერვისების არ არსებობის პრობლემა.

საქართველოში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის დღეს არსებული სახელმწიფო პოლიტიკა სიმბოლურია, რადგან მას ქალებისა და ბავშვების უმრავლესობისთვის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა არ მოაქვს, არ ქმნის მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს. ამ სისტემაში დედებისთვის უარყოფილია სოციალური, ფსიქოლოგიური და კულტურული საჭიროებები და ის აღრმავებს ქალთა შორის უთანასწორობას. სწორედ ამიტომ, კვლევის ინიციატორები მიზნად ისახავენ ამ საკითხზე მომუშავე აქტორების გაერთიანებას, დისკუსიის გახსნას და ღირსეული დეკრეტული შვებულების სისტემის დასანერგად, გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ინფორმირებული ბიძგის მიცემას.

იხილეთ კვლევა ვრცლად: 

Share via
Copy link
Powered by Social Snap