ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიში: შრომის უფლება

22 მარ, 2023

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოში, 2022 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანგარიში გამოაქვეყნა. ღირსეული შრომის პლატფორმის წევრმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, შეაფასა ანგარიში  და მიიჩნია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ზოგადი მდგომარეობა 2022 წელს  გაუარესებულია.

ანგარიში დეტალურად ეხება შრომის უფლებას და გასულ წელს ამ კუთხით ყველაზე პრობლემურ საკითხებს გამოყოფს.

პროფკავშირული საქმიანობა და გაფიცვა:

ანგარიშის თანახმად, პროფკავშირული საქმიანობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული დასაქმებულების აღდგენა, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ უფლებებს შორის არ არის; პრობლემურია ასევე დამსაქმებლის მედიაციის პროცესში მონაწილეობის ბუნდოვანი ხასიათი, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლები არაკეთილსინდისიერად არიდებენ თავი მოლაპარაკების პროცესს. ანგარიშში გაკრიტიკებულია დასაქმების სფეროების უსაფუძვლოდ ფართო ჩამონათვალი, სადაც გაფიცვის უფლება შეზღუდულია. გარდა ამისა, ანგარიში კრიტიკულად აფასებს სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებულ დასაქმებულთათვის უფლების აღდგენის პროცესის ხანგრძლივობას და მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ეფექტურად არ არის დაცული შეკრების მანიფესტაციისა და პროფკავშირული საქმიანობის აღსრულების მექანიზმები.

შრომის ინსპექციის არასაკმარისი რესურსები:

ანგარიში გამოყოფს შრომის ინსპექციის სუსტ ინსტიტუციურ მდგომარეობას, მათ შორის, ინსპექტორთა ნაკლებობას, რაც შრომის კანონმდებლობის მხოლოდ ნაწილობრივ აღსრულებას ხდის შესაძლებელს. გარდა ამისა, პრობლემურია დასაქმებულთა მონაწილეობის ნაკლებობა ინსპექციის საქმიანობაში. ხშირად უშუალოდ განმცხადებელთა ჩართვა არ ხდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. შრომის კანონმდებლობის დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმები და პასუხისმგებლობის სხვა სახეები, გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევისათვის განსაზღვრული სანქციები.

ქალთა შრომა:

ანგარიში ქალთა და უმცირესობათა დისკრიმინაციის საკითხებსაც ეხება, როგორც სამუშაო პროცესში, ისე სამუშაოზე აყვანის დროს. ასევე კრიტიკულადაა შეფასებული  ქალთა ნაკლებ კომპეტენტურ, დაბალ ანაზღაურებად სამუშაოებზე ხშირად დასაქმებისა და მაღალ თანამდებობებზე წარმომადგენლობის სიმცირის საკითხები. ანგარიში მწვავედ აკრიტიკებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების სიმცირესა და შეუსაბამო სისტემას.

მინიმალური ხელფასი:

ქალთა და მამაკაცთა უთანასწორო ანაზღაურების საკითხს ახალისებს სახელმწიფო დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და სახელფასო სხვაობის დეტექციის მყარი მეთოდოლოგიის არ არსებობა. ანგარიში აკრიტიკებს მინიმალურ ხელფასს საქართველოში, როომელიც ადრეული 90-იანი წლების შემდგომ, თვეში 20 ლარს შეადგენს.

შრომის უსაფრთხოება:

პრობლემურ საკითხადაა გამოყოფილი დასაქმებულთა სამუშაოს დაკარგვის შიში, უსაფრთხო შრომის პირობებსა და დაცვის ადექვატურ საშუალებების მოითხოვნის გამო. ეს პრობლემა განსაკუთრებით მონოინდუსტრიულ ქალაქებში იჩენს თავს, სადაც მძიმე ინდუსტრია დასაქმების ერთადერთი საშუალებაა. მოპოვებითი საქმიანობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ სფეროდ რჩება. დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა მხოლოდ უმნიშვნელო დადებითი დინამიკით ხასიათდება.

არაფორმალური და არასტანდარტული შრომა:

ანგარიში ეხება ეკონომიკაში არაფორმალური მშრომელების მაღალ წილსა და სოციალური დაცვის დაბალ ხარისხს.  აქვე, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ არასტანდარტული დასაქმების ადგილებზე, დაშავებისა თუ გარდაცვალების სტატისტიკა, არანაკლებია, ვიდრე მძიმე ინდუსტრიის ქალაქებში. (პლატფორმის ეკონომიკის (გლოვო, ვოლტი აშ.) დასაქმებულები).

Share via
Copy link
Powered by Social Snap