მოსაზრება | საქართველოს შრომის ზედამხედველობის ორგანომ გამჭვირვალობის ნაწილში უკან დაიხია

21 ივლ, 2023

შრომითი უფლებების დარღვევების მასშტაბისა და მშრომელთა უფლებების არასათანადო დაცვის ფონზე, საქართველოს შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება ინსპექტირების ანგარიშებში დამსაქმებლების სახელების დაშტრიხვის შესახებ, გამჭვირვალობის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს შრომის ინსპექციამ, რომელიც  შრომითი უფლებების დაცვას და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებას ზედამხედველობს, აპრილის შუა რიცხვებიდან ინსპექტირების ანგარიშებში დამსაქმებლების სახელების ამოშლა დაიწყო, რასაც შრომის მონიტორინგის ორგანიზაციების აღშფოთება და სამართლებრივი წინააღმდეგობა მოჰყვა.

ცხადია, ბიზნესებისთვის დისკომფორტი იყო, რომ მათ მიერ შრომითი უფლებებისა და რეგულაციების დარღვევის ფაქტები აშკარავდებოდა, რასაც შედეგად რიგ შემთხვევებში ფულადი ჯარიმები ან სხვა სახის სანქციები მოყვებოდა. თუმცა გამჭვირვალობა დამსაქმებლებს დარღვევების გამოსწორებისკენ უბიძგებდა და მშრომელებს აძლევდა შესაძლებლობას, დაჰკვირვებოდნენ დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილზე შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას.

5 ივლისს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ „ღირსეული შრომის პლატფორმასთან“ ერთად, დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლოში საჩივარი შეიტანა. საჩივრის თანახმად, იმ დამსაქმებელთა სახელებს, რომლებიც შრომით უფლებებს არღვევენ, საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “კანონი არ იცავს, როგორც ამას ინსპექცია ამტკიცებს. საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ გამჭვირვალობაზე უარის თქმა დამკვიდრებულ პრაქტიკასთან წინააღმდეგობაშია.

მნიშვნელოვანი დარტყმა გამჭვირვალობაზე

დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, შრომის ინსპექცია, ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების შესაბამისად, ანგარიშებს ღირსეული შრომის პლატფორმას უზიარებდა. პლატფორმა კი ამ ანგარიშებს ონლაინ მონაცემების ბაზაში, „შრომის უფლებების მონიტორზე“ აქვეყნებდა, და საზოგადოებას მათზე წვდომა თავისუფლად შეეძლო.

ინსპექციის ახალი პოზიცია კი მნიშვნელოვანი დარტყმაა გამჭვირვალობაზე და არღვევს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს – უზრუნველყოს მშრომელებისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი სამუშაო გარემო და დაიცვას მათი უფლებები; ინსპექციის გამჭვირვალობა საფრთხისშემცველი სამუშაო გარემოს შესახებ არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცვის გარანტი იყო.

ინსპექციას ონლაინ ბაზა არ აქვს და მონიტორინგის ანგარიშებს საჯაროდ არ აქვეყნებს, ამიტომ ამ დანაკლისს „შრომის უფლებების მონიტორი“ ავსებდა.

მეტი ღიაობა იმედის ნაპერწკალს აჩენდა. კომპანიის სახელების გასაჯაროება, კონკრეტული დარღვევებისა და სანქციების დასახელება საზოგადოებაში ინსპექციის მიმართ ნდობას გაამყარებდა, ბიზნესებსა და ინსპექციას კი გაუმჯობესებისკენ უბიძგებდა.

ინსპექციის ბოლოდროინდელი ისტორიაც აჩვენებს, რატომ არის გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობის მოპოვება მნიშვნელოვანი. 2006 წელს, საქართველომ შრომითი უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად შეამცირა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საბაბით ძირეული ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში შრომის ინსპექცია გააუქმა.

გადაწყვეტილებამ დასაქმებულთათვის კატასტროფული შედეგები მოიტანა. სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა 74%-ით გაიზარდა. რეფორმებს შედეგად არც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მოყვა. უფრო მეტიც, უმუშევრობის დონის მატება 2010 წლის ჩათვლით გაგრძელდა.

ინსპექცია 2015 წელს აღდგა, თუმცა მკაცრად შეზღუდული უფლებამოსილებით; უწყების მანდატი ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ვრცელდებოდა, თუმცა არა შრომით უფლებებზე. 2019 წელს, უფლებამოსილება გაიზარდა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაუგეგმავი ინსპექციის ჩატარების შესაძლებლობაც მოიცვა (ნებისმიერ სექტორში).

2021 წელს, მანდატი კიდევ გაფართოვდა და ინსპექცია სრული მანდატით ამოქმედდა. ამასთან, 2021 წელს შრომის კოდექსიც განახლდა, რამაც სამუშაო დროის რეგულაციის, ღამის ცვლებისა და დასვენების საკითხებიც მოიცვა. კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა და ინსპექციის მანდატის გაფართოებას შეუწყო ხელი.

საბოლოოდ, ყველაფერი მზად იყო, რომ შრომის ინსპექცია მშრომელთა უფლებების დაცვისთვის მართლაც ეფექტური მექანიზმი გამხდარიყო.

„ისე გვექცევიან, როგორც მონებს“

დღეს კი საქართველოს ძალიან სჭირდება ძლიერი და გამჭვირვალე ინსპექცია. შრომითი უფლებების ზოგადი სურათი სავალალოა, რასაც 2023 წლის პირველ ნახევარში გაფიცვებისა და მშრომელთა პროტესტის არაერთი ტალღაც მოწმობს. ხშირია აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა; დამსაქმებლების მიერ ხელფასის მოპარვა; კანონები, რომლებიც პროფესიული კავშირების საქმიანობას იცავენ, სუსტია; ადგილი აქვს დამსაქმებლების მხრიდან შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში ხელფასები შორს დგას საცხოვრებელი ხელფასისგან.

თეორიულად, შრომით უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივი გზით შესაძლებელია, მაგრამ შედეგის მისაღწევად წლები და ფინანსური რესურსია საჭირო, რაც დასაქმებულთა უმეტესობას არ აქვს. 18%-იანი უმუშევრობის დონის გათვალისწინებით და სამსახურის დაკარვის შიშის გამო ბევრი მშრომელი დარღვევების შესახებ ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებს.

შედეგად, ვიღებთ სისტემას, სადაც დამსაქმებლები ისე მოქმედებენ, როგორც უნდათ – როგორც ერთ-ერთმა კურიერმა ქართულ მედიასთან აღნიშნა, „ისე გვექცევიან, როგორც მონებს“. ბევრი იმედოვნებდა, რომ ეფექტურ შრომის ინსპექციას შეეძლო, ცვლილებების საწყისად ქცეულიყო. თუმცა, რეალური ეფექტურობა გამჭვირვალობაზე უნდა იდგეს, რაც საზოგადოებას დაანახებს, რომ ინსპექციის შრომა სანდო და მიუკერძოებელია. დამსაქმებლის ვინაობის დამალვა (მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, მსგავსი ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს) აღნიშნულ მიზანს ძირს უთხრის. ეს ასევე ადასტურებს მშრომელების შიშს, რაც ბევრჯერ მოგვისმენია: რომ ინსპექცია დამსაქმებლებს ემსახურება და არა დასაქმებულებს. თუ მართლაც ასეა, მშრომელებმა რატომ უნდა ანდონ ინსპექციას მათი საჩივრების განხილვა?

„ღირსეული შრომის პლატფორმის“ „შრომის უფლებების მონიტორი“ იმისთვის შეიქმნა, რომ გამჭვირვალობისთვის ხელი შეეწყო და თავდაპირველი შედეგები სამომავლო წარმატებაზე მიუთითებდა.  2023 წლის დასაწყისისთვის მონიტორი ინსპექციის 500-ზე მეტ ანგარიშს მოიცავდა და გვერდს 12 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა. მონაცემთა ბაზებიდან აღებულმა ინფორმაციამ შრომით უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ დისკუსიას შეუწყო ხელი და „ღირსეული შრომის პლატფორმის“ არაერთი ანგარიშისა და განცხადებისთვის წყაროდაც იქცა. მონიტორმა ხელი შეუწყო მოპარული ხელფასის შესახებ კვლევებს, გამოვლინდა შემაშფოთებელი ფაქტები ციფრული პლატფორმების  ე.წ. გიგ ეკონომიკის მიმართულებით და ნათელი მოეფინა სამშენებლო, მაღაროებში, საჯარო სექტორებში არსებულ დანაშაულებს/არასათანადო მოპყრობას.

ახლა, შრომითი ინსპექციის გადაწყვეტილება, რომელიც შრომითი უფლებების ნაცვლად დამსაქმებელთა ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას, ყველა ამ მიღწევას საფრთხეში აგდებს. თუ საქართველოს ხელისუფლება მართლაც სერიოზულად უდგება შრომით უფლებებს, უნდა დაიწყოს იმაზე ზრუნვა, რომ შრომის ინსპექციის მუშაობა გამჭვირვალე და ღია იყოს. ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის ლოდინი არაა აუცილებელი. შრომის ინსპექციამ უნდა იმოქმედოს სწორად და ანგარიშები ისევ საჯარო დატოვოს.


Op-ed-ის ინგლისური ვერსია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე. 

ავტორები:

გიორგი გოგია – Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი; ჯეფ ვაიზ – Human Rights Watch-ის ალიანსებისა და პარტნიორობის პროგრამის უფროსი მრჩეველი.

Share via
Copy link
Powered by Social Snap