შრომის ინსპექციამ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს თბილისში 2 მუშის დაღუპვის ფაქტი და ადგილზე შრომითი უსაფრთხოების მდგომარეობა

16 მაი, 2023

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმაურება, თბილისში,  მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვის ფაქტს და მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს  დასაქმების ადგილზე შრომითი უსაფრთხოების მდგომარეობა.

14 მაისს თბილისში, ართვინის ქუჩაზე  ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე კედლის მოწყობის სამუშაოებისას ფერდობი ჩამოიშალა, რასაც 2 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ოუ ნი“ ასრულებდა.

 მიუხედავად შრომის ინსპექციის სრული მანდატით აღჭურვისა, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს საფრთხის შემცველ დასაქმების ადგილებზე, მათ შორის სამშენებლო სექტორში დასაქმებულთათვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. საქართველოში მშენებლობის სექტორში საქმიანობა, ავტომატურად, კვლავ  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მუდმივი რისკების არსებობას  გულისხმობს, რასაც   შრომის ინსპექციის საქმიანობის სტატისტიკაც ადასტურებს. მხოლოდ 2021 წელს საქართველოში სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა გარდაცვალების 37 შემთხვევაა აღნუსხული, მათგან ყველაზე მეტი, 18 შემთხვევა მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. თითქმის იგივე მონაცემია 2022 წელსაც, სულ 35 ფატალური შემთხვევა, ხოლო მათგან 16 მშენებლობის სექტორში.

შრომის ინსპექციის მანდატის ეფექტური და პროაქტიული გამოყენება ამ სექტორში დაშავებისა და გარდაცვალების პრევენციის მიზნებისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, გამოწვევაა ინსპექციის მხრიდან საწარმოთა სისტემატური რეინსპექტირების განხორციელება,     ასევე, საფრთხის შემცველი დასაქმების ადგილების პროაქტიული შემოწმებების დროული ჩატარება. აღნიშნულს მიღმა, პრობლემურია მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში კვალიფიციური კონსტრუქციული კვლევების წარდგენის შემოწმება მუნიციპალიტეტის მიერ, მსგავსი უმძიმესი შემთხვევების, ასევე  გარემოსა და ადამიანების დაზიანების დასაზღვევად. 

 მოვუწოდებთ:

შრომის ინსპექციას: 

დაუყოვნებლივ შეამოწმოს კონკრეტული სამშენებლო ობიექტი. სრულყოფილად შეისწავლოს მომხდარი შემთხვევა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა მისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხის მგებელი პირის უმკაცრესად დასასჯელად ასევე, დასაქმების ადგილზე უსაფრთხოების გარანტირებისთვის; 

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

უზრუნველყონ სამუშაო ადგილზე დაღუპვის შემთხვევის დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების უმკაცრესად გამოყენების მიზნით. 

ხელმომწერები:

 „ღია საზოგადოების ფონდი“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„ერთობა 2013“

„სოლიდარობის ქსელი“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება – დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი“

„გილდია“

 

 

Share via
Copy link
Powered by Social Snap