1 მაისი – განუწყვეტელი ბრძოლა ჩვენთვის და სოლიდარობა სხვათა მიმართ

1 მაი, 2023

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა და ის ყოველწლიურად, შრომის უფლებებისთვის ისტორიული ბრძოლების მეხსიერებას აცოცხლებს. მშრომელთა ისტორიული მონაპოვრის მიღმა, რასაც შრომის დაცვის საერთაშორისო რეგულაციები დღემდე ეყრდნობა, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ უსამართლო პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის შედეგად, შრომითი უფლებების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები.

საქართველოში მშრომელთა სამუშაო პირობები ბაზისურ სტანდარტებს ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს. „ღარიბი მშრომელები“ ჩვენი ქვეყნის ნორმალიზებული ყოველდღიურობაა. მიუხედავად რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, კვლავ გამოწვევაა უსაფრთხო სამუშაო გარემოში შრომა, სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა; საყურადღებოა არაფორმალურ სექტორში მშრომელთა მაღალი რიცხვი, ვინც ყოველგვარი დაცვის მექანიზმებს მიღმა შრომობს. უმძიმესია მშრომელი ქალების ბედი. სიმბოლური დეკრეტული ანაზღაურება, დაბალანაზღაურებადი სამუშაო ოჯახს გარეთ და აუნაზღაურებელი შრომა ოჯახში, მძიმე ტვირთად აწვება ჩვენი საზოგადოების გაბედულ და მამაც ქალებს და მათ სხვა ქვეყნებში ემიგრაციისკენ უბიძგებს.

ჩავარდნილი ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფლაციის, გაძვირებული ცხოვრების შედეგია ბოლო თვეებში ორგანიზებული მასობრივი გაფიცვები. ექიმები, აპლიკაციის მშრომელები, სხვადასხვა საწარმოს დასაქმებულები, მძღოლები, კვლავ ითხოვენ ღირსეულ ანაზღაურებას, ნორმირებულ სამუშაო დროს, პატივისა და ღირსების შესაფერის სამუშაო გარემოს.

მინიმალური ხელფასი ქვეყანაში, 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა და თვეში 20 ლარს შეადგენს. ეს იმ ფონზე, რომ საერთაშორისო მეთოდოლოგიის 2022 წლის მონაცემებით საცხოვრებელი ხელფასი არანაკლებ 1770 ლარს უნდა შეადგენდეს.

მშრომელთა დღის ისტორია, წარსულში მშრომელების თავგანწირვა, გვავალდებულებს ღირსეული ცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის განუწყვეტელ ბრძოლას, სხვათა მიმართ სოლიდარობას.

გამოდი პირველ მაისს!

Share via
Copy link
Powered by Social Snap