ღირსეული შრომის პლატფორმამ მშრომელებისთვის ახალი საინფორმაციო/საგანმანათლებლო გვერდი „იცოდე შენი უფლებები“ შექმნა, რომელიც შრომით უფლებებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს სცემს მარტივ პასუხებს.
გვერდი ორენოვანია (ქართული და ინგლისური) და მიზნად ისახავს შრომით უფლებებთან დაკავშირებით ინფორმაციის ერთ სივრცეში განთავსებით მშრომელებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს ის ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, მათ დაეხმაროთ სამუშაო ადგილზე მათი შრომითი უფლებების დაცვაში. მშრომელებისთვის მსგავსი ინფორმაციის მარტივი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
„ღირსეული შრომის პლატფორმა და მისი წევრი ორგანიზაციები, რომლებიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ მშრომელებს, კვირის განმავლობაში უამრავ შეკითხვას იღებენ შრომით უფლებებთან დაკავშირებით“-აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარემ.
“სამწუხაროდ, ბევრ მშრომელს არ აქვს ინფორმაცია შრომის კოდექსით მათთვის გარანტირებულ ბაზისურ შრომით უფლებებთან დაკავშირებითაც კი, რაც მათ, შრომითი უფლებების დარღვევის მძიმე რისკის ქვეშ აყენებს. ამ გვერდის შექმნის მიზანს სწორედ მშრომელების, მათი უფლებების შესახებ ცოდნით, აღჭურვა წარმოადგენს, რათა მათ უკეთ შეძლონ საკუთარი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა.“
“იცოდე შენი უფლებები“-ს გვერდი თემატურად არის დაყოფილი და მოიცავს კითხვებზე პასუხებს შემდეგი საკითხების შესახებ:
- სამუშაო დრო (ზეგანაკვეთური შრომა, სამუშაო დროის აღწერა და ა.შ);
- თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა (დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმები, სექსუალური შევიწროება და ა.შ)
- შრომის ანაზღაურება (შრომის ანაზღაურების წესი და მოპარული ხელფასი)
- არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებები (როგორ შეუძლიათ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულმა პირებმა (დამხმარეები, ძიძები, ტაქსის მძღოლები და ა.შ) დაიცვან შრომითი უფლებები.
- ქალთა შრომითი უფლებები (მათ შორის, სპეციალური დაცვის სტანდარტები ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
- პროფესიული კავშირები (მათში გაწევრიანება და დაცვის მექანიზმები)
- რა შეიძლება გააკეთოთ, როდესაც თქვენი შრომითი უფლებები ირღვევა? (გზამკვლევი იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც მშრომელებმა შეიძლება გამოიყენონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად.)
რესური მომზადდა „People in Need“-ის პროექტის, „მტკიცებულებებზე დაფუძნებული შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში“, ფარგლებში.
„იცოდე შენი უფლებების“ გვერდის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://shroma.ge/rights/