„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მოამზადა პრაქტიკული სახელმძღვანელო დასაქმებულებისთვის.
რა არის გაფიცვა?
გაფიცვა არის დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე დროებითი და ნებაყოფლობითი უარი დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დავის არსებობის შემთხვევაში. დასაქმებულმა გაფიცვის დროს, შესაძლოა, უარი თქვას მოვალეობების შესრულებაზე სრულად ან ნაწილობრივ.
გაფიცვა იწყება მაშინ, როდესაც დასაქმებულსა და დამსაქმებელს ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ, კონსენსუსის მიღწევა კი მოლაპარაკების გზით შეუძლებელია (მაგალითად, დასაქმებულს სურს ხელფასის გაზრდა, დამსაქმებელი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხელფასის ზრდა ვერ მოხერხდება).
გაფიცვის მიზანია, დასაქმებულის (დასაქმებულების) მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ შრომითი ურთიერთობა ახალი პირობებით გაგრძელდეს, მაგალითად, შეიცვალოს ხელშეკრულების ცალკეული პირობა ან გაუმჯობესდეს სამუშაო გარემო. გაფიცვის მიზანი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ არის. გაფიცვის პერიოდში შრომითი ურთიერთობა მიიჩნევა შეჩერებულად და არა – შეწყვეტილად.
რა სამართლებრივ ასპექტებს ეფუძნება გაფიცვის უფლება? რა პროცედურა უნდა დაიცვას დასაქმებულმა გაფიცვისას? რა საკითხებზე შეიძლება გაფიცვა? ვის ეზღუდება გაფიცვაში მონაწილეობა? – ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად, გადადით მითითებულ ბმულზე.