მინიმალური ხელფასი როგორც ადამიანის უფლება – საერთაშორისო სტანდარტები და პერსპექტივები საქართველოსთვის

გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 18, 2024
პუბლიკაციებიავტორი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საქართველოში დღესდღეობით მრავალი ადამიანის შრომის ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ მათ ფიზიკურ საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. არსებული მდგომარეობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, რომლის თანახმად, ყველა დასაქმებული პირი უნდა იღებდეს ღირსეულ ანაზღაურებას მის მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ. ღირსეული ანაზღაურება გულისხმობს საკმარისი ოდენობის ანაზღაურებას დასაქმებული პირისა და მისი ოჯახის ღირსეული ცხოვრების საჭიროებების უზრუნველსაყოფად. მინიმალური ხელფასი არის არსებითი საშუალება იმისათვის, რომ ღირსეული ანაზღაურება გარანტირებული იყოს პრაქტიკაში ყველა მუშაკისთვის. მინიმალური ხელფასი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული შრომის ანაზღაურების მინიმალური ზღვარია, რომელიც ღირსეული ცხოვრების საჭიროებებთან შესაბამისობაში უნდა დადგინდეს. საქართველოში ამჟამად არსებული მინიმალური ხელფასი უკიდურესად დაბალია და სრულიად შეუსაბამო ღირსეული ცხოვრების მოთხოვნილებებთან.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ღირსეულ არსებობასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების ცნება დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ დეკლარაციული ხასიათით შემოიფარგლებოდა და არ ითარგმნებოდა უფლების სამართლებრივი დაცვის კონკრეტულ საერთაშორისო მექანიზმებში. ეს ცნება პირველად 1948 წელს მიღებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში იქნა ნახსენები (UDHR). UDHR განამტკიცებდა ყველა დასაქმებული პირის უფლებას, მიეღო სამართლიანი ანაზღაურება, რომელიც უზრუნველყოფდა ღირსეულ ადამიანურ არსებობას როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის. ამის შემდეგ რამდენიმე ათწლეული გავიდა, სანამ ღირსეული ანაზღაურების ცნება გამოჩნდებოდა იურიდიულად მავალდებულებელ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებებში[1] და განვითარდებოდა სახელმძღვანელო სტანდარტები მის პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებით.

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს მინიმალური ხელფასის, როგორც ადამიანის უფლების შინაარსის გამორკვევა და საქართველოში ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობა მინიმალური ხელფასის დეფინიციისა და მინიმალური ხელფასის სისტემის განვითარებისათვის.

Share via
Copy link
Powered by Social Snap