სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ საქართველოში მოქმედი მიტანის სერვისის კომპანიების ხელშეკრულებების სამართლებრივ შეფასებას
საქართველოში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონული პლატფორმების (აპლიკაციების) მეშვეობით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობების მოცულობა. აღნიშნულის პარალელურად ზრდადია პლატფორმულ ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც, რომელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს მოიპოვოს დასაქმებულის სტატუსი და ვერ სარგებლობს საქართველოს შრომითი კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური გარანტიებითც კი.
მიტანის სერვისში დასაქმებული კურიერები დღეისათვის აღნიშნული პრობლემის ყველაზე ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენენ. პლატფორმული კომპანიები, კურიერებს როგორც წესი დამოუკიდებელ კონტრაქტორებად მიიჩნევენ, მათთან მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებენ და მთლიანად იხსნიან შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის, არ უზრუნველყოფენ კურიერების უსაფრთხო სამუშაო გარემოს, მინიმალურ შრომით პირობებსა და ღირსეული შრომისათვის დადგენილ სტანდარტებს.
სამწუხაროდ, კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გააძნელა და სახიფათო გახადა კურიერების ისედაც მძიმე სამუშაო პირობები. პარალელურად, დასაქმების სტატუსის არარსებობის გამო, კურიერების ადგილი არც სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემებში გამოინახა. ბოლო ერთი წლის მანძილზე, პლატფორმული კომპანიებისა და კურიერების ურთერთობა, როგორც შრომის ინსპექციამ, ისე სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობად შეაფასა და კომპანიებს, როგორც დამსაქმებლებს შრომითი კანონმდებლობის დაცვისა და უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. აღნიშნულის მიუხედავად, პრაქტიკა ამ დრომდე უცვლელია. პლატფორმული კომპანიები არ აღიარებენ მათსა და კურიერებს შორის არსებულ შრომით ურთიერთბებს და სხვადასხვა სამოქალაქო სამართლებრივი ბერკეტებით ცდილობენ გაექცნენ მათ სოციალურ პასუხისმგებლობას.
წარმოდგენილი დოკუმენტის ფოკუსი/მიზანი მიტანის სერვისში დასაქმებული პირებთან არსებული ხელშეკრულებების ანალიზი და მათი სამართლებრივი სტატუსის შეფასებაა. დოკუმენტი სამართლებრივად განიხილავს საქართველოში მიტანის სერვისის სფეროში მოქმედი რამდენიმე კომპანიის ხელშეკრულებებს[1], მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შესანიღბად გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმებისა და არსებული პრაქტიკების გამოვლენის მიზნით.
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შინაარსის სიზუსტეზე, სისრულესა და ხელშეკრულების ტექსტების საბოლოობაზე.
პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.