დასაქმების პოლიტიკა საქართველოში

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 3, 2020
პუბლიკაციებიავტორი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” დასაქმების პოლიტიკასთან დაკავშირებით, 3 პოლიტიკის დოკუმენტს აქვეყნებს, რომლებიც საქართველოში არსებულ დასაქმების პოლიტიკას, შრომის ბაზრის სტრუქტურას, უმუშევრობასა და უმუშევართა მხარდამჭერ სოციალურ მექანიზმებს აანალიზებს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, უმუშევრობის დაძლევის სახელმწიფოს ხედვა, დიდ წილად, ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის, დაბალი გადასახადებისა და უცხოური ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნის პოლიტიკას ეფუძნებოდა. აღნიშნულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო უმუშევრობის რეალური შემცირება და ღირსეული შრომის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ გააქტიურა დასაქმების პოლიტიკა, უმუშევრობის დონე საგანგაშოდ მაღალი რჩება, ხოლო სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი არასტაბილური, დაბალკვალიფიციური და დაბალანაზღაურებადია.

პოლიტიკის დოკუმენტების მთავარი მიგნებები:

  • დასაქმების სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისები ხშირად აცდენილია კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად “აწარმოე საქართველო”, რაც საბოლოო ჯამში ბიუჯეტის არაგონივრულ ხარჯვას და აღნიშნული პროგრამების წარუმატებლობას იწვევს.
  • მომზადება-გადამზადების და კონსულტაციების სერვისებით სახელმწიფო ზრუნავს ძირითადად შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; თუმცა ვინაიდან შრომის ბაზარზე მოთხოვნა დაბალკვალიფიციურ მუშახელზეა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ხელს უწყობს დაბალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნას, რომლებიც დაბალანაზღაურებადი და არასტაბილურია.
  • საქართველოში მაღალია შრომის ბაზრის პოლარიზაცია, რაც გულისხმობს საშუალო კვალიფიკაციის სამუშაო ადგილების კლებას და მაღალკვალიფიციური და დაბალკვალიფიციური სამუშაოების რაოდენობის ზრდას; მაღალი პოლარიზაცია კი თავის მხრივ დასაქმებულებზე უარყოფითად აისახება და ამცირებს „ცუდი“ სამუშაოებიდან „კარგზე“ ტრანზაციის შესაძლებლობებს;
  • მაღალი და მზარდი დაბალკვალიფიციური სამუშაო ადგილების რაოდენობა მშრომელებს შორის კონკურენციის ზრდას და შესაბამისად ხელფასების და შრომითი სტანდარტების დაწევას განაპირობებს.
  • საქართველოში არ არსებობს უმუშევრობის კომპენსაციის ისეთი გავრცელებული სისტემები, როგორიცაა უმუშევრობის დაზღვევა და უმუშევრობის შემწეობა, რაც სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში ძალიან ბევრ ადამიანს შემოსავლის გარეშე ტოვებს, ხოლო მშრომელებს დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების პროცესში უალტერნატივობის გამო ასუსტებს.
  • სოციალური დაცვის სისტემა ძირითადად სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) პროგრამაზე დგას, რომლითაც არაფორმალური და არასტანდარტული შრომით დაკავებულთა დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს;

 

რეკომენდაციები:

  • სახელმწიფომ უნდა გააქტიუროს ე.წ. “მოთხოვნის” პოლიტიკა, რაც არა მარტო შრომის ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არამედ პირველ რიგში ახალი და მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს;
  • დასაქმების ეროვნული პოლიტიკა არ უნდა იწარმოებოდეს იზოლირებულად, არამედ უნდა გახდეს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტი;
  • მნიშნველოვანია, რომ დასაქმების სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისები დაკავშირებული იყოს კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებთან, როგორიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამა;
  • მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორისა და ბიზნესის განვითარების პროგრამები მოექცეს გარკვეული „ინდუსტრიული განვითარების“ ჩარჩოს ქვეშ, რომელიც ინოვაციური სექტორების განვითარებაზე და, შესაბამისად, არა მხოლოდ უფრო „მეტი“, არამედ უფრო „კარგი“ სამუშაო ადგილების შექმნაზე იქნება ორიენტირებული.
  • საქართველოში უნდა დაინერგოს უმუშევრობის შემწეობის სისტემა: 1) მოხდეს საარსებო შემწეობის მიმღებთა ჩართვა „უმუშევრობის შემწეობის“ პროგრამაში, 2) უმუშევრობის შემწეობა უნდა მიემართებოდეს ინდივიდებს და არა ოჯახებს 3) სამუშაოს ძებნის მოტივაციის გასაზრდელად უნდა მოხდეს უმუშევრობის შემწეობის ეტაპობრივი შემცირება შემოსავლების ზრდასთან ერთად; 4) უნდა გამარტივდეს სოციალური დაცვის სისტემაში ჩართვის პროცედურები;
  • შრომის ბაზრის პოლარიზაციის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად მნიშნველოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს სამუშაო ძალის კვალიფიკაციების განვითარების მწყობრი და თანმიმდევრული პოლიტიკა. ასევე, მნიშვნელოვანია, მთავრობამ განიხილოს მინიმალური ხელფასის შემოღების იდეა, რომელიც გაზრდილ ეკონომიკურ უთანასწორობას შეარბილებს;

პოლიტიკის დოკუმენტები მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით, პროექტის – „კვლევისა და ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური უფლებების კუთხით მდგარი მთავარი გამოწვევების – შრომის, დასაქმებისა და უსახლკარობის პოლიტიკების პოზიტიური და სამართლიანი ტრანსფორმაციების ხელშეწყობა.

პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.

პოლიტიკის დოკუმენტები შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში:

Share via
Copy link
Powered by Social Snap