დისკრიმინაციის აკრძალვა და თანაბარი მოპყრობა, მისი ფუნდამენტური უფლებრივი ხასიათის მიუხედავად, როგორც ნორმატიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში, რაც უფლებით სარგებლობის არაერთ სფეროს მიემართება და განსაკუთრებული სიცხადით შრომით ურთიერთობაში ვლინდება. თანასწორი მოპყრობის პრინციპის რეალიზება ნიშნავს იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის უზრუნველყოფას, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობის სხვადასხვა სივრცეში შესაძლებელს გახდის სუბსტანციური თანასწორობის მიღწევას.
საქართველოში დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის აქტუალიზაცია დაკავშირებულია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან (შემდგომში „ანტიდისკრიმინაციული კანონი“), რომლითაც უთანასწორო მოპყრობისგან დაცვის საერთო, ზოგადი გარანტიები შეიქმნა. მის მიღებამდე თანასწორობის პრინციპი გარკვეულწილად აისახა შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობაშიც. აქედან მოყოლებული, მსჯელობის საგანია უფლების დაცვის საშუალებების გაძლიერებისა და დახვეწის საკითხი.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, ანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის სფეროში საქართველომ ნორმატიული ბაზა უნდა დააახლოოს ევროკავშირის კანონმდებლობასა და განსაზღვრულ საერთაშორისო ინსტრუმენტებთან. 2017 წლისთვის საქართველოს მხარეს შემდეგი სამი თანასწორობის დირექტივის იმპლემენტაციის ვალდებულება ჰქონდა. ესენია:
(1) საბჭოს დირექტივა 2000/43/EC რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, პირთა თანასწორი
მოპყრობის პრინციპის იმპლემენტაციის შესახებ7 (რასობრივი თანასწორობის შესახებ დირექტივა);
(2) საბჭოს დირექტივა 2000/78/EC დასაქმებისა და საქმიანობისას თანასწორი
მოპყრობის ზოგადი ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ8 (დასაქმების თანასწორობის შესახებ
დირექტივა);
(3) საბჭოს დირექტივა 2004/113/EC, რომელიც უზრუნველყოფს საქონლისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობასა და მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით მამაკაცისა და ქალის თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას (საქონელსა და მომსახურებებზე გენდერულად თანასწორი ხელმისაწვდომობის შესახებ დირექტივა). მიმდინარე პერიოდისათვის საქართველოს პარლამენტში განიხილება 2017 წლის 12 დეკემბერს მთავრობის ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოცანა ეროვნულ კანონმდებლობაში დასახელებული დირექტივების იმპლემენტაციაა.
წინამდებარე კვლევის მიზანია შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ეროვნული კანონმდებლობის დასახელებულ დირექტივებთან შესაბამისობის შეფასება და ნორმატიული ბაზის გარდაქმნის მიზნით სათანადო რეკომენდაციების შემუშავება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის თანასწორობის დირექტივების იმპლემენტაციის პროცესი შეესაბამებოდეს აღნიშნული დოკუმენტების კომპლექსურ ბუნებას, რაც მოიცავს როგორც სათანადო ნორმატიული ჩარჩოს შექმნას, ასევე პრაქტიკაში მისი გამოყენების უზრუნველყოფას.
აღნიშნული მიზნით, კვლევის პირველი ნაწილი აფასებს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ დისკრიმინაციისგან დაცვის საფუძვლებს და მათ მიმართებას ევროკავშირის სტანდარტებთან. კვლევის მეორე ნაწილი მოიცავს ანალიზს დისკრიმინაციის სპეციალური ფორმების განსაზღვრის და/ან დისკრიმინაციის არსებულ კატეგორიებთან მიმართებით ცვლილებების საჭიროების შესახებ. მესამე ნაწილი შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში სპეციალური საგამონაკლისო ნორმების საკითხს, ხოლო მეოთხე ნაწილი ფარავს პოზიტიურ მოქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კვლევის მეხუთე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს სამართლებრივი დაცვის სათანადო მექანიზმების უზრუნველყოფაზე, უფლების დაცვის ინსტიტუტებსა და მანდატზე. მეექვსე ნაწილი ფარავს უფლების დაცვის გაძლიერების პროცედურულ საშუალებებს, ხოლო დასკვნითი ნაწილი მოიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და თანასწორობის პოლიტიკის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ინკლუზიური პროცესის წარმართვის კომპონენტებს.
პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.