დედობის, მამობის და მშობლის შვებულების საკითხის რეგულირება და ორივე მშობლის მიერ თანასწორად სარგებლობა, როგორც ნორმატიულ, ასევე, პრაქტიკულ დონეზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. შვებულების უფლების საკითხის განსაზღვრისას, ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შრომის უფლების დაცვას და თანასწორობის პრინციპს, რაც არაერთხელ გამხდარა საქართველოს სახალხო დამცველის და სხვა ორგანიზაციების ყურადღების საგანი.
წინამდებარე კვლევის მიზანია, გამოავლინოს დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზები საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან თავსებადობის კუთხით. კერძოდ, კვლევა შეისწავლის დედობის, მამობისა და მშობლის შვებულების უფლების აღიარებისა და დაცვის საერთაშორისო პერსპექტივას და მისი რეალიზების პრაქტიკას ევროპის საბჭოს ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაში. კვლევა ასევე მიზნად ისახავს, შეისწავლოს ეროვნული კანონმდებლობის ის რეგულაციები, რომლებიც დედობის, მამობისა და მშობლის შვებულების უფლებას აწესრიგებენ კერძო და საჯარო სექტორში და შეაფასოს მათი შინაარსი ადამიანის უფლებათა დაცვის მინიმალური საერთაშორისო სტანდარტების შუქზე, მათ შორის, თანასწორობის კონტექსტში.
კვლევა სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში გაანალიზებულია დედობის, მამობისა და მშობლის შვებულების მიზნები და უფლების განვითარების ეტაპები სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში. კვლევის მეორე ნაწილი მიმოიხილავს შვებულების უფლების მარეგულირებელ ძირითად საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და ევროპის ქვეყნების გამოცდილებას შვებულების უფლების შინაარსის მოწესრიგების, მათ შორის, მისი თანასწორად გარანტირების კუთხით. კვლევის მესამე ნაწილი შეისწავლის საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფო პოლიტიკის იმ ხარვეზებს, რომელიც გამორიცხავს შვებულების უფლების თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობას და/ან არ უწყობს ხელს მის იმგვარ გამოყენებას, რაც შრომის უფლებისა და ოჯახური ცხოვრების სათანადო რეალიზებას შეუწყობდა ხელს.
კვლევა ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს, მინიმალური საერთაშორისო სტანდარტებისა და შესწავლილი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რასაც ქვეყნის კანონმდებლობა და პრაქტიკა უნდა დაეფუძნოს დედობის, მამობისა და მშობლის შვებულების უფლებით თანასწორად გარანტირებისა და სარგებლობის მიზნით.
პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.