ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკურ და მედია დღის წესრიგში თანდათან უფრო პრიორიტეტული ხდება სხვადასხვა სექტორში დასაქმებული პირების შრომით უფლებებსა და შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბარი. აღნიშნული საკითხების გააქტიურება, ძირითადად, შრომით პოლიტიკაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციებს უკავშირდება. ასეთი კრიზისის ყველაზე მძიმე მაგალითი კი ბოლო წლების განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაღუპული და დაშავებული დასაქმებულების დიდი რაოდენობა იყო.
2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა,[1] რაც, სავარაუდოდ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის[2] მიღებასა და შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიმართულებით შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილებების გაფართოებას[3] უკავშირდება.
2015 წლის შემდეგ სახელმწიფომ შრომის პოლიტიკის, განსაკუთრებით კი შრომის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი და აუცილებელი რეფორმები გაატარა. არ შეიძლება, დადებითად არ შეფასდეს თითქმის ათწლიანი შრომითი პოლიტიკის დერეგულაციის შემდეგ, 2015 წელს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ჩამოყალიბება, ხოლო 2018 წელს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის (2019 წლიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის) მიღება, რომელმაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო გააჩინა/შექმნა დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა ამ ცვლილებების პოზიტიური ხასიათის ხაზგასმის პარალელურად უნდა აღინიშნოს შრომის ინსპექციის ეფექტურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების მიმართულებით გასატარებელი მთელი რიგი რეფორმები.
მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ქვეყანაში შრომითი უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკა დღემდე არ არსებობს. ბოლო წლებში წარმოებული კვლევების თანახმად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა.[4] მოსახლეობის მოსაზრებით, ყველაზე ხშირია სამუშაო ადგილზე არასათანადო ანაზღაურება (71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (64%), სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (57%), ანაზღაურების დაგვიანება (42%), ანაზღაურებადი შვებულების უფლების დარღვევა (30%), დეკრეტული შვებულების უფლების დარღვევა(15%)[5].
შრომის ინსპექტირების ქართული მოდელი დღეისათვის ინსტიტუციურად ძირითადად შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზეა ორიენტირებული და ყურადღების მიღმა ტოვებს შრომითი პირობების მთელ რიგს, რომელთა დაუცველობაც მძიმედ აისახება დასაქმებულთა მდგომარეობაზე. კანონმდებლობით გაწერილი შრომის უსაფრთხოების ვიწრო, ტექნიკური გაგება, რომელიც ვერ ხედავს შრომის უსაფრთხოების კავშირს ისეთ საკითხებთან, როგორიცაა სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური შრომა, ღამით მუშაობა და ა.შ., არაეფექტიანსა და ფრაგმენტულს ხდის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებსაც.
დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ 2020 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს შრომის კანონმდებლობაში, მათ შორის – 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექტირების საზედამხედველო ფუნქციები გავრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით გარანტირებული ყველა დებულების ზედამხედველობაზე და ინსპექციას ენიჭება შესაბამისი სანქცირების უფლებამოსილება.[6]
მითითებული დოკუმენტის მიზანს არ წარმოადგენს ხსენებული საკანონმდებლო პაკეტის შეფასება, არამედ დოკუმენტი დასაქმებულთა საჭიროებების, ქვეყანაში შრომითი უფლებების მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევების, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და საუკეთესო პრაქტიკის ფონზე შეაფასებს სახელმწიფოში დღეს არსებულ შრომის ინსპექტირების მოდელს. დოკუმენტი ისაუბრებს შრომითი უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ურთიერთკავშირზე და მათთვის თანაბარი ყურადღების მინიჭების აუცილებლობაზე ქვეყანაში დასაქმებულთათვის ღირსეული და თანასწორი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს იმ მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეფექტური შრომის ინსპექცია.
პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.