იცოდე შენი უფლებები

ქალთა შრომითი უფლებები
იცოდე შენი უფლებები

თანაბარი ანაზღაურება და სამუშაო შეზღუდვები

შრომითი კანონმდებლობა აწესებს სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის პრინციპს, მათ შორის ავალდებულებს ყველა დამსაქმებელს უზრუნველყოს თანაბარი სამუშაოს, თანაბარი ანაზღაურება ქალი და კაცი მშრომელებისთვის. Ამასთან, შრომის კოდექსი განსაზღვრავს სპეციალურ დაცვის სტანდარტებს, ორსული, მეძუძური და ახალნამშრობიარები ქალებისთვის.

სახიფათო შრომა

ღამის სამუშაო

ზეგანაკვეთური სამუშაო

არის თუ არა დამსაქმებელი ვალდებული ქალსა და მამაკაცს თანაბარი შრომისათვის გადაუხადოს თანაბარი ანაზღაურება?

დიახ, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალი და მამაკაცი დასაქმებულის მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის  თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა (საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი).

ნებადართულია თუ არა ორსულ, ახალნამშობიარებ ან მეძუძურ ქალთან მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულების დადება?

არა, ორსულ, ახალნამშობიარებ ან მეძუძურ ქალთან მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულების დადება აკრძალულია (საქართველოს შრომის კოდექსის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი).

კომენტარი: 

  • ორსული ქალი არის დასაქმებული, რომელმაც ორსულობის შესახებ აცნობა დამსაქმებელს (დამსაქმებელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია);
  • ახალნამშობიარები ქალი არის დასაქმებული მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში, რომელმაც ამის შესახებ აცნობა დამსაქმებელს (დამსაქმებელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია);
  • მეძუძური ქალი არის დასაქმებული, რომელიც ძუძუთი კვებავს 1 წლამდე ასაკის ბავშვს და ამის შესახებ აცნობა დამსაქმებელს.

ნებადართულია თუ არა ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძურ ქალის დასაქმება ღამის სამუშაოზე?

არა, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძურ ქალის დასაქმება ღამის სამუშაოზე აკრძალულია (საქართველოს შრომის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი). ღამით მუშაობა გულისხმობს 22 საათიდან 6 საათამდე პერიოდს.

ნებადართულია თუ არა ღამის სამუშაოზე იმ პირის დასაქმება, ვისაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი?

დიახ, ღამის სამუშაოზე იმ პირის დასაქმება, ვისაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი ნებადართულია მაგრამ, მისი თანხმობის შემთხვევაში (საქართველოს შრომის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი).

ნებადართულია თუ არა ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძურ ქალის დასაქმება ზეგანაკვეთურ სამუშაოზე?

დიახ, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძურ ქალის დასაქმება ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ნებადართულია, მაგრამ, მისი თანხმობის შემთხვევაში (საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი).

ნებადართულია თუ არა ზეგანაკვეთურ სამუშაოზე იმ პირის დასაქმება, ვისაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი?

დიახ, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე იმ პირის დასაქმება, ვისაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი ნებადართულია, მაგრამ  მისი თანხმობის შემთხვევაში (საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი).

მშობლის შვებულება

Საქართველოს შრომის კანონმდებლობა სპეციალურ დაცვის გარანტიებს აწესებს ორსული ქალებისთვის, მცირეწლოვანის მშობლებისვის, და შვილად აყვანის შემთხვევებზე.

ორსულობა

ბავშვის მოვლა

შვილად აყვანა

რამდენი დღით ეძლევა დასაქმებულს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება?

დასაქმებულს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით ეძლევა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი).

რამდენი დღით ეძლევა დასაქმებულს ბავშვის მოვლის გამო შვებულება და რამდენი დღე არის ანაზღაურებადი?

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი). ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია ორივე მშობელს გამოიყენოს, კანონით დადგენილი წესით.

რამდენი დღით ეძლევა პირს ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება და რამდენი დღე არის ანაზღაურებადი?

დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე (საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლი).

შეუძლია თუ არა ბავშვის მოვლის გამო შვებულება გამოიყენოს მამამ?

დიახ, ბავშვის მამას უფლება აქვს ბავშვის მოვლის გამო შვებულება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს. ბავშვის მამას ასევე უფლება აქვს ისარგებლოს ბავშვის დედის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების გამოუყენებელი დღეებით (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

როგორ უნდა გადანაწილდეს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების დღეები?

დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების დღეები თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი). დამსაქმებელს არ აქვს უფლება უარი უთხრას ან შეამციროს შვებულებისათვის გამოყოფილი დღეების ოდენობა. ასევე, ნახევარ განაკვეთზე დასამებულ პირს აქვს აღნიშნული შვებულების სრულად გამოყენების უფლება.

დასაქმებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებად ნაწილს იყენებს თანამიმდევრობით, შესაბამისად, 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

რამდენი ხნით ადრე უნდა გააფრთხილოს დასაქმებულმა დამსაქმებელი ბავშვის მოვლის შვებულების აღების თაობაზე?

ბავშვის მოვლის შვებულების აღებისას, დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების თაობაზე (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

აქვს თუ არა კერძო სექტორში დამსაქმებელს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების ვალდებულება.

არა, კერძო სექტორში დამსაქმებელი არ არის ვალდებული დასაქმებულს აუნაზღაუროს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება. თუმცა, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულების ანაზღაურებაზე (საქართველოს შრომის კოდექსის 39-ე მუხლი) და საუკეთესო პრაქტიკით დამსაქმებლები საკუთარ თანამშრომლებს აძლევენ სრულ ან ნაწილობრივ ანაზღაურებას დეკრეტული შვებულების პერიოდზე.

აფინანსებს თუ არა სახელმწიფო და რა ოდენობით კერძო სექტორში დასაქმებული პირის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებას?

დიახ, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ჯამური ოდენობაა არაუმეტეს 1 000 ლარისა (საქართველოს შრომის კოდექსის 39-ე მუხლი).

რომელ სახელმწიფო უწყებას უნდა მივმართო დეკრეტული შვებულებისას ერთჯერადი დახმარების მისაღებად და რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო?

ერთჯერადი ფულადი დახმარებას გასცემს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტებია: 

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საავადმყოფო ფურცელი, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი;
  • დაფინანსების განაცხადი 3 ეგზემპლარად; 
  • დოკუმენტი დასაქმებულის / მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ

აქვს თუ არა დასაქმებულს ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების მოთხოვნის უფლება?

დიახ, დასაქმებულს თავისი თხოვნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი, ანაზღაურების გარეშე შვებულება 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი (საქართველოს შრომის კოდექსის 40-ე მუხლი).

ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს იმ დასაქმებულს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

 

რა დამატებითი გარანტიებით შეუძლიათ ისარგებლონ ქალებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულების პერიოდში და დასრულების შემდეგ?

  • ორსულ ქალს, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა დამატებითი დრო სამედიცინო გამოკვლევისათვის, თუ სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩატარდეს სამუშაო დროის განმავლობაში და  შეუნარჩუნდება ამ დროისთვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურება;
  • დასაქმებულს უფლება აქვს დაბრუნდეს იგივე სამუშაოზე იმავე შრომის პირობებით, ასევე ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა შვებულებით რომ არ ესარგებლა.
  • დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, თუ ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და არ იწვევს დამსაქმებლისათვის არაპროპორციული ფინანსური ხარჯების წარმოშობას.

რა საფუძვლებით არის აკრძალული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულის ორსულობისას და დეკრეტული შვებულების პერიოდში?

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელია დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების პერიოდის განმავლობაში შემდეგი საფუძვლებით:

  • ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
  • დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან;
  • ხანგრძლივი შრომისუუნარობა.