დღეს 8 მარტია – გაბატონებული მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ ქალთა საუკუნოვანი ბრძოლა გრძელდება

8 მარ, 2023

დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე – ქალთა გათავისუფლების, მათი სოციალურ-ეკონომიკური ჩაგვრისგან დაცვის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობისთვის ბრძოლის სიმბოლო.

დასაქმებული ქალები დღემდე ექვემდებარებიან სისტემურ ჩაგვრას, ძალადობას, შევიწროებას, ეკონომიკურ უთანასწორობას. ეს ეხება ქალთა მრავალფეროვან ჯგუფებს, ემიგრანტ ქალებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, მარტოხელა დედებს, შშმ ქალებს, ტრანსგენდერ ქალებს და ა.შ. დღეს ქალთა შრომა კვლავ უხილავია. მძიმეა დასაქმებული ქალების ყოველდღიურობა, რომელიც ხანდახან, ოჯახის მრავალი წევრის გამოკვების, მათი გადარჩენის რუტინაა. ქალები მუხლჩაუხრელად შრომობენ სამუშაოს შემდგომ, სახლშიც, შრომა, რომელიც აუნაზღაურებელი, დაუფასებელი და ყველაზე უხილავია.

განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები ქალებისა და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალთა შრომა. რადგან, ისინი ყოველგვარი დაცვის მექანიზმის მიღმა შრომობენ. სოციალური სამართლიანობის მისაღწევად ქალთა ზრუნვის შრომის პოლიტიზება, მისი აღიარება და ღირსეული დაცვაა გადამწყვეტი. სწორედ ამიტომ ქალთა საუკუნოვანი ბრძოლა გაბატონებული კულტურული, ეკონომიკური, სოციალურად ძალადობრივი და მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ დღემდე გრძელდება!

ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში ქალებს წამყვანი როლი აქვთ. მათი შეუპოვარი ბრძოლა პარლამენტის შიგნით თუ თბილისის ქუჩებში შთაგონების წყაროა მრავალი ადამიანისთვის.

დღეს, ეს ქალები იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და მის მომავალს!

Share via
Copy link
Powered by Social Snap