პლატფორმა მოუწოდებს „საირმე მინერალ ვოთერს“, შეასრულონ გაფიცულთა მოთხოვნები

27 თებ, 2023

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის 32 დასაქმებული გაფიცულია. მშრომელები მე-15 დღეა მძიმე პირობებში, თოვლსა და ყინვაში გარეთ დგანან და კომპანიისგან კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

26 თებერვალს 14:00 საათზე გაფიცულებმა საირმეში საპროტესტო აქცია გამართეს. „საირმის“ ქარხანაში დასაქმებულები ხელფასის გაზრდას, ქარხანაში ანტისანიტარიის მოწესრიგებას და უსაფრთხო შრომის პირობებს ითხოვენ.

გაფიცული მშრომელების სხვა მოთხოვნებია:

  • საპენსიო გადასახადი დამსაქმებელმა გადაიხადოს;
  • აიკრძალოს დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟი და მუქარა;
  • გაფორმდეს კოლექტიურ შეთანხმება;
  • მენეჯმენტის ბრალეულობის გამო არ მოხდეს დასაქმებულთა იძულებითი მოცდენა;
  • შედგეს დამფუძნებლებთან შეხვედრა, რადგან დასაქმებულებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას;
  • გაფიცვის პერიოდში არ მოხდეს გაფიცული თანამშრომლების სხვა კადრებით ჩანაცვლება.

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ სოლიდარობას უცხადებს საირმის ქარხნის გაფიცულ მშრომელებს და მოუწოდებს კომპანიას, შეასრულონ დასაქმებულთა მოთხოვნები, უზრუნველყონ ქარხანაში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურება და შეუქმნან ადეკვატური სამუშაო პირობები.

ფოტო: „ლაბორი“

Share via
Copy link
Powered by Social Snap