ქალთა სოლიდარობის მარში – უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ

1 აპრ, 2023

ბოლო პერიოდში, საჯარო სივრცეში, არა ერთმა ქალმა, სექსუალურ შევიწროვებაში ამხილა პროპაგანდისტული ტელევიზიის, „პოს ტივის“ ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი. ამ ქალებს აერთიანებთ შალვა რამიშვილთან მუშაობის, ან ტელევიზიაში სამუშაოზე მისაღებად, გასაუბრების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება. მათი ისტორიები, კი ძირითადად, სამუშაოს მიღების, ან დაწინაურების სანაცვლოდ, სექსუალური შევიწროვებისა, თუ ფიზიკური ურთიერთობების შეთავაზების მრავლობით ფაქტებს აღწერს. ერთ ერთი მსხვერპლის, თათია სამხარაძის შემთხვევაში, ორი ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა შალვა რამიშვილის მიერ სექსუალური შევიწროვების ჩადენის ფაქტი.

საქართველოში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვება ფართოდ გავრცელებული ფენომენია,  რასაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს. ეს გასაკვირი არც არის საქართველოში გაბატონებული პატრიარქალური კულტურისა და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, თუმცა შალვა რამიშვილის შემთხვევა გამორჩეული იმითაცაა, რომ გარდა სამსახურებრივი ძალაუფლებისა, ის სახელმწიფო ძალაუფლებითაც არის აღჭურვილი.

მის წინააღმდეგ ქალთა მასიური მხილებების პროცესში, სამწუხაროდ ქართულმა საზოგადოებამ მმართველი პარტიის მხრიდან არა მსხვერპლი ქალების, არამედ პროპაგანდისტული ტელევიზიის ხელმძღვანელის დაცვისა და გამართლების არა ერთი მაგალითი იხილა. მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია ღიად და საჯაროდ არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში. სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს, ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებს და დაშინებით და ტერორით ცდილობს მათ გატეხვას.

ძალადობის შემთხვევების გამოძიების და პრევენციის ნაცვლად, სახელმწიფო უნდობლობას უცხადებს ქალებს და მზად არის  ყველაფრის ფასად დაიცვას ძალაუფლების მხარეს მყოფი მჩაგვრელები. ძალადობის მამხილებელ ქალთა მიმართ სისტემის ამგვარი პასუხი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ყველა სამართლიან წინააღმდეგობას მსგავსი პასუხი ელის.

2 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ (ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი), დაიწყება ქალთა სოლიდარობის მარში – უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ.

აქციაზე შეკრებილი საზოგადოება მსვლელობით გადაინაცვლებს დედა ენის ბაღში, სადაც მომხსენებლების მიერ შესრულდება გამოსვლები, მიმართვები, საპროტესტო მანიფესტები.

მსვლელობამ საჯარო და პოლიტიკის დღის წესრიგში უნდა დააყენოს ქალთა სექსუალური შევიწროვების პრობლემურობა და სიმწვავე ჩვენს საზოგადოებაში, ამხილოს მოძალადეები და მოითხოვოს გამოძიების, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული საკანონმდებლო მექანიზმების ეფექტიზაცია, აღსრულების მექანიზმების მოქმედებაში მოყვანა, სწრაფი გამოძიებების პროცესის ხელშეწყობა და სასამართლო სისტემის გამჭირვალეობა და სამართლიანობა ძალადობის საქმეების გადაწყვეტის პროცესში.

გარდა ამისა, საჯარო მსვლელობა/მარში მიზნად ისახავს ხმამაღლა გააჟღეროს მსხვერპლი ქალების ხმა და მათი საპროტესტო მუხტი და განწყობა აჩვენოს მკაფიოდ, იმ ფონზე, რომ თან გამოკვეთილად დაანახოს საზოგადოებას ქალთა, მოწყვლადი ჯგუფებისა და სხვა სოციალური ფენების ურთიერთსოლიდარობა და ერთიანი ძალა.

Share via
Copy link
Powered by Social Snap