მედიცინის მშრომელების მინიმალური ხელფასის ზრდა პოზიტიურია, მაგრამ არასაკმარისი

22 ნოე, 2022

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება შრომის სამინისტროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ოდენობა წესდება.

სახელმწიფოს აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფისა და შრომის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.[1] თუმცა, ეს ინიციატივა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჩართულ კლინიკებში დასაქმებულ სამედიცინო მუშაკებს  ეხებათ.

ცალსახად მისასალმებელია, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფოს მართვაში არსებულ კლინიკებთან ერთად, მინიმალური ხელფასი  განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჩართულ კლინიკებზეც, რაც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პირთა მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს.  კერძოდ, 2023 წლის პირველი იანვრიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა, ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს, რომლის თანახმადაც, ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით, თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს. ამასთან, მინიმალური ხელფასის ზრდა იქნება ეტაპობრივი და 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – ცხრა ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

სამწუხაროდ რეფორმა კვლავ უყურადღებოდ ტოვებს სამედიცინო მშრომელთა სხვა სისტემურ შრომით გამოწვევებს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა კერძო კლინიკაში დასაქმებულ სამედიცინო მშრომელებს. კერძოდ, კვლავ უყურადღებოდ რჩება სამედიცინო მუშაკების დაურეგულირებელი სამუშაო დრო და ზეგანაკვეთურ შრომა[2], ცვლაში მოსავლელი პაციენტების დაურეგულირებელი საშუალო რაოდენობა,[3] რომელიც პრაქტიკაში ბევრად აღემატება საერთაშორისო სტანდარტებს, სამედიცინო სექტორში დასაქმებულების ხელფასის მოპარვის უკანონო პანდემია[4] და სხვა შრომითი გამოწვევები, რომელიც პროფესიიდან და ქვეყნიდან კადრების გადინებას იწვევს.[5] მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეგულირების მიღმა რჩებიან ასევე, სანიტრები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში მუშაობენ.

სახელმწიფო ასევე, აგრძელებს ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასის არარსებობისა და სხვა სექტორის მშრომელთა უკიდურესად დაბალი ანაზღაურების საკითხის იგნორირებასაც.

მიგვაჩნია, რომ იმ სამედიცინო მუშაკების წრის გაფართოება, რომელთა მინიმალური ხელფასი ამჯერად რეგულირებული იქნება,  ღირსეული შრომის პლატფორმისა და წევრი ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი-სოლიდარობის ქსელის სისტემატური მუშაობისა და ადვოკატირების შედეგია.   დამოუკიდებელი პროფკავშირი წლებია, რაც ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული პირების დაბალ ანაზღაურებასა და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე საუბრობს და სახელმწიფოს ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს; ქვეყანაში მინიმალური ანაზღაურების სისტემის ამოქმედებას წინ უძღოდა ექთნებისა და სანიტრების პროფკავშირული ბრძოლა, სახელფასო ტარიფების მატებისა და შრომის პირობების გამოსწორების მიზნით.

აუცილებელია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებისა და ღირსეული ანაზღაურების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყოს არა ფრაგმენტული, არამედ სისტემური ხასიათის, რომელსაც რეალური გავლენა ექნება მედიცინის მუშაკების შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდაზე, რომელიც შემდგომ სხვა სექტორებში დასაქმებული პირების შრომითი გარემოს გაუმჯობესებაზეც აისახება.

ემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლატფორმა კიდევ ერთხელ მიესალმება სამედიცინო პერსონალის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრას და ამასთან ამ სექტორში დასაქმებული პირებისთვის რეალურად ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით მოითხოვს:

  • სახელმწიფომ, სამედიცინო სექტორის დამსაქმებლებთან ერთად, მუდმივად იზრუნოს ექიმების, ექთნებისა და სხვა მედიცინის მშრომელების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ტარიფების გადახედვაზე და მათი საცხოვრებელი ხელფასის ოდენობასთან დაახლოებაზე, რომელიც დღესდღეობით საქართველოში 1770 ლარს უტოლდება.
  • სსიპ “შრომის ინსპექციის სამსახურმა” პროაქტიულად შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებები, სექტორში ნორმალიზებული ხელფასის მოპარვისა და სხვა შრომითი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით;
  • საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს ექთნისა და პაციენტის რაოდენობის ზღვრულ თანაფარდობის სტანდარტები და უზრუნველყოს მისი პრაქტიკაში აღსრულების ზედამხედველობა. 

 

ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

  • ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;
  • პროფკავშირების ახალი გაერთიანება (NCIU).
  • ღია საზოგადოების ფონდი-საქართველო.

 

 

[1]  კოვიდ პანდემიის დროს დამოუკიდებელი პროფკავშირის-სოლიდარობის ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ექთნების საშუალო ხელფასი 250 ლარიდან 508 ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც არასაკმარისი იყო დასაქმებულების ბაზისური საჭიროებების დასაფარადაც კი. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი ფიქსირდება, რომელიც თვეში 774 ლარს უტოლდება, (საშუალო თვიური ხელფასი კი 1318 ლარს). შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული მინიმალური ხელფასი დაბალ ანაზღაურებაზე მომუშავე მშრომელებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გაუმჯობესება იქნება, თუმცა არასაკმარისი.

[2] https://shroma.ge/news/nurses/

[3] პანდემიის შემდეგ ერთ ექთანზე ცვლაში მოსავლელი პაციენტების საშუალო რაოდენობა, 11-19-დან, 15-24 პაციენტამდე გაიზარდა და მას შემდეგ არსებითად არ შემცირებულა, რაც ბევრად აღემატება საერთაშორისო სტანდარტებით ექთნისა და პაციენტის რაოდენობის ზღვრულ თანაფარდობას. Ordem do Enfermeiros. (2014, Maio 30). Norma Para O Cálculo De Dotações Seguras Dos Cuidados De Enfermagem. Retrieved from https://www.ordemenfermeiros.pt/media/8332/pontoquatro_norma_de_dotacoesseguras_dos_cuidados_de_enfermagem_ag_30_05_2014_aprovado_por_maioria_proteg.pdf

[4]  https://shroma.ge/news/wage-theft-report-launch/

[5]  https://www.facebook.com/watch/?v=1784305925263214

 

Share via
Copy link
Powered by Social Snap