შრომის ინსპექტირების პროცესის სანდოობა და ეფექტურობა – „ღირსეული შრომის პლატფორმამ“ ანგარიში გამოაქვეყნა

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 27, 2023
პუბლიკაციებიავტორი: ღირსეული შრომის პლატფორმა

რა ფაქტორები აბრკოლებს შრომის ინსპექციის საქმიანობის ეფექტურობასა და სანდოობას? როგორია ინსპექციასთან თანამშრომლობის გამოცდილება? ამ მიმართულებით არსებულ რეალობასა და პერსპექტივას ასახავს ანგარიში, რომელიც „ღირსეული შრომის პლატფორმამ“ 27 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ანგარიში „ღირსეული შრომის პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციებისა და მათი ბენეფიციარების კვლევას ეფუძნება. დოკუმენტში მათი გამოცდილებები და მთავარი გამოწვევებია გაანალიზებული. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს.

ანგარიშის პირველი ნაწილი განიხილავს შრომის ინსპექციის მიმართ ნდობის შემასუსტებელ იმ ფაქტორებს, რომელთა გამოც, შესაძლოა, დასაქმებულებმა ინსპექციისთვის მიმართვას თავი აარიდონ. კვლევა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია ინსპექტირების პროცესში მონაწილე დასაქმებულთა იდენტიფიცირებისგან დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, ინსპექციისთვის მიმართვის მოქნილი მექანიზმების დანერგვა, ინსპექტირების პროცესში დასაქმებულის თანასწორი და სამართლიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ანგარიშის მეორე ნაწილი უშუალოდ ინსპექტირების პროცესს ეთმობა. განხილულია საკითხები, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია შრომითი დარღვევების სრულყოფილი იდენტიფიცირებისა და დროული აღმოფხვრისათვის. კვლევა აჩვენებს, რომ საჭიროა რეინსპექტირებების რაოდენობათა გაზრდა, დასაქმებულთა სამუშაო ადგილის სპეციფიკის ინსპექტირების პროცესთან უკეთ ინტეგრირება, ასევე, დამსაქმებლისთვის დარღვევების აღმოსაფხვრელად გონივრული ვადების დადგენა.

კვლევა ორგანიზაციებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს ეფუძნება და ის არ მოიცავს შრომის ინსპექციის საქმიანობის სრულყოფილ შეფასებას, არამედ „ღირსეული შრომის პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციების, მათ შორის, ალტერნატიული პროფკავშირების გამოცდილებათა შეფასებაა.


„ღირსეული შრომის პლატფორმა“ არის არაფორმალური ერთობა, რომელიც დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებსა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს საქართველოს შრომითი პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნის იდეის გარშემო აერთიანებს.

Share via
Copy link
Powered by Social Snap