კულტურის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა და შრომითი დავების ანალიზი

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 4, 2023
ანგარიშიავტორი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით გამოაქვეყნა ანგარიში – „კულტურის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა და შრომითი დავების ანალიზი“. ანგარიში მომზადებულია საიას წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაყრდნობით.

ანგარიშის თანახმად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დაწყებულმა პროცესებმა ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო და ამასთან ერთად აჩვენა, რომ გადაწყვეტილებების მიზანი კულტურისა და მეცნიერების სფეროს კონტროლი და ცენზურაა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაიწყო მასშტაბური ცვლილებები და რეორგანიზაცია, რის გამოც  სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა.

ანგარიშში განხილული საქმეების ანალიზით დგინდება, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებიდან არასასურველი დასაქმებულების ჩამოშორება ხდება შრომის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით და მათ უფლებებში უხეში ჩარევით. მეტიც, ზოგიერთი მეცნიერის მიმართ დევნის პოლიტიკა გათავისუფლების შემდეგაც გრძელდება, რითაც მათ დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობა ერთმევათ.

არსებულ საქმეებში რამდენიმე სახის ტენდენციური ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა:

თითოეულ შემთხვევაში რეორგანიზაცია განხორციელდა არა საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად.

  • იმ დაწესებულებებში, საიდანაც საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირები გათავისუფლდნენ, კადრების ოპტიმიზაციის მიზნით შეფუთული რეორგანიზაციის შემდგომ არაერთი კონკურსი გამოცხადდა და უწყებებში ახალი კადრები დაინიშნნენ. არ არსებობს რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებების კანონიერად მიჩნევის წინაპირობები, არამედ ისინი დაეფუძნა პირად შეხედულებებს ან/და სხვადასხვა ნიშნით გამოხატულ დისკრიმინაციას.
  • რეორგანიზაციის ფარგლებში დაწესებულებებში შეიქმნა საკონკურსო კომისიები, რომლებსაც გასაუბრების საფუძველზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელ დასაქმებულთან გაგრძელდებოდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. კანონმდებლობის საპირისპიროდ, გასაუბრებაზე დასმული შეკითხვები მიმართული იყო კონკრეტული დასაქმებულის შეხედულებებსა და ქმედებებთან, რომლებიც არ უკავშირდებოდა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას ან ხარისხს. შემფასებელი კომისიის წევრთა უმრავლესობას დარგობრივად არავითარი შეხება არ ჰქონდა კულტურასა და მეცნიერებასთან.
  • გასაუბრებების დროს გამოვლინდა ფორმალური ხასიათის ხარვეზები. მათ შორის, კონკურსანტს არ მიეცა კომისიის კონკრეტული წევრის აცილების შესაძლებლობა და, მოთხოვნის მიუხედავად, ამასთან დაკავშირებით ვერც წერილობითი და ვერც ზეპირი პასუხი ვერ მიიღო. გასაუბრების დროს არ კეთდებოდა პროცესის ამსახველი ჩანაწერები და კომისია არც უშუალოდ თანამშრომელს აძლევდა უფლებას, თავად ჩაეწერა გასაუბრების მიმდინარეობა.
  • არც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და არც მის მმართველობაში შემავალი უწყებები არ გასცემენ ინფორმაციას/დოკუმენტაციას მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, რაც ხშირად დასაქმებულებისთვის ხელშემშლელი ფაქტორია დავის წარმოებისთვის.
  • გასაუბრებაზე თანამშრომლის გამოუცხადებლობა, არაერთი საყურადღებო გარემოებისა და მიზეზის მიუხედავად, ავტომატურად ფასდებოდა მის საწინააღმდეგოდ. შედეგად, დაწესებულება მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებდა.
  • საიას წარმოებაში არსებული 12 საქმიდან არცერთი მათგანი არ განხილულა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში. მათი უმრავლესობა გაუმართლებლად ჭიანურდება, რაც იწვევს მოსარჩელეთა უფლებების დარღვევის გახანგრძლივებას და, ხშირ შემთხვევაში, ასევე პრობლემას უქმნის სამსახურში აღდგენის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

 

 

 

 

 

 

Share via
Copy link
Powered by Social Snap