არაფორმალური საშინაო შრომა საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკების შუქზე

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 16, 2020
პუბლიკაციებიავტორი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებისა და მათი საჭიროებების გამოვლენა და აღნიშნული სექტორის ფორმალიზება ბევრი ქვეყნისთვის არის გამოწვევა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) არაფორმალურ ეკონომიკას განმარტავს როგორც ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც ასრულებს კონკრეტული პირი თუ ეკონომიკური ერთეული და რომელსაც არ ფარავს კანონი, აღიარებული პრაქტიკის მიღმა იმყოფება და არ აღიარებს სამართლებრივი ძალის მქონე შეთანხმებებს; ამასთან, არ მოიცავს უკანონო საქმიანობას.

კვლევების თანახმად, მსოფლიოს დასაქმებული მოსახლების თითქმის 61% – თითქმის 2 მილიარდი ადამიანი – არაფორმალურ ეკონომიკაშია ჩაბმული. თუ განვითარებულ ქვეყნებში არაფორმალური სექტორის წილი დაახლოებით 25%-ია, განვითარებად და ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 65-85%-ია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შრომის ბაზრის 49.2% არაფორმალურ სექტორსა და თვითდასაქმებულებს უჭირავს.

არაფორმალური დასაქმების მნიშვნელოვანი წილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საშინაო შრომაში დასაქმებულ ადამიანებზე მოდის. ILO-ს განმარტებით, საშინაო შრომა არის შრომა, რომელსაც დასაქმებული ერთ ან რამდენიმე შინამეურნეობაში ან შინამეურნეობისთვის ასრულებს და შეიძლება გამოიხატოს ბავშვებზე, ხანშიშესულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, შინაურ ცხოველებზე ზრუნვაში, სახლის დასუფთავებაში, საჭმლის მომზადებასა და სხვა ტიპის საქმიანობაში. დასაქმებული შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ ერთი, ან ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით. საშინაო შრომაში ჩაბმული ადამიანების რიცხვი მსოფლიოს მასტაბით 67 მილიონს აღწევს. აღსანიშნავია, რომ მათგან 80% ქალია. მსოფლიოს მასშტაბით, დასაქმებული ქალების 4% საშინაო შრომაშია ჩაბმული. სამწუხაროდ, შესაბამისი კვლევების სიმწირის გამო, საქართველოში საშინაო შრომაში ჩართული ადამიანების რაოდენობა უცნობია.

არაფორმალურად დასაქმების ნაკლოვანებები ყველაზე მძაფრად სწორედ საშინაო შრომაში დასაქმებულების მაგალითზე ჩანს. შრომითი ხელშეკრულებების არარსებობისა და ურთიერთობის სამართლებრივი მოუწესრიგებლობის პირობებში, საშინაო მშრომელები განსაკუთრებულად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფია. მინიმალური ანაზღაურება, დასვენებისა და შესვენების უფლების გარეშე ხანგრძლივი სამუშაო კვირა და შეზღუდული გადაადგილების უფლება, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა საშინაო შრომასთან დაკავშირებული გავრცელებული პრაქტიკებია.

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის პირობებში, საშიანო შრომაში დასაქმებული ადამიანების პრობლემები კიდევ უფრო მკაფიოდ და მწვავედ გამოიხატა. სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, საშიანო მშრომელები Covid-19 ინფექციის რისკჯგუფის წინა ხაზზე აღმოჩდნენ. ამასთან, შრომითი ხელშეკრულებების არარსებობის პირობებში, დასაქმებულებმა ვერ ისარგებლეს ბიულეტენის აღების შესაძლებლობით, უსაფრთხო შრომის, ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტისგან დაცვის გარანტიებითა თუ შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი მექანიზმებით. აღსანიშნავია, რომ საშინაო შრომაში დასაქმებული ადამიანების გამოვლენის პრობლემისა და არაფორმალურად დასაქმებულების მხრიდან შემოსავლის დაკარგვის ფაქტის დადასტურების სირთულის გამო, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფულადი დახმარებით კერძო ოჯახებში დასაქმებული ძიძებისა და მომვლელების, ისევე როგორც არაფორმალურად დასაქმებული სხვა ადამიანების დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს. 21 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფოს დახმარებისთვის 220 000-მდე არაფორმალურად დასაქმებულმა მიმართა, დახმარება კი მხოლოდ 55%-ზე გაიცა.

ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად აჩვენებს საშინაო შრომაში ჩაბმული ადამიანების გამოწვევების გააზრების მნიშვნელობას. სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების დანახვა, მათი პრობლემების გამოვლენა, საქმიანობის ფორმალიზების მიზნით საკანონმდებლო რეფორმების გატარება და აღსრულების მექანიზმების შემუშავება ქვეყანაში ღირსეული შრომის დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივ დონეზე იმის გააზრება, რომ არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმება არა არჩევანი, არამედ ფორმალურ ეკონომიკაში შესაძლებლობებისა და საარსებო წყაროს სხვა საშუალების არარსებობის შედეგია.

წინამდებარე ტექსტის მიზანია საშინაო შრომის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტებისა და ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების მოკლე მიმოხილვა.

დოკუმენტი მომზადებულია ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.

Share via
Copy link
Powered by Social Snap