„სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა,“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, კვლევა – „შრომის ინსპექციის სამსახურის
გამჭვირვალობის შეფასება“ გამოაქვეყნა.
კვლევის მიზანია შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შეფასება, არსებული გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევა აანალიზებს, თუ რა ინფორმაციას ამუშავებს/არ ამუშავებს შრომის ინსპექციის სამსახური, რამდენად არის გამოქვეყნებული ინფორმაცია მომხმარებელზე ორიენტირებული და რამდენად სრულყოფილია გაცემული საჯარო ინფორმაცია. ანგარიშის ავტორები აიდენტიფიცირებენ რიგ ხარვეზებსა და გამოწვევებს.მათ შორის:
- ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ პასუხობს დაინტერესებული პირის მოთხოვნას;
- გამოიკვეთა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის მასალებს, ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კი დიდი მნიშვნელობა აქვს თავად დაზარალებულის ან/და მისი ოჯახის წევრებისთვის;
- ინსპექციამ არ გასცა ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა ხელფასების, პრემიების, სამივლინებო ხარჯების, ინსპექციის საკუთრებაში არსებული
- მანქანების სიასა და საწვავის მოხმარების აღრიცხვის შესახებ მონაცემებს; შრომის ინსპექციის სამსახურის ბიუჯეტი, სახელმწიფო შესყიდვებსა და ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია სამსახურის ვებგვერდზე არ არის წარმოდგენილი;
ამასთან, შემოთავაზებულია რეკომენდაციები გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად.
შრომის ინსპექციის სამსახური გადამწყვეტ როლს ასრულებს შრომის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებასა და მშრომელთა უფლებების დაცვაში. მისი მუშაობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აუცილებელია სათანადო საზოგადოებრივი ზედამხედველობისთვის – კერძოდ, უწყების ეფექტურობის შესაფასებლად, სამუშაო ადგილის პირობების დამოუკიდებლად მონიტორინგისთვის და არსებული ტენდენციებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებისთვის.