შრომითი ურთიერთობები და სოციალური დაცვა პანდემიის დროს – საქართველოს შესახებ ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 11, 2020
პუბლიკაციებიავტორი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

საქართველოში COVID 19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დაახლოებით ერთ თვეში, 21 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად დაწესდა ეკონომიკური შეზღუდვები, ეპიზოდურად შეწყდა ქალაქებს შორის მიმოსვლა, ჩაიკეტა სახელმწიფო საზღვრები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის ვადით შეიზღუდა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები. შეჩერდა ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა ამავე დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა, რაც სურსათის საცალო რეალიზებას, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას და სამედიცინო პროდუქტის რეალიზებას უკავშირდებოდა. ეკონომიკური შეზღუდვები შეეხო კულტურულ დაწესებულებებს – თეატრებს, კინოთეატრებს, სპორტულ ღონისძიებებს – და ტურიზმზე დამოკიდებულ სექტორებს. ასევე შეიზღუდა რესტორნების, კვების ობიექტების, გასართობი დაწესებულებების საქმიანობა და მხოლოდ ე.წ. „დრაივ“ მომსახურება დაიშვა. 30 მარტის ცვლილებით, ეკონომიკური საქმიანობის უფლება მიეცათ საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორს, ასევე დასაშვები გახდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, საგადასახადო სისტემის ოპერატორების საქმიანობა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სხვა ეკონომიკური საქმიანობები. მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელების უფლება მიეცათ უმსხვილეს სამთომოპოვებით კომპანიებს, ინდუსტრიულ საწარმოებს რუსთავში, სამკერვალო ფაბრიკებს, ტელეკომუნიკაციების კომპანიებს. ამავე ცვლილებებით, ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იქნა სამაცივრე და სასათბურე მეურნეობებთან, საბაჟო საწყობებთან, სამელიორაციო და საირიგაციო სისტემებსა და სხვა მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობები.

დაწესებული შეზღუდვების გამო, დასაქმების ადგილებს, განსაკუთრებით, ტურიზმისა და სერვისის სექტორში, მომხმარებელთა ოდენობა საგრძნობლად შეუმცირდა. დამსაქმებელთა უმეტესობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა კრიზისს, მწირი მატერიალური რესურსებითა და დასაქმებულებთან სუსტი საკომუნიკაციო არხებით.1 ეკონომიკური საქმიანობის გადარჩენის ნათელი გეგმის არარსებობას, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ფრაგმენტული და არათანმიმდევრული დახმარებები დაემატა. კომპანიების დიდმა ნაწილმა უსახსრობის გამო ვერ მოახერხა დასაქმებულების შენარჩუნება; ნაწილმა სახსრების დაზოგვის მიზნით მასობრივად დაითხოვა თანამშრომლები, შეამცირა ან უარი თქვა ხელფასების გადახდაზე. სახელმწიფოს მიმდინარე კრიზისზე ეფექტიანად რეაგირებისთვის აუცილებელი მშრომელთა დაცვის ინსტრუმენტები არ აღმოაჩნდა. საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უფლებების დარღვევამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არაფორმალურად დასაქმებულებიც. მათი განსაკუთრებული მოწყვლადობა შრომითი კანონმდებლობისა და სოციალური დაცვის გარანტიების არქონამ განაპირობა. გარდა ამისა, კრიზისმა კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ფლობდეს ინფორმაციას არაფორმალური მშრომელების მასშტაბის და მათი გამოწვევების შესახებ, რათა უფრო ეფექტიანად შემუშავდეს სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმები და სოციალური საფრთხეებიც მიზნობრივად განეიტრალდეს.

საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად მოუმზადებელი შეხვდა პანდემიის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს. პანდემიის პირობებში სახელმწიფო პოლიტიკა და ინსტიტუტები მზად არ იყო დაზარალებული ადამიანებისა და ოჯახებისთვის სისტემური სოციალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. სახელმწიფო დონეზე შემუშავებული ანტიკრიზისული სოციალური პოლიტიკა კი, საკმარისი არ იყო საგრძნობლად შემცირებული შემოსავლით თუ უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანებისთვის სოციალური უსაფრთხოება უზრუნველეყო.

შესაბამისად, პანდემიით შექმნილმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო საქართველოში შრომისა და სოციალური დაცვის პოლიტიკების ფუნდამენტური ხარვეზების სიღრმისეული ანალიზის აუცილებლობა.

ანგარიში დაყოფილია ხუთ თავად. პირველ თავში მოცემულია ანგარიშის ძირითადი მიგნებები. მეორე თავი ეხება კრიზისის გავლენას ფორმალურად დასაქმებულ მშრომელებზე და აანალიზებს უფლებების დარღვევების გარვცელებულ პრაქტიკებს და უფლებების მასობრივი დარღვევის ფონზე შრომის კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის ჩავარდნებს. მესამე თავი საქართველოში არაფორმალური დასაქმების სტრუქტურას, არაფორმალურად დასაქმებულების სოციალურ და ეკონომიკურ მოწყვლადობას და სახელმწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში მათი საჭიროებების იგნორირების სავალალო შედეგებს მიმოიხილავს. მეოთხე თავი აფასებს სოციალური დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს და კრიზისის შუქზე გააანალიზებს სოციალური დაცვის არსებული სისტემის ხარვეზებს, რამაც, ერთი მხრივ, კრიზისის მიმართ მოსახლეობის მოუმზადებლობა და დაუცველობა განაპირობა, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო კრიზისთან გასამკლავებლად აუცილებელი სოციალური დაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტების გარეშე დატოვა. ბოლო, მეხუთე თავი კი, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ ზოგად რეკომენდაციებს ეთმობა.

პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.

Share via
Copy link
Powered by Social Snap