შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში – სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 7, 2022
პუბლიკაციებიავტორი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

2022 წლის 7 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამართა კვლევის – „შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში – სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები“ –  პრეზენტაცია.

კვლევის მიზანია საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგი. კვლევის ფარგლებში განხორციელდა: ა) საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებთან; ბ) სამიზნე საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; გ) საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამის სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; დ)  სოციოლოგიური კვლევა (თვისებრივი და რაოდენობრივი).

კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები: ა) სამუშაო დრო და დასვენების დრო; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაო და სახელფასო დანამატი; გ) არასრულ (ნახევარ) განაკვეთზე მუშაობა; დ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და მისი ანაზღაურება; ვ) პროფესიული განვითარების გამო შვებულება; ზ) შრომითი უფლებები კარიერის მართვის პროცესში (დროებითი ფუნქციების დაკისრება; საკუთარი ფუნქციებისგან გათავისუფლება და სხვა ფუნქციების დაკისრება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა); თ) პროფესიული კავშირები.

კვლევა მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს, რა დროის განმავლობაშიც სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 4136 (სამინისტროები-1934, თვითმმართველი ქალაქების მერიები-2202) საჯარო მოსამსახურე.

პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.

Share via
Copy link
Powered by Social Snap