მოპარული ხელფასი საქართველოში – შრომითი უფლებების დარღვევის ფინანსური გავლენა მშრომელებზე

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 22, 2022
პუბლიკაციებიავტორი: ღირსეული შრომის პლატფორმა

ხელფასის მოპარვა საქართველოში შრომითი უფლებების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე სისტემურ და შეფარულ ფორმას წარმოადგენს.

მოპარული ხელფასი, დამსაქმებლის მიერ, მშრომელისთვის კუთვნილი შრომის ანაზღაურების არ გადახდას წარმოადგენს და დასაქმებულისთვის კუთვნილი ნებისმიერი ანაზღაურების უკანონოდ მითვისებაში ან/და არასრულ ანაზღაურებაში შეიძლება გამოიხატებოდეს, ასეთი შეიძლება იყოს: აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, გადაუხდელი ჩაის თანხა (tips), ხელფასის უკანონო დაქვითვა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს კუთვნილი კომპენსაციის არგადახდა და სხვა.

მიუხედავად, საქართველოში ხელფასის მოპარვის ფორმების მრავალფეროვნებისა და მის მასშტაბურობასთან დაკავშირებით სხვადასხვა არაპირდაპირი მონაცემების არსებობისა, ქვეყანაში მოპარული ხელფასის პრაქტიკისა და მისი სისტემურობის შეფასების მიზნით დეტალური კვლევები არ ჩატარებულა, და ამ მიმართულებით სიტუაციის შეფასება ძირითადად არაპირდაპირ წყაროებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი, რომელიც სხვადასხვა სექტორში არსებულ შრომითი უფლებების დარღვევას, მოპარული ხელფასის შემოყვანით, მშრომელთათვის მიყენებულ ეკონომიკურ ზიანად თარგმნის.

ხელფასის მოპარვა, არსებითად შრომითი უფლებების დარღვევის ეკონომიკური განზომილებაა, და შესაბამისად, დამსაქმებლის მხრიდან სხვადასხვა შრომითი უფლებების დარღვევის მაჩვენებელია.

საქართველოს შრომით კულტურაში ამ უკანონო პრაქტიკის ნორმალიზების გათვალისწინებით, დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხელფასის მოპარვის კონკრეტული ფორმები ისეთივე სიმძიმის „დანაშაულად“ (უკანონობად) არ აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი ეკონომიკური დანაშაულები, (მაგ. ქურდობა), მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად იმავე ზიანის გამომწვევი შეიძლება იყოს მშრომელისთვის, რამდენადაც დასაქმებულებს ხელფასის მოპარვის უკანონო პრაქტიკის გამო, თვის ბოლოს, სახლში სრულად ვერ მიაქვთ ის კუთვნილი ანაზღაურება, რომელიც მათ გაწეული შრომის სანაცვლოდ უნდა მიეღოთ.

ანგარიშის მიზანია მიმოიხილოს საქართველოში მოპარული ხელფასის ძირითადი ფორმები, დასაქმების სხვადასხვა სექტორში არსებული ხელფასის მოპარვის შეფარულ პრაქტიკებზე მითითებით, შეაფასოს საქართველოს შრომითი კანონმდებლობის მიმართება ხელფასის მოპარვასთან დაკავშირებით, ასევე გამოკვეთოს ის ძირითადი სახელმწიფო მექანიზმები თუ უწყებები, რომლებსაც გააჩნიათ მანდატი ან/და შესაბამისი ინსტრუმენტები საქართველოში მოპარული ხელფასის პრაქტიკის აღმოფხვრის და მისი პრევენციის მიზნით.

ამასთან ერთად, ანგარიში წარმოადგენს ღირსეული შრომის პლატფორმის ონლაინ ინსტრუმენტის, მოპარული ხელფასის გამომთვლელის ძირითად მიგნებებს, რომელიც დასაქმებულთა თვით-აღქმაზე დაფუძნებით დეტალურად აღწერს საქართველოში გავრცელებულ ხელფასის მოპარვის ფორმებსა და ტენდენციებს.

ანგარიშის ბოლოში წარმოდგენილია დასკვნა და რეკომენდაციები, რომლებიც მოპარული ხელფასის გამომთვლელის მიგნებებსა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით სახავს კონკრეტულ სტრატეგიულ ხედვას, საქართველოში ხელფასის მოპარვის პანდემიასთან საბრძოლველად სისტემური სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩოს შექმნისა და სამუშაო ადგილებზე ხელფასის მოპარვის პრევენციის მიზნით, რათა ხელი შეეწყოს ისეთი შრომითი კულტურის ჩამოყალიბებას სადაც დასაქმებულებს შეუძლიათ სახლში სრულად წაიღონ მათთვის კუთვნილი თითოეული ლარი.

Share via
Copy link
Powered by Social Snap