„ვოლტის“ კურიერთა აპლიკაციაზე წვდომის უვადო შეზღუდვა დისკრიმინაციული მოპყრობაა

31 მარ, 2023

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას ვოლტის კურიერთა აპლიკაციაზე წვდომის უვადო შეზღუდვის შესახებ და მოუწოდებს კომპანია „ვოლტს“, არ შეუწყვიტოს აპლიკაციასთან წვდომა გაფიცულ კურიერებს, რადგან აღნიშნული ქმედება, განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს.

ორ თვიანი საპროტესტო აქციებისა და შრომის უფლების დასაცავად, სამართლებრივი თუ სხვა მექანიზმების უშედეგო გამოყენების შემდეგ, 29 მარტს, კურიერებმა უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყეს. მათი მოთხოვნებია ანაზღაურების ინდექსაცია არსებული ინფლაციის გათვალისწინებით,  ჯანმრთელობის დაზღვევა, შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირება და სხვა საბაზისო და ელემენტარული პირობების შექმნა, ღირსეული შრომისათვის.

აღნიშნულზე პასუხად, კომპანიამ რამდენიმე კურიერს უვადოდ შეუზღუდა აპლიკაციაზე წვდომა.

შევახსენებთ „ვოლტს“ რომ სხვა კომპანიის ანალოგიური ქმედება სახალხო დამცველის მიერ უკვე შეფასდა შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტად და მოვუწოდებთ მათ, აღადგინონ ყველა კურიერის წვდომა აპლიკაციის სისტემასთან;

ასევე მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ გამართონ სამედიაციო შეხვედრა კურიერების დიდ ჯგუფთან და დააკმაყოფილონ კურიერთა მოთხოვნები საბაზისო შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად!

Share via
Copy link
Powered by Social Snap