სასტუმროს ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომითი პირობების საბაზისო კვლევა
„ღირსეული შრომის პლატფორმამ“ 2023 წლის თებერვალში სასტუმროს სფეროში დასაქმებულთა შრომითი პირობების შესახებ კვლევის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიზანი საქართველოში საცხოვრებელი ხელფასის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე არსებული დაბალი ხელფასების პრობლემის პოლიტიზება და გამოსავალზე მსჯელობა გახლდათ.
საბაზისო კვლევაში მაღალი კლასის სასტუმროებში დასაქმებული 30 რესპონდენტი მონაწილეობდა, რომლებთან ჩატარდა ინტერვიუები. ამასთან ერთად, კვლევა ეყრდნობა ღირსეული შრომის პლატფორმის მიერ შემუშავებული მექანიზმის- „მოპარული ხელფასის გამომთვლელის“, მონაცემებს, რომელიც სასტუმროს სექტორში დასაქმებული 214 ადამიანის ინფორმაციას ეყრდნობა. „მოპარული ხელფასის გამომთვლელი“ კვლევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ კვლევამ ასევე შეისწავლა შრომის ინსპექციის ანგარიშები და სასტუმროების მიერ საჯაროდ განთავსებული ვაკანსიებიც.
კვლევის შედეგების ზოგადი სურათი მძიმეა. ჩვენ მიერ გამოკითხული დასაქმებულების ხელფასი 740 ლარიდან 1450 ლარამდე მერყეობს და გამომდინარე აქედან, სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 910 ლარი გამოდის. თითქმის იგივეა „მოპარული ხელფასის გამომთვლელის“ საშუალებით დათვლილი საშუალო ხელფასიც – 930.50 ლარი. ორივე შემთხვევაში მედიანური ხელფასი ბევრად ჩამოუვარდება საქართველოში საცხოვრებლად აუცილებელი ხელფასის ოდენობას, რომელიც Wage Indicator Foundation-ს 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 1770 ლარს შეადგენს.
„მოპარული ხელფასის გამომთვლელზე“ დაყრდნობით ცხადი გახდა, რომ სასტუმროს სექტორში დამსაქმებლები ხელფასის მოპარვის აღიარებული ფორმებიდან, მინიმუმ ერთ ფორმას მაინც იყენებენ და ამით, დასაქმებულებს აკლებენ კუთვნილ ხელფასს (ხელფასის მოპარვა). ამის შესახებ ჩვენი მექანიზმით, „მოპარული ხელფასის გამომთვლელით“ მოსარგებლე დასაქმებულთა 89.7% აცხადებს.
გამოკითხულთა 83% აცხადებს, რომ მათი ხელფასი არ ფარავს საცხოვრებლად აუცილებელ ხარჯებს. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ სასტუმროს სექტორში დასაქმებულთა 90%-თვის ეს სამუშაო არის შემოსავლის მთავარი (ერთადერთი) წყარო.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა კვირაში 46 საათს მუშაობს. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას – ამ სექტორში დასაქმებულთა 26%-მა განაცხადა, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო მეორე 1/3 კი აცხადებს, რომ „არ აქვთ ინფორმაცია“ დაზღვევის შესახებ.
ხელფასის მოპარვა
„მოპარული ხელფასის გამომთვლელის“ მიხედვით, სასტუმროს სექტორში ხელფასის მოპარვის ყველაზე გავრცელებული ფორმა სამუშაო დროის მიღმა მუშაობაა, რაც დამსაქმებელს არ შეყავს სამუშაო საათების საერთო რაოდენობაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა, დაახლოებით, 73%-მა აღნიშნა სამუშაო დროის მიღმა, აუნაზღაურებდი შრომის ერთი ფორმის შესახებ მაინც, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული, დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, სამუშაო ადგილზე ადრე მისვლისა, ან გვიანობამდე დარჩენის ფაქტებია.
„მოპარული ხელფასის გამომთვლელის მიხედვით“ სასტუმროს სექტორში დასაქმებულთა, დაახლოებით, 40% აღნიშნავს, რომ ზეგანაკვეთური შრომა საერთოდ არ უნაზღაურდებათ, ხოლო 86% აცხადებს, რომ მათ წერილობით ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების პირობა, რაც კანონის სავალდებულო მოთხოვნაა.
კვლევის შედეგები აჩვენებს დასაქმებულთა შვებულების უფლების დარღვევასაც.
გამოკითხულთა 56.2% აცხადებს, რომ მათ ანაზღაურებადი შვებულება იმაზე ნაკლები ვადით გამოიყენეს, ვიდრე ეს მათ ეკუთვნოდათ, 38% კი ამბობს, რომ მათ საერთოდ არ გამოუყენებიათ ანაზღაურებადი შვებულება.
დაბოლოს, გამოკითხულთა 55.2% ამბობს, რომ დამსაქმებლების მიერ შეგროვებულ ჩაის თანხას ვერ იღებენ, რის გამოც, საშუალოდ, თვეში 236 ლარს კარგავენ.
პლატფორმა იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის აღნიშნული კვლევა საფუძველს დაუდებს სასტუმროებსა და სასტუმროს სექტორში დასაქმებულებთან თანამშრომლობას, რათა წახალისდეს ამ სექტორში დასაქმებულებისთვის უკეთესი ხელფასები და სამუშაო პირობები.
პროექტი დაფინანსებულია „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ მიერ. საცხოვრებელი ხელფასის შესახებ მეტი იხილეთ აქ.